Accessibility links

გამოიწვევს თუ არა გაზის საფასურის გაზრდა სურსათისა და სხვა პროდუქტების ფასის მატებას?


როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა აპირებს მომავალი წლის აპრილამდე არ გაზარდოს ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობისთვის,

ანუ მოახდინოს მისი სუბსიდირება, თუმცა ეს არ შეეხება სხვა ეკონომიკურ სუბიექტებს - პურის ქარხნებს თუ გაზზე დამოკიდებულ ათასგვარ საწარმოებს. რა გავლენას მოახდენს იმპორტირებული გაზის ღირებულების თითქმის გაორმაგება იმ პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის წარმოებაში ბუნებრივ აირს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს?

საქართველოში დღითი დღე თითქმის ყველა პროდუქტის ფასი იზრდება, რაც აშკარად იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში ინფლაციური პროცესები მიმდინარეობს. როგორც ჩვენს ამ ორიოდე დღის წინანდელ გადაცემაში ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, გაზის საფასურის სუბსიდირება ინფლაციურ პროცესებს ვერ შეაჩერებს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”სუბსიდირება, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ დროის მოკლე პერიოდში გასტანს და, გარდა ამისა, ეს ვერანაირად ვერ შეაჩერებს ინფლაციურ პროცესს - ცხოვრება თავისთავად გაძვირდება.”(სტილი დაცულია)

პური ის ერთადერთი პროდუქტია, რომლის საფასურზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენდა დღემდე მიმდინარე ინფლაციური პროცესები. პურის ფასი თითქმის უცვლელი იყო, თუმცა, როგორც ირკვევა, ინფლაცია მის წონაზე ახდენდა გავლენას. აი, რა მითხრა ერთ-ერთი პურის ქარხნის თანამშრომელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა:

[პურის ქარხნის თანამშრომელი] ”ძვირდება ყველაფერი და იმის გამო, რომ ყველაფერი ძვირდება, პურს წონას ვაკლებთ და ახლა 500 და 600 გრამია. ესე იგი ვაკლებთ გრამებს, რომ ვითომ არ გაძვირდა პური, მაგრამ როგორ არ არის გაძვირებული.”(სტილი დაცულია)

პურის ფასის მიმართ საზოგადოება განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. კვების ამ ძირითად პროდუქტზეა დამოკიდებული სოციალურად დაუცველი ქართველების საკმაოდ დიდი ფენა და სწორედ ამიტომ ხდებოდა ის, რაზეც პურის ქარხნის ინკოგნიტო თანამშრომელი გვიამბობდა.

მოხერხდება თუ არა კვლავ იმავე სქემით პურის საფასურის შენარჩუნება გაზის საფასურის გაზრდის შემდეგ, ამას ვერავინ ამბობს, რადგან პურის თვითღირებულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირის საფასურს, რამდენადაც სწორედ ამ ენერგომატარებელზე მუშაობს თბილისური პურის ქარხნების დიდი უმრავლესობა. მე თბილისის ნომერ პირველი ქარხნის დირექტორს ნუგზარ კახაიას დავუკავშირდი და ვკითხე, რა მოცულობით გაიზრდება პურის ფასი, თუ გაზის ტარიფი 34 -35 თეთრამდე გაიზარდა. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გაანგარიშებით, სწორედ ამ მოცულობის იქნება გაზის ტარიფი რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის 65-დან 110 დოლარამდე გაზრდის შემთხვევაში. ნუგზარ კახაიას კომენტარი:

[ნუგზარ კახაიას ხმა] ”საერთოდ, 10-15 პროცენტია საწვავის ხარჯი თვითღირებულებაში. დავუშვათ, 20 პროცენტით თუ იქნება, 2-3 პროცენტით გაიზრდება პურის ფასი.”(სტილი დაცულია)

თუ ნუგზარ კახაიას პროგნოზის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაგალითად, 50 თეთრიანი პურის ფასი მხოლოდ 1 ან 2 თეთრით უნდა გაიზარდოს. თუმცა ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა ელექტროენერგიის ტარიფზეც იმოქმედებს, რადგან თბილისის თბოელექტროსადგურში დენის გამომუშავება ბუნებრივი აირის წვით ხორციელდება. ხოლო დენის საფასურის ზრდა სხვა ჯაჭვურ მოვლენებს მისცემს ბიძგს და ამის გამო ახლა ყველაზე თამამ ექსპერტსაც კი უჭირს გაზის გაძვირებით განპირობებული პურის ფასის ზრდის ან ინფლაციის დონის პროგნოზირება.
XS
SM
MD
LG