Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''თავისუფალი კრიტიკის'' პრიზის პრეზენტაცია


27 ნოემბერს, თბილისში, “თეატრალურ კრიტიკოსთა ასოციაციამ” პირველად გადასცა პრემიები წლის საუკეთესო მსახიობებს.

კვირას საღამოს “სამეფო უბნის თეატრში” ფაქტობრივად სამი ღონისძიება გაიმართა ერთდროულად – მოეწყო პრემიერა სპექტაკლისა “აქ, ამ სავანეში”, თეატრის თავისუფალ კრიტიკოსთა ასოციაციის პრეზენტაცია და ამავე ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვება.

მაშინ როცა რამდენიმე წლის წინ დაარსებულმა კინოაკადემიამ ფაქტობრივად შეწყვიტა თავისი მოღვაწეობა (ყოველ შემთხვევაში “ქართული ოსკარით” დაჯილდოვების ცერემონიალი თბილისში აღარ იმართება), სულ უფრო მეტად აქტიურობენ თეატრალები... თეატრალური პრემიების ჩამოთვლაც კი ახლა დიდ დროს წაგვართმევს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თეატრალური ორგანიზაციები, უბრალოდ, ეჯიბრებიან ერთმანეთს – ვინ ვის დაასწრებს. ცხადია, ამით სარგებლობენ ქართველი მსახიობები, რეჟისორები – ზოგი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ხდება, ზოგი – თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზისა, ზოგიც თეატრალურ ფესტივალებზე იმარჯვებს. ძალიან ხშირად, სხვადასხვა პრიზის ლაურეატი ერთი და იგივე არტისტი ხდება. როგორც ჩანს, თეატრში არც ისე კარგადაა საქმე, რომ იმ ხალხს, ვინც პრემიებს ანაწილებს, გაუჭირდეს გამარჯვებულის დასახელება. თავად თეატრალური ორგანიზაციების მესვეურები აღნიშნავენ - მწირი არჩევანი საუკეთესო არტისტების დაჯილდოვებას ხელს არ უნდა უშლიდეს, ეს ყველაფერი ხომ პირველ რიგში ქართული თეატრის პროპაგანდას ემსახურება. მთავარია, სხვას დაასწრო...

აი, მაგალითად, "თავისუფალ კრიტიკოსთა ასოციაცია" ავიღოთ. მისმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს წლიური პრემია ყოველ 23 ნოემბერს მიანიჭონ... არა, “ვარდების რევოლუცია” აქ არაფერ შუაშია, არც “გიორგობა” – ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თეატრის მენეჯერი გიორგი ყაჯრიშვილი ირწმუნება, რომ პრემიებით დაჯილდოვება მათ კოტე მარჯანიშვილის “ცხვრის წყაროს” პრემიერის დღეს დაამთხვიეს. წელს მხოლოდ იმიტომ დააგვიანეს, რომ იმ დღეს რუსთაველის თეატრმა გახსნა სეზონი და საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რობერტ სტურუა დაკავებული იყო.

[გოგი ყაჯრიშვილის ხმა]: “გვინდოდა შეგვექმნა ალტერატიული თეატრალური პრემია, იმისგან განსხვავებით, რასაც აქამდე გადაცემდნენ... რაც ყოველთვის “იდეური” იყო. ასე ვთქვათ”.

გიორგი ყაჯრიშვილი არ აკონკრეტებს, ვინ გადასცემს საქართველოში “იდეურ” პრემიებს, თუმცა ჩვენთან საუბარში მაინც ასახელებს თეატრალური საზოგადოებისა და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ჯილდოებს, ამბობს, მათ დავასწარითო... დაასწრეს და წლევანდელი პრემია გადასცეს მედეა ჩახავასა და თამარ სხირტლაძეს, რომლებიც 2005 წლის სახელმწიფო პრემიაზეც არიან წარდგენილნი თეატრის დარგში., “სამეფო უბნის თეატრის” სპექტაკლში “აქ, ამ სავანეში” მთავარი როლების შესრულებისათვის (წარმოდგენის რეჟისორია მამუკა ტყემალაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი თემურ ჩხეიძე).

27 ნოემბერს ქართული თეატრის ახლა უკვე კლასიკოსების გარდა “თავისუფლალ კრიტიკოსთა ასოციაციამ” პრემია გადასცა დებიუტანტს, ბაჩო ჩაჩიბაიას “თავისუფალ თეატრში” დადგმულ სპექტაკლში, “მონადირეში” განსახიერებული როლისთვის.

ასოციაციამ ეს თანხა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. გიორგი ყაჯრიშვილი გვიამბობს, რომ თავდაპირველად მათ ორგანიზაციას რომელიმე სპექტაკლის დაფინანსება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ თანხა არ ეყოთ, ამიტომ გადაწყვიტეს მხოლოდ მსახიობების დაჯილდოვება. თუმცა მომავალ წელს შეიძლება სულ სხვა პროფესია, უფრო სწორედ, სხვა ნომინაცია აირჩიონ – დააჯილდოვონ რეჟისორები, ან თუნდაც კრიტიკოსები. სხვათა შორის, ზოგიერთი კრიტიკოსი უკვე გამოთქვამს უკმაყოფილებას 27 ნოემბერს გამართული აქციით.

[გოგი ყაჯრიშვილის ხმა] "ბევრი პრეტენზია გამოითქვა უკვე, თუმცა ჩვენ გვაქვს პასუხი – პრიზებს გასცემს ის, ვინც კავშირი დააფუძნა, ვისაც არ მოსწონს, სხვა დააფუძნოს... ათასი პრემია არსებობს”

მომავალი წლიდან “თავისუფალ კრიტიკოსთა ასოციაცია” აპირებს რაიონულ თეატრებსაც დაეხმაროს. გიორგი ყაჯრიშვილის თქმით, ადვილია პრიზების განაწილება, როცა არჩევანი დიდი არ არის... თუმცა ჟიური, რომლის წევრებს არ ასახელებენ, თვლის, რომ ბევრად უფრო სასიამოვნოა საუკეთესოთა შორის საუკეთესოების გამოვლენა თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში ერთი და იგივე ხალხი არ იმარჯვებდეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG