Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ ახალი საპენსიო კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა


საქართველოში 2006 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს საპენსიო რეფორმა, პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემის სისტემა. ახლა, როდესაც ამ სისტემის ამოქმედებამდე სულ

რაღაც 1 თვე რჩება, საქართველოს მთავრობამ მისი შეჩერება გადაწყვიტა. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში 2 დეკემბერს დაიწყო, ქართველ პენსიონერთა დიდი უმრავლესობა კვლავ უნიფიცირებულ პენსიას მიიღებს. ამის წინააღმდეგ გამოდის საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო მიტინგი გამართა.

[ისმის მიტინგის ხმა]

საქართველოს პარლამენტის წინ ასეთი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ბოლო ორი წელია თვალით არავის უნახავს. აქ დღის 12 საათზე დაახლოებით ხუთი ათასი მოქალაქე შეიკრიბა. მათ შორის უმრავლესობა პენსიონერები არიან, რომლებიც ახალ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. მე რამდენიმე მათგანს გავესაუბრე და ვკითხე, თუ რა არ მოსწონთ ხელისუფლების ახალ საპენსიო პოლიტიკაში.

[ფურუდინ მამედოვის ხმა] ”28 მანეთად როგორ ვიცხოვრო, ჰა? ... 40 წელიწადი მიმუშავნია. ზოგს კიდევ არ უმუშავია და იმასაც 28 აქვს და მეც. 115-120 უნდა იყოს მაინც, რომ ვიცხოვრო. ლოტკინზე ვცხოვრობ, იქიდან ფეხით ჩამოვედი.”

თუ ეს ბატონი - ფურუდინ მამედოვი - პარლამენტის წინ თბილისის ”ლოტკინის” დასახლებიდან მივიდა ხელისუფლებამდე თავისი ხმის მისაწვდენად, კიდევ ერთი პენსიონერი, ავთანდილ მენთეშაშვილი, ლაგოდეხის რაიონიდან ჩამოვიდა.

[ავთანდილ მენთეშაშვილის ხმა] ”იმას მოვითხოვთ, რომ ხალხს მიხედონ, ხალხს, პენსიონერებსა. დაუნიშნონ ისეთი პენსია, რომ სამარცხვინო არ იყოს - აი, ამას მოვითხოვ, რა უნდა მოვითხოვო სხვა. 28 ლარი მე პურის ფულადაც არ მყოფნის. რა ვქნათ ჩვენა, როგორ ვიარსებოთ?..”

ამ და სხვა კითხვებით საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილ მოქალაქეებს ხელისუფლებამ, აი, ასეთი პასუხი გასცა. შრომის, ჯანრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის განცხადება:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] ”ეს არის გარკვეული ძალების მიერ ხელოვნურად მოწყობილი აქციები, ვინაიდან არანაირი საფუძველი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ასეულ პრივილეგირებულ პენსიონერს, რომლებიც, მართლაც, კარგავენ ათასობით ლარს თავისი პენსიისა, სხვა არანაირი საფუძველი არ არსებობს. ქართველი პენსიონერების 99 პროცენტს, 800 ათასზე მეტ პენსიონერს, პენსია ემატება და მათ ეს ძალიან კარგად იციან.”

პენსიონერებმა ეს, მართლაც, კარგად იციან, თუმცა ისინი ხელისუფლებისგან სხვა რამეს მოითხოვენ. კერძოდ კი, 2004 წლის იანვარში დროებით, 2006 წლის პირველ იანვრამდე, შეჩერებული საპენსიო კანონის ამოქმედებას. იგი ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მიიღეს, კობა დავითაშვილისა და მისი მომხრეების აქტიური საპროტესტო მოძრაობის შედეგად. ახლა დავითაშვილს კიდევ უწევს საპროტესტო მიტინგებზე გამოსვლა, რათა წინ აღუდგეს კანონის საერთოდ გაუქმების მცდელობას.

შეგახსენებთ, რომ პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნის შეჩერებას საქართველოს მთავრობა იმ კანონით ცდილობს, რომელიც პენსიონერების 99 პროცენტისთვის უნიფიცირებულ პენსიას აწესებს.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”თუ ჩვენ მივაღწიეთ, რომ ეს კანონი არ იქნა მიღებული, მაშინ ავტომატურად ამოქმედდება კანონი პენსიების სტაჟის და დამსახურების მიხედვით გაცემის შესახებ და უკვე იანვრიდან იქნება პენსიები სტაჟის და დამსახურების მიხედვით...”

უნიფიცირებული პენსიის გარდა,მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის განხილვაც დაძაბული კამათისა და დაპირისპირების ფონზე საპარლამენტო კომიტეტებში 2 დეკემბერს დაიწყო, ქალბატონების საპენსიო ასაკიც იზრდება, 60-დან 65 წლამდე. იგი სამართლიან საპენსიო სისტემას, ანუ პენსიას დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით, მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის წევრების, ასევე პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის აწესებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG