Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ინვალიდთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა


ინვალიდთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები წელსაც ძველი პრობლემებითა და ხელისუფლების მიმართ დაუფარავად

გამოხატული პრეტენზიებით შეხვდებიან. შარშან მიღებული გამოცდილების შემდეგ, ინვალიდები თავიანთი სატკივრის საჯარო ტრიბუნად აღარ გამოიყენებენ მაღალი სახელისუფლებო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიას. 2004 წლის 3 დეკემბერს პრეზიდენტის კანცელარიის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ინვალიდები საპატრულო პოლიციამ დაშალა. მას შემდეგ გასული სრული ერთი წლის მანძილზე, შეიძლება ითქვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში, გარკვეულწილად, დამძიმდა კიდეც.

3 დეკემბერი ინვალიდთა საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1992 წელს გამოაცხადა. ინვალიდებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესები გაერომ 1993 წლის 30 ოქტომბრის რეზოლუციაში ასახა. მოგვიანებით - კერძოდ, 1995 წელს - საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთათვის სპეციალური კანონიც ამოქმედდა.

[ვახტანგ ჯორჯიკიას ხმა]“ მერე გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება, მერე გამოვიდა ვეტერანების შესახებ ბრძანებულება პრეზიდენტის, მერე აღდგა 2000 წელს ინვალიდთა უფლებები, მერე, 2002 წელს, შევქმენით საკოორდინაციო საბჭო პრეზიდენტთან. აი, ნახეთ რამდენი დოკუმენტია საკვანძო.“

ვახტანგ ჯორჯიკიას მიერ ხსენებული საკვანძო დოკუმენტების ნუსხა, ცხადია, მხოლოდ ამ ჩამონათვალით არ ამოიწურება, მაგრამ ფაქტი მაინც ჯიუტია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკანონმდებლო უფლებები და შეღავათები ან არ მუშაობს, ან იმგვარადაა ფორმულირებული, რომ ამ ადამიანებს არც ცხოვრების პირობებს უმსუბუქებს და არც მათ სოციალურ ინტეგრირებას უწყობს ხელს. არადა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები პრივილეგიას კი არა, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღიარებას და მათი მდგომარეობისადმი ადეკვატურ დამოკიდებულებას ითხოვენ. კერძოდ, ეს ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირებას, სპეციალური პანდუსების მოწყობას, სპეციალური შუქნიშნების ამოქმედებას და სხვა ელემენტარულ საჭიროებებს, ისევე როგორც იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის განახლებას, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავდნენ ინვალიდებთან სახელმწიფოს ურთიერთობის პოლიტიკას. ასეთი ინსტიტუტები იყო ქვეყნის პარლამენტში ინვალიდთა საკითხებზე მომუშავე ქვეკომიტეტი და პრეზიდენტთან არსებული ეროვნული საკოორდინაციო საბჭო.

[ალიკა სტეპანიანის ხმა]“ ხელისუფლება, ჩემი აზრით, რევოლუციის შემდეგ პერიოდში გახდა უფრო მიუწვდომელი. ეს აშკარად ჩანს. რაღაც იმედებს ვამყარებდით ჩვენს ახალ ხელისუფლებაზე, ჩვენ გვეგონა დამყარდება რაღაც სოციალური სამართლიანობა - ვგულისხმობ ჩვენს სფეროს, სოციალურ სფეროს.“(სტილი დაცულია)

ალიკა სტეპანიანი, ძირითადად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისამართით გამოთქვამს საყვედურს. თავად სამინისტრო კი 2006 წლიდან უმწეოთა დახმარების პროგრამის პარალელურად იწყებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის პროგრამასაც, რომელიც, ძირითადად, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ცენტრების განვითარებას ითვალისწინებს. პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იმ ოჯახებს დაეხმარება, რომლებმაც მატერიალური სიდუხჭრის გამო გადაწყვიტეს შვილების ინსტიტუციურ დაწესებულებაში ჩაბარება.
არის კიდევ ერთი სიახლე: მომავალი წლიდან მესამე ჯგუფის ინვალიდობა და მისთვის დაწესებული პენსიები და შეღავათები გაუქმდება. ჯანდაცვის მინისტრი ამის მიზეზად მესამე ჯგუფის ყალბ ინვალიდთა სიმრავლეს ასახელებს და მართლა ინვალიდებს მეორე ჯგუფში გადაყვანას უპირებს. ეს ცვლილება ინვალიდთა შემწეობის ოდენობის ზრდაზე პირდაპირ არ იმოქმედებს. არადა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები სოციალურ შეღავათებს სასიცოცხლოდ საჭიროებენ.

[მოქალაქის ხმა]“ ტრანსპორტზე შეღავათები, მეტროზე შეღავათები, შეღავათები სოციალურ რამეებზე – გაზი იქნება ეს, ელექტრობა იქნება. ან უნდა იყოს პირიქით – შეიძლება არც ერთი შეღავათი არ იყოს, მაგრამ მაშინ პენსიები და ხელფასები ისეთი რაოდენობით უნდა იყოს, რომ... ჩვენ წინათ შეღავათებს არ ვითხოვდით. ჩვენ ამას ყველაფერს ვიხდიდით, იმიტომ რომ გვქონდა ამის სათანადო შემოსავალი. დღეს შემოსავალი არ არი და არც შეღავათები აღარ არი.“(სტილი დაცულია)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს საქართველოში უკიდურესად უჭირთ. ისინი დაუფარავად აღიარებენ, რომ, სოციალური გაჭირვების გარდა, სოციალური დისკრიმინაციის ზღვარზეც იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG