Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონდოლიზა რაისის მოგზაურობა ევროპაში


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ორშაბათს იწყებს ევროპულ ტურნეს.

იგი შეეცდება, თავის მოკავშირეებს სთხოვოს ამერიკაზე ზეწოლის შესუსტება იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც გამოიწვია ცნობებმა ცენტრალური სადაზვერვო საამმართველოს მიერ მოკავშირე ქვეყნებში საიდუმლო ციხეების ქონის თაობაზე.

ტურნეს მანძილზე რაისი შეეცდება ევროპელ მოკავშირეებს შეახსენოს, რომ ამერიკა მათი პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, რომელიც მკაცრი ზომების გამოყენებას მოითხოვს ხოლმე. სავარაუდოა, რომ რაისის ტურნე ამერიკისთვის სასურველ შედეგს გამოიღებს, ვინაიდან ვაშინგტონთან ახალი კონფრონტაცია ევროპელებს ამ მომენტისთვის არაფერში ესაჭიროებათ.

ჯერჯერობით არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მართლაც იყენებდა ციხეებს მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე პატიმართა უკანონოდ დაკავებისთვის.

მაგრამ ევროსაბჭომ ოფიციალური გამოძიება დაიწყო ამასთან დაკავშირებით, ევროპის კომისიამ კი განაცხადა, რომ თუკი დადასტურდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ევროკავშირის რომელიმე წევრის უკანონო კავშირი, ასეთი ქვეყნების წინააღმდეგ სანქციები იქნება გამოყენებული.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტის, ფრეიზერ კამერონის აზრით, სავარაუდოა, რომ ევროპის მთავრობების რეაქცია ისე მკაცრი არ იქნება, როგორც მათი მოსახლეობებისა.

[კამერონის ხმა] "არა მგონია ეს ისეთივე ზიანის მომტანი იყოს, როგორც ერაყის ომი იყო მთავრობებს შორის ურთიერთობების დონეზე. მაგრამ ამას ძალიან უარყოფითი გავლენა ექნება საზოგადოებრივ აზრზე და ეს, ჩემის აზრით, რეალური პრობლემაა. ბუშის ადმინისტრაციას უკვე დღეს ტანჯავს ის, რომ ევროპაში მოსახლეობის 25 პროცენტზე ნაკლები უჭერს მხარს. ეს სკანდალი ნამდვილად არ გამოასწორებს საქმეს. ეს კი პოლიტიკოსებს ხელს შეუშლის ბუშის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობაში."

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, - მათ რიცხვს განეკუთვნება ტიერი ბალზაკი,- სკანდალმა პირველ რიგში თავად ევროპას უფრო შეიძლება ავნოს, ვიდრე ევროპასა და ამერიკას შორი ურთიერთობებს.

[ბალზაკის ხმა] "მე ვფიქრობ, პრობლემა უფრო მეტად თავად ევროპის დონეზე იქნება ფოკუსირებული. რაც შეეხება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს, ჩემის აზრით, გავლენა დიდი არ იქნება... მაგრამ, ვფიქრობ, ეს დარტყმა იქნება ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის ევროპის შიგნით, ყოველ შემთხვევაში იმათთვის, ვისაც კავშირი აქვს ამასთან. თუკი დადასტურდა, რომ ისინი მართლაც კავშირში არიან ამგვარ პრაქტიკასთან."

კონდოლიზა რაისის ევროპული ტურნე ბერლინში იწყება. ამის შემდეგ იგი ესტუმრება ბუქარესტს, კიევსა და ბრიუსელს.
XS
SM
MD
LG