Accessibility links

logo-print

დავიწყებული დაპირებებისთვის ხელისუფლება ქუჩის აქციებს იღებს


პარასკევს ქუჩაში გამოსულმა 3 ათასამდე პენსიონერმა მიხეილ სააკაშვილს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიების თაობაზე დადებული პირობა შეახსენა.

მათი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში” გაერთიანებული საპარლამენტო ოპოზიცია იყო. ამავე ფრაქციის წევრებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა მოქალაქეებს მოუწოდეს საკუთარი უფლებების დასაცავად პარლამენტის შენობის წინ 6 დეკემებრსაც მივიდნენ, დღის 11 საათზე. ამ მოწოდებით მათ მოქალაქეებს მიმართეს შაბათსს თბილისის მერიის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე, საიდანაც ისინი პარლამენტში გაეშურნენ უმრავლესობის ლიდერებისთვის რევოლუციამდელი დაპირებების შესახსენებლად.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”აქედან ახლა ქსეროასლები გაკეთდება და ჯუღელისა და ნადირაძის კაბინეტებზე გაეკვრება. ისე, ჯობს უმრავლესობის ყველა წევრის კაბინეტთან გავაკრათ. ”

კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების სამუშაო კაბინეტების კარზე გასაკვრელად იმ საგაზეთო სტატიების ქსეროასლები მოამზადეს, რომელთა საშუალებითაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ძველი თანამებრძოლები - მათ შორის, თავად კობა დავითაშვილი - მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ პენსიებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. დაპირება რევოლუციამდელია. დღევანდელმა მმართველმა უმრავლესობამ ისინი რატომღაც იოლად დაივიწყა, რაც კობა დავითაშვილს აფიქრებინებს, რომ ხელისუფლება სკლეროზით დაავადდა. ძველ გაზეთებში მოძიებულ სტატიათა ქსეროასლების გაკვრა უმრავლესობის წევრთა - მათ შორის, ბესო ჯუღელის - კაბინეტების კარებზე მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჯუღელმა იკითხა: ” აბა, მაჩვენეთ, სად და როდის დადო მიხეილ სააკაშვილმა პირობა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენსიონერებს პენსიებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაუნიშნავდაო.”

[კობა დავითაშვილის ხმა] ” აი, აღნიშნული წერილი. ამ ხელშეკრულებას ჰყავს ორი ხელმომწერი - მიხეილ სააკაშვილი და კობა დავითაშვილი. აქ წერია: გაორმაგდება პენსია და ამოქმედდება სტაჟის მიხედვით დანამატების კანონი. გასტუმრებული იქნება ყველა დაგროვილი დავალიანება, გაუქმდება მიწის გადასახადი, მიღებული იქნება კანონი დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და ხალხისთვის დაბრუნების შესახებ ( მოპარული ანაბრები). ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, ხელს აწერს კობა დავითაშვილი. კობა დავითაშვილს ახსოვს ეს ყველაფერი, მიხეილ სააკაშვილს სკლეროზი აქვს, ამიტომ საჭიროა მისი სასწრაფო მკურნალობა. ”


იოლი მისახვედრია, რომ კობა დავითაშვილმა მოხმობილი სტატიით თბილისელებთან დადებული ცნობილი ხელშეკრულება გაიხსენა. ამ ხელშეკრულების პუნქტებს სააკაშვილს ის კარგა ხანია ახსენებს და რადგან ვერაფერს ხდება, ბოლო დროს ქუჩის აქციების ორგანიზებას შეუდგა.
პენსიონერთა პირველი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიების მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ პარასკევს შედგა. შემდეგი აქცია სამშაბათს, 6 დეკემბერს, დღის 11 საათზეა დანიშნული, უწინდებურად პარლამენტის შენობასთან. ”დემოკრატიული ფრონტი” ამ გზით ცდილობს აიძულოს უმრავლესობა ამომრჩეველს შეუსრულოს ძველი დაპირება, თუმცა უმრავლესობის წევრები ხაზგასმით განმარტავენ, რომ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიებს 300 მილიონი სჭირდება და სახელმწიფოს ეს სახსარი არ გააჩნია. ხელისუფლება პენსიონერებს მომავალი წლიდან 28 ლარიანი პენსიების 10 ლარით გაზრდას ახარებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ის ამ შემთხვევაშიც იტყუება. გეგმა ასეთია : 28 ლარს პლუს 5 ლარი მომავალი წლის მარტიდან და პენსიაზე კიდევ ერთი დამატებითი 5 ლარი მომავალი წლის სექტემბრიდან.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ეს არის 60 ლარი წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში პენსიონერებს ემატებათ 5 ლარი და არა 10 ლარი. ეს არის შეფარული ეშმაკობა, უფრო სწორედ ვირეშმაკობა, რითაც სურს ხელისუფლებას თავისი გეგმა გაიტანოს და ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემთ. ”

ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა ცხარე განცხადებები შაბათს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს, იქ, სადაც პარასკევს ნაციონალების ხელჩართული ბრძოლა შედგა ჯერ ლეიბორისტებთან, შემდეგ საკრებულოს სდომაზე მისულ დეპუტატებთან (“დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლებთან). პარასკევს საკრებულოში - პარალელურად კი პარლამენტის შენობაში -გამართულმა გაწევ-გამოწევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ფონი საქართველოში დაძაბულია. შემდგომი საპროტესტო აქცია, როგორც უკვე ვთქვით, 6 დეკემბერსაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG