Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დაფუძნდა “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა”


დღეს კიევში გაიმართა სახელმწიფოთა ახალი ალიანსის დამფუძნებელი ფორუმი. ალიანსის სახელწოდებაა “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა”

და მას რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუნდაც იმ გარემოებით ჩანს, რომ ფორუმში 9 ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო საქართველოც პრეზიდენტიც. ის არა მარტო მონაწილეობდა დღევანდელ შეკრებაში, არამედ “დემოკრატიული არჩევანის თანმეგობრობის” ინიციატორია უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად. “რადიო თავისუფლების” გუშინდელ გადაცემაში უკვე შეგახსენეთ, რომ ახალი თანამეგობრობის ჩამოყალიბების იდეა პირველად აგვისტოში, ბორჯომში გამოთქვა მიხეილ სააკაშვილმა. დღეს კი ამ იდეას ხორცი შეესხა.

დღევანდელ ფორუმზე კიევში გამუდმებით ისმოდა ორი სიტყვა - თავისუფლება და დემოკრატია, ვინაიდან ახალი ალიანსი, “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა”, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას ემსახურება. უკრაინის პრეზიდენტმა ასე განსაზღვრა კიევში გამართული ფორუმის მიზანი:
[იუშჩენკოს ხმა] “დღევანდელი ფორუმი იმართება ბალტიის ზღვის რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის ახალი ფორმატის შესაქმნელად. ურთიერთქმედების - უფრო ზუსტად პერმანენტული დიალოგის - ეს ფორმატი ეფუძნება საერთო სურვილს, ევროპის კონტინენტის ჩვენი ნაწილი გარდავქმნათ დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის არეალად”.

ეს სურვილი რომ მრავალ ქვეყანას აქვს, კიევის ფორუმზე წარმოდგენილი სახელმწიფოების სიმრავლითაც ჩანდა: მასში 23 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის 9 პრეზიდენტი.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენი რიცხვი სულ უფრო მატულობს - სულ უფრო მეტი პრეზიდენტი, სულ უფრო მეტი ქვეყანა, სულ უფრო მეტი ლიდერი იყრის თავს, რათა ჩამოაყალიბოს ევროპის სრულიად ახლებური ხედვა,” - ეს სიტყვები კიევის ფორუმზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოთქვა.

ფორუმს თვალს ადევნებდა ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი ვიქტორ მენიაილო. მას ტელეფონით დავუკავშირდით და განხილული საკითხებიდან, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა ვთხოვეთ.

[ვიქტორ მენიაილოს ხმა] “ვიქტორ იუშჩენკომ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა სამ საკითხზე: “სუამ”-სთვის რეალური ამოცანების მინიჭებასა და მისი შემადგენლობის გაფართოებაზე, აგრეთვე ე.წ. “გაყინული კონფლიქტების” მოგვარებაზე. მან ილაპარაკა ევროკავშირისა და ამერიკის გააქტიურებაზე დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარებაში და აღნიშნა, რომ იგივე უნდა მოხდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოეთში. და მესამე - თქვა, რომ ევროკავშირმა ხშირად უნდა განაცხადოს, რომ მისი კარი ღიაა ახალი წევრებისათვის. დაბოლოს მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის ქვეყნები მომავალშიც უერთგულებენ დემოკრატიას ევროპის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”.

ყველა ეს საკითხი უდავოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ... მართლაც საჭიროა მათზე სამუშაოდ ახალი ალიანსის - “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის” შექმნა? უკრაინაც, საქართველოც ხომ სხვა ალიანსებშიც არიან გაწევრიანებული - თუნდაც “სუამ”-ში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში? არის მოსაზრებაც, რომ ახალი ალიანსი - ერთგვარი “ნარინჯისფერი დსთ” არის, რომელიც აპირებს მშვიდობიანი რევოლუციების ექსპორტს და რუსეთის წინააღმდეგ იმოქმედებს.

მართლაც ასეა თუ არა? ამ და რამდენიმე სხვა შეკითხვით მივმართეთ საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს, თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს აკაკი მინაშვილს. ის კიევში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმში, რომელიც სწორედ “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის” დაფუძნებას მიეძღვნა. მაშ ასე, ლაპარაკია რეგიონში თავისუფლებისა და დემოკრატიზაციის დაცვაზე, საჭიროა საამისოდ ახალი ალიანსის შექმნა? აკაკი მინაშვილის პასუხი: {ინტერვიუ აკაკი მინაშვილთან: იხ. აუდიოვერსია}
XS
SM
MD
LG