Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკასო აპარატების გამოუყენებლობაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა სამინისტრო ახალ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რითაც სალარო-საკასო აპარატების სისტემას დაარეგულირებს.

ცვლილებების პროექტით გამკაცრდება საჯარიმო სანქციები იმ ობიექტებისთვის, რომელიც სალარო აპარატს არ იყენებს. საფინანსო უწყება ვარაუდობს, რომ ამ ცვლილებებს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა მოჰყვება. მაინც რა ფისკალური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებებმა საგადასახადო კოდექსში?

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პაკეტს ამზადებს. ერთ-ერთი ცვლილება სალარო-საკასო აპარატების უქონლობის ან გამოუყენებლობის გამო საჯარიმო სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. დღემდე ამ სფეროს ”სალარო აპარატების შესახებ კანონი” არეგულირებდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის მიღებული. ახალი საგადასახადო კოდექსი კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ გასული წლის ბოლოს მიიღო და მასში სალარო აპარატების გამოყენების ან გამოუყენებლობის შემთხვევაში მარეგულირებელი დებულება გამორჩა, რის გამოც გარკვეული საკანონმდებლო უხერხულობა შეიქმნა. დღეს საფინანსო უწყება ამ ვაკუუმის ამოვსებასა და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით კიდევ ერთი მკაცრი ნორმის შემოტანას ცდილობს.

ამჟამად მოქმედი დებულება სალარო აპარატის უქონლობის შემთხვევაში სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტს 500 ლარის ადმინისტრაციულ სასჯელს აკისრებს, ხოლო თუ ობიექტს ამგვარი აპარატი აქვს, მაგრამ არ იყენებს, ჯარიმის სახით 200 ლარის გადახდა მოუწევს. წლების განმავლობაში საკონტროლო სალარო აპარატების დადგმის წესების დარღვევისათვის გატარებული სანქციებით სახელმწიფო ბიუჯეტში გარკვეული თანხა შედიოდა, თუმცა მისი ფისკალური ეფექტი უმნიშვნელო გახლდათ. მაგალითისათვის, გასულ წელს საჯარიმო სანქციების გამოყენების ხარჯზე ბიუჯეტმა 1 მილიონ 400 ათასი ლარი მიიღო. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ საკონტროლო საკასო აპარატების მოხმარების წესების გამკაცრება გადასახადების აღრიცხვის მოწესრიგებისათვის მიღებული ზომაა და თავად ჯარიმები არ უნდა განვიხილოთ, როგორც ბიუჯეტის შევსების სოლიდური წყარო:

[დავით ნარმანიას ხმა] ”ჯარიმა არასდროს მნიშვნელოვანი მომენტი არ არის და ჯარიმის სახით მიღებული შემოსავლები სალარო აპარატის არარსებობის შემთხვევაში, ვიდრე ის აღრიცხული თანხა, რომელმაც გაიარა სალარო აპარატი, ანუ გაყიდული საქონლის ან მომსახურების რაოდენობა, რომელიც იქნა აღრიცხული სალაროს მეშვეობით და ამის შედარება იმ საქონლისა და მომსახურების ოდენობასთან, რომელიც არ იქნა აღრიცხული და რომელიც პრაქტიკულად დაკარგულია ბიუჯეტისთვის, როგორც შემოსავალი.”(სტილი დაცულია)


ახალგაზრდა ეკონომისტები ფიქრობენ, რომ საგადასახადო კოდექსში სალარო აპარატების დებულების შეტანა საგადასახადო კულტურის ზრდას შეუწყობს ხელს. ამასთან, ძველი, თუმცა ამჟამად მოქმედი, კანონი ბევრ უხერხულობას ქმნის როგორც გადასახადის გადამხდელის, ისე მაკონტროლებელი ორგანოებისთვის, რადგან ”სალარო აპარატების შესახებ” კანონის თანახმად, ერთ-ერთი მუხლი ცალკეულ ობიექტს, რომელიც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებით ახდენს ანგარიშსწორებას, სალარო აპარატების ქონას არ ავალდებულებს, თუმცა კანონი არ აკონკრეტებს რა იგულისხმება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტში, ეს კი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. დავით ნარმანია ფიქრობს, რომ გარკვეული უხერხულობები ახალი ცვლილებების შემდეგაც არ იქნება გამორიცხული:

[დავით ნარმანიას ხმა] ”უნდა აღინიშნოს ერთი ასეთი მომენტი - უფრო დეტალიზებას საჭიროებს ის სფეროები, რომელთაც არ მოეთხოვება სალარო აპარატების არსებობა. აქ საუბარია იმაზე, რომ ძველ კანონში იყო ასეთი ჩანაწერი: ის, ვინც ოპერაციებს აწარმოებდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების მეშვეობით, მას არ ჰქონდა ვალდებულება, რომ დაედგა სალარო აპარატი. ახლა ასეთი ჩანაწერი აღარ იქნება, ეს კანონი უქმდება და საგადასახადო კოდექსში ხდება გარკვეული დებულებების შეტანა ამ სალარო აპარატებთან დაკავშირებით. თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისეთი ობიექტისთვის აპარატის ქონა, როგორიცაა სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები, ტაქსები, ტრანსპორტის აღრიცხვიანობა და ა.შ.”. (სტილი დაცულია)

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სალარო აპარატების შესახებ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური ადმინისტრირების გამკაცრების მიმანიშნებელია, მაინც პროგრესული ნოვაციაა, რამაც საგადასახადო უწყებებსა და გადასახადის გადამხდელს შორის ცივილიზებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG