Accessibility links

logo-print

ცხინვალი და თბილისი სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე


შარშანდელი ზაფხულის კრიზისის შემდეგ ცხინვალსა და

თბილისს შორის გააქტიურებული სამშვიდობო დიალოგი კვლავ ჩიხში შევიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების კრიმინალური სქემა გამოაქვეყნა, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება კი თბილისს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის სამზადისში ადანაშაულებს და თავდაცვითი ბრძოლისათვის ემზადება. კვირის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება, სამხედრო ჰოსპიტალი გორში გადაიტანოს. რა არის ეს - ძალის მორიგი დემონსტრირება თუ ბრძოლისთვის რეალური სამზადისი? მე შევეცადე ამ კითხვასთან დაკავშირებით იმ ადამიანების აზრი გამეგო, ვინც რეალურად ფლობს ინფორმაციას ცხინვალის მისადგომებთან ძალთა განლაგების შესახებ.

სიტუაცია თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - შარშანდელი ზაფხული კრიზისის შემდეგ, როდესაც საბრძოლო მოქმედებათა განახლებით 13 წლის წინ დაკონსერვებული კონფლიქტი “გალღვა” - ფეთქებადსაშიშია. ცხინვალის ზონაში კვლავაც იმყოფებიან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში დაქირავებული მებრძოლები. რეგიონში კონცენტრირებულია საკმაო რაოდენობის მძიმე შეიარაღება და ტექნიკა. 25-ე ბატალიონის კაპრალი დავით კონცელიძე სამშვიდობო მისიას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. მათი ოცეული იდგა იმ ბლოკ-საგუშაგოზე, რომელიც ე.წ. ტექსტილის დასახლებას ესაზღვრებოდა და სადაც ყველაზე თავზეხელაღებული დაჯგუფება მოქმედებს.

[დავით კონცელიძის ხმა] “ჩვენი საგუშაგოდან 300 მეტრში იყო ე.წ. ტექსტილის დასახლება, საიდანაც გამუდმებით გვიშენდა ცეცხლს დაჯგუფება, რომელიც არც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ემორჩილება.”

სამხედრო თვალსაზრისით მთავარი ძალები თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა თავმოყრილია ჯავის რაიონში, რომელიც, ბუნებრივი მდგომარეობით, საკმაოდ ძნელად მისადგომია. თავის დროზე ქართული სამხედრო დაზვერვა ოპერატიულ მუშაობას სწორედ ამ მიმართულებით აწარმოებდა, რათა ზუსტად დაედგინა მოწინააღმდეგის სამხედრო-საინჟინრო ნაგებობებისა და მძიმე ტექნიკის განლაგების სქემა. ქართული სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი სურმავა ბევრ ინფორმაციას ფლობს თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რეალური ბრძოლისაუნარიანობის შესახებ, თუმცა პროფესიულ ეთიკას არ არღვევს და მხოლოდ ზოგადი აღწერებით შემოიფარგლება:

[გიორგი სურმავას ხმა] “ყველაზე უკეთ გამაგრებული და დაცული ჯავის რაიონია. იქ გამუდმებით მიმდინარეობდა საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა. თანაც, ოსები იყენებდნენ მცოცავ სქემას - ისინი წინ მოიწევდნენ, ჩვენ კი ვთმობდით პოზიციებს და უკან ვიხევდით.”


წელიწადნახევრიანი ზავის შემდეგ თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა ერთი თვის წინ კვლავ დაიძაბა. ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების კრიმინალური სქემა გამოაქვეყნა, დასავლელმა თუ რუსმა ანალიტიკოსებმა კონფლიქტის ზონაში ახალი ომის სუნი იგრძნეს. უცხოელი კოლეგებისაგან განსხვავებით, ქართველი ექსპერტები რადიკალური დასკვნებისაგან თავს იკავებენ. ერთ-ერთ ასეთ ანალიტიკურ ჯგუფს, რომელიც სულ მალე აპირებს ასპარეზზე გამოსვლას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი სამხედრო მრჩეველი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე ხელმძღვანელობს. იგი მიიჩნევს, რომ არც თბილისის მხრიდან ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების კრიმინალებად შერაცხვა, არც ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის გორში გადატანა და არც ახალი სამხედრო შესყიდვები არ არის ცხადი ინდიკატორი, თითქოს დაუმორჩილებელ რესპუბლიკაში საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივა. თუმცა გენერალი კაპანაძე არც უმართავი სიტუაციის განვითარებას გამორიცხავს:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “ამ ნიშნების მიხედვით ძნელია რაიმე ლოგიკური დასკვნის გაკეთება, თუ რომელი მხარე რა სახის მოქმედებისათვის ემზადება. მაგრამ ერთი რამ ცხადია - შესაძლოა, რეგიონში უკონტროლო ვითარება შეიქმნას.”

სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, რომ საბრძოლო ოპერაციის პროვოცირება შექმნილ სიტუაციაში ხელს აძლევს სწორედ თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებას, რომელიც თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ უფრო კარგავს საყრდენს ადგილობრივ მოსახლეობაში. სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლკოვნიკი გიორგი სურმავა ვითარებას კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის განწყობის მიხედვითაც სწავლობდა:
[გიორგი სურმავას ხმა] “უფროსი ასაკის მოსახლეობა, მათ შორის, მებრძოლები ხვდებიან, რომ ბრძოლა არავის არ მოუტანს სიკეთეს. მათთან მამაკაცური საუბარიც შეიძლება. ვისაც არ უბრძოლია კი, ფიქრობს, რომ ჩვენთან ცხოვრება შეიძლება.”

მაგრამ ასეთი განწყობა, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს, თუკი თბილისი რაიმე სახის პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად სამხედრო ძალას გამოიყენებს. სამხედრო მიმომხილველების თქმით, მაშინ საქართველოს ხელისუფლება იმავე ვითარებაში აღმოჩნდება,რა ვითარებაც იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე 13 წლის წინ.
XS
SM
MD
LG