Accessibility links

რა შედეგებით დასრულდა ლტოლვილთა და დევნილთა პრობლემებისადმი მიძღვნილი კვირეული


28 ნოემბრიდან, 5 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, ”კრინგომ”, ლტოლვილთა და

დევნილთა პრობლემატიკისადმი მიძღვნილი უამრავი აქცია მოაწყო. ამ გზით ”კრინგო”, რომელშიც საქართველოდან 37 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, ცდილობს საქართველოში მცხოვრებ დევნილთა და ლტოლვილთა პრობლემები შეისწავლოს და მათ შესახებ ხელისუფლებას აცნობოს. რამდენად მოხერხდა ეს ორი დღის წინ დასრულებული კვირეულის ფარგლებში?

თუ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა პრობლემები საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, - ესენია: სიდუხჭირე, უბინაობა, უმუშევრობა და სხვ., - თითქმის არაფერია ცნობილი საქართველოში განსახლებული მესხი რეპატრიანტების პრობლემების შესახებ.

კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის ”კრინგოს” მიერ ჩატარებული ერთკვირეულის მანძილზე გაირკვა, რომ გურიაში, - კერძოდ კი, ოზურგეთის რაიონში - მესხი რეპატრიანტების 70-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ, ძირითადად, იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც მათ გვერდით მცხოვრებ ძირძველ გურულებს. ერთ-ერთია სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხი. ქსელის ერთ-ერთი ლიდერის, კლარა ბარათაშვილის, განცხადებით, ისევე როგორც მესხ რეპატრიანტებს, ადგილობრივ გლეხებსაც მიწის პრივატიზებისას იმაზე ბევრად ნაკლები ნაკვეთი გადასცეს, ვიდრე ამას კანონმდებლობა მოითხოვდა:

[კლარა ბარათაშვილის ხმა] ”აღმოჩნდა, რომ თითოეულმა ოჯახმა 0,4 ჰექტარი მიწა მიიღო. ყველამ თქვა, რომ 0,4 ჰექტარი მიწა გლეხისთვის მომაკვდინებელია. ჩვენ ეს ფრაზა და ციფრი გუბერნატორს შევატყობინეთ. მისთვის ეს სიახლე აღმოჩნდა, ანუ ჩვენ გუბერნატორს იმის აღმოჩენაში დავეხმარეთ, რომ ხალხს არა აქვს მიწა.”

გურიაში პრეზიდენტის რწმუნებულად ალეკო ცინცაძე დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა და ”კრინგოს” დახმარებით აღმოჩენილი პრობლემის გამოსწორების პირობაც დადო.

თუ მიწის საკითხი ერთნაირად აწუხებთ როგორც გურულებს, ისე მესხ რეპატრიანტებს, არის ისეთი სპეციფიკური პრობლემა, რომელიც მხოლოდ კომუნისტური რეჟიმით დაზარალებულებს გამოარჩევს. ესაა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა პენსია, რომელიც 45 ლარს შეადგენს და რომლის გაცემაზეც უარს ამბობს საქართველოს საპენსიო ფონდის ოზურგეთის განყოფილება. აი, რა უთხრა კლარა ბარათაშვილს ამ განყოფილების უფროსმა გიგა ხარაბაძემ:

[კლარა ბარათაშვილის ხმა] ”მან თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის კანონი არ არის, მე ვემორჩილები ინსტრუქციასო. როდესაც ჩვენ ავუხსენით, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა ყველა უწყებისათვის, მან თქვა, ჩემთვის ეს კანონი არ არისო. თქვენ თუ თბილისიდან მომიტანთ ცნობას ჩემი უფროსისგან, მხოლოდ მაშინ დავუნიშნავთ პენსიასო.”

“კრინგოს” წევრებს იმედი აქვთ, რომ, დევნილთა და ლტოლვილთა პრობლემატიკისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისში, მთავრობის ცენტრალურ ორგანოებში, გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ოზურგეთში აღმოჩენილ პრობლემას ადრე თუ გვიან დაძლევენ და მესხი რეპატრიანტები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა პენსიას მიიღებენ.

კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი იმასაც იმედოვნებს, რომ კვირეულის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილთა უამრავი წვრილმანი პრობლემის აქტუალიზება და გადაწყვეტა მოხერხდა - ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა, მაგალითად, ომის ვეტერანის პენსიის დანიშვნა თუ დევნილთა უღარიბესი ოჯახების ბავშვებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა. ამ და სხვა პრობლემებს საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებას კვირეულის დღეებში შექმნილი ვიდეოკლიპიც ხშირად შეახსენებს.
XS
SM
MD
LG