Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

  • ნინო როდონაია

პენსიონერთა საპროტესტო აქციის ფონზე საქართველოს პარლამენტმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

ზოგადი პარამეტრები და ტენდენციები დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა, სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი თანხები კი პარლამენტს თავად მინისტრებმა დაუკონკრეტეს.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილია საპარლამენტო უმრავლესობა, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც პროექტს თავდაცვის ბიუჯეტად მოიხსენიებს. ვის რა თანხა ერგება მომავალ წელს და რას მოითხოვენ პენსიონერები, რომელთა პენსია, ბიუჯეტის მიხედვით, 10 ლარით გაიზრდება?

პარლამენტისთვის მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გაცნობისას, ჯერ პრემიერ-მინისტრმა, შემდეგ კი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა საქართველოში პენსიის 10 ლარით გაზრდაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს ტენდენცია არ შეჩერდება. პარალელურად პარლამენტის შენობასთან საკუთარ პრეტენზიებს ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე გამოთქვამდა რამდენიმე ასეული პენსიონერი. ისინი უკმაყოფილონი არიან არა მხოლოდ საბიუჯეტო თანხებით, არამედ საპენსიო კანონის იმ ცვლილებებით, რომელიც სტაჟისა და დამსახურების ფაქტორს აღარ ითვალისწინებს:

[აქციის მონაწილის ხმა] ,,ქართული ანდაზაა: ჯერ არ იყო ძმარიო და მერე ზედ დაასხეს წყალიო. დღემდე ეს რა არის და ამის მერე კიდევ რომ მიუარესებ... აგერ რომ გამოვივლიდი, ვხედავდი უცხოელებს, პენსიონერებს, ჯოხით ხელში, ფოტოაპარატით, შორტებში....ვაჰ-მეთქი, ნეტავ როდის მოვესწრები პენსიაზე გავიდე, ჩემს სოფელში მაინც წავიდე, ჩემს ნათესავებში გავიხარო გული-თქო!” (სტილი დაცულია)

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოში ე.წ. საბაზისო პენსია 38 ლარი იქნება, ამ სფეროსთვის განკუთვნილი საერთო თანხა კი 454 მილიონი ლარია, რასაც მთავრობა უპრეცედენტო ზრდას უწოდებს. ამ პარამეტრს სიამაყის საგნად მიიჩნევს პარლამენტის სახელისუფლებო ნაწილიც:

[ბესო ჯუღელის ხმა] ,,14 ლარი, ეს იყო მათი საოცნებო და ვერ იღებდნენ წლების განმავლობაში. ის, რომ გახდა 28 ლარი და დავალიანება არ არის, ეს უკვე არავის აღარ ახსოვს. ის, რომ გახდება 38 ლარი, 38 ლარი გაცილებით მეტია, ვიდრე იყო. მე თქვენ გეკითხებით, არის თუ არა ეს ზრდა? რაც შეეხება იმას, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს პენსიები, გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობები, მაგრამ უნდა მოაკლო სხვა პრობლემებს, როგორიცაა ენერგეტიკა. ეხლა თქვენ არ უსმენდით პრემიერ-მინისტრს? ენერგეტიკის პრობლემა საქართველოში გადაწყდა.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის წევრი ბესო ჯუღელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დღეს მთელი ქვეყანა განათებულია, წარმატებული საბიუჯეტო პროცესის შედეგად ქართულ არმიაში მიღწეულ პროგრესსაც მიიჩნევს.
თავდაცვის სფერო მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვითაც პრიორიტეტად რჩება და მისთვის განკუთვნილი თანხა 423 მილიონ ლარს აღემატება. ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის” დეპუტატი დავით საგანელიძე 2006 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, ზოგადად, სწორედ თავდაცვის ბიუჯეტს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული სოციალური სფეროს დაფინანსება ბიუჯეტის ზრდის პროპორციული არ არის:

[დავით საგანელიძის ხმა] ,,პროცენტულად, რაც იყო მთლიან შიდა პროდუქტთან და საერთო ბიუჯეტთან ჯანდაცვისა და სოციალურის ხვედრითი წილი, არათუ გაიზარდა, პირიქით, შემცირდა. ამაში ჩანს ტენდენცია, თორემ ციფრობრივად რომ გაიზარდა, ბუნებრივია. ბიუჯეტი გაიზარდა და, შესაბამისად, რაღაც ზრდა დაეტყობოდა ამ მუხლსაც. მაგრამ, სამწუხაროდ, პროცენტული გაყოლა არ მოხდა და ამიტომ ხელისუფლებას არანაირი უფლება არა აქვს დღეს თქვას, რომ მისთვის პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური სფერო იყო.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიცია არ უარყოფს, რომ თავდაცვის სფეროს სოლიდური ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს, თუმცა სხვა სფეროებთან შედარებით არსებული სერიოზული უპირატესობის დასაბუთებას მთავრობისგან მოითხოვს. ოფიციალურ საბიუჯეტო პრიორიტეტთა შორის მომავალი წლის ჩამონათვალში განათლების რეფორმის დასრულებასთან ერთად დასახელებულია ენერგეტიკა და გზების მშენებლობაც, ანუ ის ორი კომპონენტი, რომელიც ქვეყნის განვითარების პრეზიდენტისეული ფორმულის შემადგენელი ნაწილებია.
XS
SM
MD
LG