Accessibility links

logo-print

რა კითხვები აქვს აფხაზურ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტთან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს სოხუმში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაში მონაწილეობისთვის სოხუმში გაემგზავრნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების სფეროში გიორგი ხაინდრავა და აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მთავრობის წევრები. რეაბილიტაციის პროგრამა, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ითვალისწინებს გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის რაიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, აგრეთვე პროექტებს ზუგდიდის რაიონში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები.

აფხაზეთში თუნდაც რამდენიმე დღით ჩასვლაზე დღეს, ალბათ, ბევრი ოცნებობს. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთიდან ჩამოსულების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია ხოლმე - ყველას აინტერესებს, რა ხდება სოხუმში, გაგრასა თუ ლესელიძეში, რა შეიცვალა, რას ფიქრობენ სოხუმელები თუ გულრიფშელები.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ შენგელია რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სოხუმიდან. მისი თქმით, იმ ერთი წლის მანძილზე, რაც ის სოხუმში არ ყოფილა, იქ მდგომარეობა შეიცვალა:

[ ზურაბ შენგელიას ხმა] „რაღაცა შეიღება, რაღაცა აშენდა. ტრაგიკული სტატიკა, რაც ომის შემდეგ სოხუმში ფიქსირდებოდა ვიზუალურად, -ეს შეცვლილია. მაგრამ საზოგადოების მდგომარეობა, ვერ ვიტყვი, რომ გაუმჯობესებულია და საზოგადოება თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს ან განვითარების მეტ პერსპექტივას ხედავს.“

აფხაზეთში თურმე არ მოსწონთ ახალი პრეზიდენტის ზედმეტად პრორუსული პოლიტიკა. თუმცა, სერგეი ბაღაფშის პოლიტიკით უკმაყოფილების მიუხედავად, ნდობა არც საქართველოს ხელისუფლებისადმი გაზრდილა - რუსეთის პროპაგანდისტული ომი იქაურ მცხოვრებლებზე ზემოქმედებას მაინც ახდენს.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იშვიათია, რომელიც ბოლო წლებში არა მხოლოდ აფხაზეთში ჩასვლას ახერხებს, არამედ ერთობლივ პროექტებსაც ახორციელებს აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ამჯერად ზურაბ შენგელიას სოხუმში ჩასვლას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. კერძოდ:
[ზურაბ შენგელიას ხმა] „მჭედელი ჩავიყვანეთ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს. ასეთი თხოვნით მოგვმართა აფხაზურმა მხარემ - ხელი შეგვეწყო აფხაზეთში სამჭედლო საქმის აღორძინებისთვის. არ დარჩა არც ერთი მჭედელი. მოვძებნეთ ასეთი მჭედელი, რომელიც იქ მოსწავლეებს აიყვანს.“

სოხუმში ყოფნისას კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა - აფხაზურენოვანი რადიო „ჰარას“ ჟურნალისტებმა ქუჩაში გამვლელები გამოკითხეს, თუ რა კითხვით მიმართავდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ. კითხვები ჩაიწერეს და უახლოეს ხანში მიხეილ სააკაშვილს გადასცემენ. რა კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა საქართველოს პრეზიდენტს? - ზურაბ შენგელიას თქმით, ყველაზე აქტუალური ასეთი კითხვები იყო:

[ ზურაბ შენგელიას ხმა] „აქვთ თუ არა აფხაზებს დამოუკიდებლობის უფლება; მეორე - საქართველოს მოსახლეობას მიაჩნია თუ არა, რომ დემოგრაფიული ვითარება ქართველების სასარგებლოდ ხელოვნურად შეიცვალა მეოცე საუკუნის შუა წლებში; და მესამე - სამშვიდობო გარანტიები, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ, რას უნდა ვენდო?“

როდის გასცემს პასუხს და როგორ პასუხს გასცემს მიხეილ სააკაშვილი აფხაზური საზოგადოების კითხვებს, ჯერ უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის კიდევ ერთი ინიციატივის არსი:
[ზურაბ შენგელიას ხმა] „გამოცხადდეს 2006 წელი აფხაზური ენისა და ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის წლად. შემუშავდეს სამუშაო პროგრამა და იქნებ ჩვენმა საზოგადოებამაც დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ვალდებულება, როგორ შევინარჩუნოთ მცირერიცხოვანი ეთნოსის კულტურა, ენა.“
XS
SM
MD
LG