Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი ვიდრე გასული კვირის პრესიდან რამდენიმე სტატიას მიმოვიხილავთ, შეგახსენებთ ოდენ სათაურებს, რომლებითაც ქართული გაზეთები მკითხველის დაინტერესებას ცდილობდნენ:

"ქარელმა რეპეტიტორი დაიქირავა და რუსულის სწავლა დაიწყო?" "რაზე იჩხუბეს სამეგრელოს გუბერნატორმა გოროზიამ და სპორტის სამსახურის უფროსმა", "ერთი ნაბიჯი ნატოსკენ, ორი ნაბიჯი რუსეთისკენ", "ანტისოროსის წევრთა ლიკვიდაცია იგეგმება", "საქართველო ომისთვის ემზადება", "ხელისუფლება რევოლუციას ყოველ დღე უნდა ელოდოს". "რა წერია ოპიზას კომისიაში შესულ ორ გასაიდუმლოებულ წერილში?" - გაზეთი "ალია" ამ უკანასკნელ შეკითხვას, რომელიც ერთი საშუალო ზომის სტატიის სათაურია, ასე უპასუხებს:

”ერთი წერილი ოპიზას ყოფილი დაცვის წევრების საჩივარს ეხება. კერძო დაცვის სამსახური საყვედურს იმის გამო გამოთქვამს, რომ მათ ხელფასებს არ უხდიდნენ და რატომღაც მთავრობაში მოკალათებული გავლენიანი მფარველის წყალობით სხვა კერძო დაცვის ფირმით ჩაანაცვლეს." მეორე წერილი კი დეპუტატ კობა ბექაურს სამარშრუტო ბიზნესის ინტერესებში ამხელს.

"მოსახლეობისთვის წლეულს გაზი არ გაძვირდება" - იუწყებოდა გასულ კვირაში გაზეთი ”ხვალინდელი დღე”. გაზეთის ცნობით, რუსეთიდან მოწოდებული გაზის ტარიფს ებმება რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი, რისთვისაც მზადყოფნას გამოხატავს რუსეთი. თავის მხრივ, საქართველო ყაზახური გაზის რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის ტარიფზე ელოდება წინადადებას და აპირებს, პასუხად საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებული გაზის ახალი ტარიფი წამოაყენოს. რაც შეეხება გაზის გაძვირებას, მიმდინარე ზამთრის სეზონში ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს, რადგან გაზრდილი საფასურის კომპენსაციას მთავრობა სუბსიდიებით აპირებს.

გაზეთი "24 საათი" აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის მოკლე კომენტარს საქართველოს დსთ-დან გასვლის თაობაზე. ”მე არც განვიხილავ საქართფველოს დსთ-დან გამოსვლის შესაძლებლობას. ასეთი განზრახვა არ მაქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ღებულობს” - განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ დსთ-ში გარკვეული პრობლემები არსებობს. გამოსვლის საკითხი საქართველოს პარლამენტში განიხილება. მაგრამ არ უნდა ველოდოთ, რომ პარლამენტი ასეთ გადაწყვეტილებას ერთბაშად მიიღებს” - წერდა 24 საათი.

შაბათის, 3 დეკემბრის პრესა პირველ გვერდზე, რაღა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოში წინადღის ჩხუბის ამსახველ ფოტო- და სხვა მასალებს აქვეყნებს. კუთვნილი ადგილი ეთმობა პენსიონერთა აქციასაც პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე. მაგრამ გაზეთ “რეზონანსიდან” ჩვენ სხვა რიგის ინფორმაციას გაგაცნობთ.

“რეზონანსი” ამტკიცებს, რომ მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივიან მათი უფლებების დარღვევის გამო. უწყებას, შესაძლოა, ჯარიმის გადახდა მოუწიოს. საჩივრები ეხება სამინისტროს პრეს-სასმახურის ახალ ტელეპროექტს “უბნის ინსპექტორი”, რომელიც ამ თანამდებობის პირთა მუშაობაზე მოგვითხრობს და ძირითადად ოჯახურ კონფლიქტებს ასახავს. ამ გადაცემაში მოხვედრილი მოქალაქეები პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანას აპროტესტებენ და გადაცემის დახურვას მოითხოვენ. "თუ ტელეკამერების გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ, ასეთი პოლიცია არავის სჭირდება", - უცხადებს "რეზონანს" მოქალაქე მეგი ლაშაური, რომლის ახლობელიც გადაცემაში მოხვედრის გამო თავს უფლებაშელახულად მიიჩნევს.

შაბათის “ახალი თაობა” ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილისა და იმერეთში პრეზიდენტის აწ უკვე ყოფილი რწმუნებულის, აკაკი ბობოხიძის ინციდენტს ეხება. "ბობოხიძემ იმნაიშვილის ტვინის შერყევა დამართა" - წერს გაზეთი და დაწვრილებით აღწერს ქუთაისის ტელეკომპანია “რიონში” მომხდარ ამბავს. "საქართველო რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ბობოხიძეს ეს ცემა-ტყეპა ასე ხახვივით არ შერჩებოდა", - ასკვნის “ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG