Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარსზე წყლის დიდი მარაგი აღმოჩნდა


არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ჩვენს პროგრამებში აღარ ვიკმაროთ დედამიწის ამბები და საინფორმაციო

გამოშვებებში სხვა პლანეტებზე მიმდინარე მოვლენებზეც გესაუბროთ ხოლმე.

ყოველ შემთხვევაში, ასეთ ვარაუდებს გამოთქვამენ მენციერები, რომლებიც უახლესი გამოკვლევების საფუძველზე ასკვნიან, რომ მარსზე ბევრად მეტი წყალი მოიპოვება, ვიდრე აქამდე გვეგონა. ანუ "წითელ პლანეტაზე", თეორიულად მაინც, შესაძლებელია ადამიანის ხანგძლივი ცხოვრება. უფრო მეტიც, მარსზე სიცოცხლის არსებობასაც არ გამორიცხავენ.

ოთხშაბათს გამოქვეყნდა კოსმოსური ხომალდის, ევროპის მარსის ექსპრესის მიერ გამოგზავნილი მონაცემები, რომლებიც მოწმობს, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ რამდენიმე კილომეტრის სისქის ყინულოვანი ფენაა. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე წყლის დიდი მარაგი მოიპოვება.

[პილინგერის ხმა] ეს გახლდათ ბრიტანელი პროფესორი კოლინ პილინგერი, მარსის კვლევის პროექტის, "ბიგლ 2"-ის ყოფილი ხელმძღვანელი. არ იფიქროთ, რომ იგი კოსმოსიდან გვესაუბრებოდა. უბრალოდ, ჩვენმა კორესპონდენტმა მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა ლონდონში. სხვათა შორის, პილინგერი სულმოუთქმელად ელის ნამარხი ქანების ჩამოტანას. მას, და მრავალ მის კოლეგას, იმედი აქვთ, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს.

უახლესი აღმოჩენა ნიშანდობლივია ორი თვალსაზრისით. ყინულის დიდი მასივები იმას ნიშნავს, რომ წარსულში მარსი წყლით იყო დაფარული.

მეორე მხრივ, როგორც ვახსენეთ, აღმოჩენა მნიშვნელოვანია მომავლისთვის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყინულიდან შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სასმელი წყლის მიღება, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს მარსზე მოგზაურთა წყლით მომარაგების პრობლემას, არამედ წყალბადისაც. ეს იმას ნიშნავს, რომ მარსზე ჩასულ კოსმონავტებს ადგილზევე შეეძლებათ რაკეტისთვის საჭირო საწვავის მიღება. ფართო პერსპექტივა ეხსნება პლანეტაზე სათბურების მოწყობას და საკვების ადგილზევე წარმოებასაც.

ასე რომ, სხვა პლანეტაზე ადამიანის დასახლებამ შეიძლება ფანტასტიკის სფეროდან რეალობაში გადმოინაცვლოს. და ჩვენი კორესპონდენტებიც პირდაპირ მარსიდან გაუწყებენ ხოლმე იქაურ ამბებს.
XS
SM
MD
LG