Accessibility links

logo-print

თვითმმართველობის ხელისუფლებისეული მოდელის საწინააღმდეგოდ ახალი სამოქალაქო ინიციატივები მზადდება

  • ნინო როდონაია

საქართველოს პარლამენტის მიერ ნოემბრის ბოლოს პირველი მოსმენით დამტკიცებული თვითმმართველობის კანონპროექტი ორშაბათს კიდევ ერთი საჯარო დისკუსიის თემად იქცა.

რა მოელის თვითმმართველობას საქართველოში? - ამ პერსპექტივაზე, საზოგადოების კვლევის ცენტრის ინიციატივითა და ებერტის ფონდის მხარდაჭერით, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა იმსჯელეს. მინდა მათ დასკვნებსა და თვითმმართველობასთან დაკავშირებულ ახალ სამოქალაქო ინიციატივებზე მოგითხროთ.

თვითმმართველობის ხელისუფლებისეული მოდელი კიდევ უფრო შეზღუდავს ისედაც სუსტ თვითმმართველობას და რეგიონების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას - დარწმუნებულნი არიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც თვითმმართველობის საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობენ. განსხვავებული აზრი საზოგადოების კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე არ ყოფილა, რადგან, მიწვევის მიუხედავად, კანონპროექტის ავტორები შეხვედრას არ დასწრებიან.
,,დემოკრატია ადგილობრივ დონეზე არ წარმოადგენს ფუფუნებას, რომელზეც ღარიბმა ქვეყანამ არ უნდა იფიქროს,” - აცხადებს ,,სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა.” საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თვითმმართველობასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ,,თვითონ ეს პროცესი, რომელიც დღეს ტარდება იმისი, რომ საზოგადოებრივი აზრი არანაირად არ არის მიღებული მხედველობაში ხელისუფლების მიერ და ყველას ეუბნება, რომ მე ვიცი, რას ვაკეთებ და ეს არის ყველაზე კარგი და ყველასთვის კარგი, ეს არის ისეთი ავტორიტარიზმის მოდელი, რომელიც, არ ვიცი, როდის იყო საქართველოში. ბოლო საბჭოთა პერიოდშიც, მგონი, ასეთი არ იყო.” (სტილი დაცულია)

სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება ხელისუფლების არგუმენტს იმის თაობაზე, რომ თვითმმართველობის კანონპროქტი დემოკრატიის დამკვიდრებას და ეკონომიურობის ხარჯზე ეფექტურობის გაზრდას ემსახურება. ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის ქვედა დონის გაუქმება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, შეასუსტებს მოსახლეობისადმი მმართველობის ანგარიშვალდებულებას, ხელისუფლებისადმი უნდობლობას გაზრდის და უარყოფითად აისახება რეგიონების განვითარების პერსპექტივაზე. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დღეებში სამეგრელოში იმყოფებოდა, მიიჩნევს, რომ რეალური თვითმმართველობის არსი მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელისუფლებაზე გაცილებით უკეთ ესმის:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ,,ძალიან ნათელი არის, თუ დაელაპარაკები მოსახლეობას ნებისმიერ დონეზე, ეს იქნება გლეხი ძალიან პატარა სოფელში თუ მოსახლეობა ქალაქებში, ბევრად უფრო კარგად ესმით, როგორც ჩანს, ვიდრე ხელისუფლებას, რომ ამ კანონპროექტში დევს მეტი ცენტრალიზაცია, ვიდრე რომელიმე ახალი თვითმმართველობა.” (სტილი დაცულია)

სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ ალტერნატიული წინადადებები და მოსაზრებები უშუალოდ იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც თვითმმართველობის ახალი მოდელი იქმნება. მიზეზი გასაგებია ირაკლი მელაშვილისთვის, რომელიც კანონპროექტის შინაარსს მომავალ არჩევნებში ხელისუფლების მიერ რაც შეიძლება მეტი ხმის მოპოვების სურვილს უკავშირებს:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] ,,ჯერ კიდევ საქართველოში არსებობს ის რაიონული კლანები, ფინანსური და ეკონომიკური კლანები, რომელიც ყოველთვის ხელისუფლებას ყურებით ეჭირა. აი, ეს არის ერთადერთი მიზეზი. ამიტომ გადმოიტანეს ეს რაიონის დონეზე.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის კანონპროექტი პირველი მოსმენით დამტკიცებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრინციპები აღარ შეიცვლება, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები საგანგებო მოძრაობის დაწყებას გეგმავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივების მოსამზადებლად აუცილებელი ხელმოწერების შეგროვება და რეფერენდუმის მოთხოვნა ის მეთოდებია, რომლითაც შესაძლებელია ხელისუფლებას თვითმმართველობისადმი დამოკიდებულება შეაცვლევინო. საზოგადოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი გია ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ სამოქალაქო აქტიურობის გარეშე თვითმმართველობის ბედს ყველა სხვა კანონიც გაიზიარებს:

[გია ჟორჟოლიანის ხმა] ,,თუ ეს მექანიზმები არ ამოქმედდა, ჩვენ ამ კომუნისტურ-ავანგარდული მმართველობის ჩიხიდან ვერ გამოვალთ. თუ ვერ გამოვალთ, ისეთსავე ვითარებას მივიღებთ ყველა სხვა კანონმდებლობასთან დაკავშირებით, როგორსაც თვითმმართველობასთან დაკავშირებით ვიღებთ.” (სტილი დაცულია)

ამ დღეებში შეიქმნება კოალიცია, რომელიც თვითმმართველობის ხელისუფლებისეული მოდელის შესაცვლელად ხელმოწერების შეგროვებას თბილისში დაიწყებს, იანვრიდან კი ეს პროცესი რეგიონებში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG