Accessibility links

logo-print

კომუნისტებმა დემოკრატებს აჯობეს


მოსკოვის საქალაქო სათათბიროში გუშინ ჩატარებულმა არჩევნებმა დიდი გაწბილება მოუტანა გაერთიანებულ დემოკრატებს.

წინასწარი შედეგების თანახმად, მათ მხარი დაუჭირა რუსეთის დედაქალაქის ელექტორატის მხოლოდ 11-მა პროცენტმა, რაც ნაკლებია არა მხოლოდ გამარჯვებული ბლოკის - "ერთიანი რუსეთის" მაჩვენებელზე, არამედ კომუნისტური პარტიის შედეგზეც. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის კომუნისტური პარტია დემოკრატებს ამარცხებს.

არჩევნების შედეგებმა დემოკრატთა ყველაზე პესიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. არჩევნების წინ რუსეთის უძველესმა ლიბერალურმა პარტია "იაბლოკომ" - იმის საჩვენებლად, რომ რუსეთში დემოკრატია ჯერაც ანგარიშგასაწევი ძალაა - გადაწყვიტა, რამდენიმე სხვა დემოკრატიულ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკი შეექმნა. მაგრამ იმედი არ გამართლდა. ბევრი ექსპერტის აზრით იმიტომ, რომ მოსკოველთა დიდმა ნაწილმა შინ დარჩენა ამჯობინა: კენჭისყრაზე ამომრჩეველთა მხოლოდ 34 პროცენტი გამოცხადდა. თუმცა, თავად დემოკრატები მარცხს სხვაგვარად ხსნიან:

[სერგეი მიტროხინის ხმა] "ჩვენ დავასკვენით, რომ ფალსიფიკაციის მასშტაბით დღევანდელი არჩევნები აღემატება ყველაფერს, რაც კი მოსკოვში აქამდე გვენახა. თანაც, ეს ყველაფერი კეთდება სრულიად დაუფარავად, უსირცხვილოდ, მე ვიტყოდი, თავხედურადაც კი. საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში "იაბლოკო-გაერთიანებული დემოკრატების წინააღმდეგ" გაჩაღებული იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც, ფაქტობრივად, კრემლიდან იმართებოდა. ეს გარემოება საფუძველს გვაძლევდა გვევარაუდა, რომ იერიში სხვა მეთოდებით გაგრძელდებოდა საარჩევნო უბნებზე."

ასე ხსნის გაერთიანებული დემოკრატების მარცხს "იაბლოკოს" თავმჯდომარის მოადგილე სერგეი მიტროხინი. მის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს მოსკოვის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალენტინ გორბუნოვი, რომლის თქმით, სერიოზული დარღვევები არ აღრიცხულა არც თვით კენჭისყრის მსვლელობაში და არც ხმების დათვლის პროცესში.

გამარჯვებულ მმართველ პარტიაზე - "ერთიან რუსეთზე" - მეტად არჩევნების შედეგები კომუნისტებს ახარებთ. მათი ლიდერის გენადი ზიუგანოვის განცხადებით, კომუნისტურ პარტიას დღეს ყოველი მეხუთე მოსკოველი უჭერს მხარს, რაც - იმავე ზიუგანოვის თქმით - სულაც არ იყო ასე 13 წლის წინათ, როცა იგი სათავეში ჩაუდგა კომპარტიას.

[გენადი ზიუგანოვის ხმა] "ამომრჩეველმა მოსკოვში და ქვეყანაში დაინახა, რომ ჩვენ აქტიურად ვიცავთ მის ინტერესებს, ვილაშქრებთ 122-ე კანონის წინააღმდეგ, ბინის ქირისა და კომუნალური მომსახურების გადასახადის ასი პროცენტით გაზრდის წინააღმდეგ. ამომრჩეველი ხედავდა, როგორ მედგრად და თამამად ვიცავდით საბჭოთა ხელისუფლებას, საბჭოთა იდეალებს, წითელ მოედანს. და ჩვენ, ამ შემთხვევაში, მშრომელი მასების ყველაზე ფართო ფენების ინტერესებს გამოვხატავთ."

არჩევნების შედეგად მოსკოვის 35-ადგილიან საქალაქო სათათბიროში მანდატები ასე განაწილდა: "ერთიანი რუსეთი" – 28 ადგილი, კომუნისტური პარტია - 4, გაერთიანებული დემოკრატები - 3.
XS
SM
MD
LG