Accessibility links

logo-print

რა მიზნებს ემსახუბება ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში აშშ-ის ბაზების შექმნა


ყოფილი საბჭოთა ბლოკის აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს შორის რუმინეთი პირველია, რომელშიც შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები შეიძლება შეიქმნას.

ამის შესახებ რუმინეთსა და ამერიკას შორის დოკუმენტს სამშაბათს მოეწერა ხელი ბუქარესტში.

ამერიკა უკვე ფლობს მსოფლიოში ყველაზე მეტ სამხედრო ბაზას. რას ესწრაფვის იგი უცხოეთში ბაზების რაოდენობის გაზრდით?

სამშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტისა და დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ერთობ კმაყოფილი ჩანდა რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ.

[ბასესკუს ხმა] "ეს შეთანხმება რუმინეთს უსაფრთხოების მსოფლიო სისტემაში მოაქცევს და მნიშვნელოვან როლს აკისრებს მას. ამ შეთანხმების ხელმწერისა და რუმინეტის პარლამენტის მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ რუმინეთი სტაბილურობის ბურჯი გახდება რეგიონში."

რუმინეთსა და მეზობელ ბულგარეთში სამხედრო ბაზების ქონა შეერთებულ შტატებს დიდ დახმარებას გაუწევს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციების წარმოებაში.

მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია პრეზიდენტ ბუშის სტრატეგიისა, რომელიც დასავლეთი ევროპიდან ჯარების უფრო აღმოსავლეთით გადაჯგუფებას ითვალისწინებს.

კატოს კვლევითი ცენტრის ექსპერტის, გეილენ კარპენტერის თქმით, ეს ორი მიზნით არის განპირობებული. ესაა, ჯერ ერთი, "ალ-ყაიდის" წინააღმდეგ მოქმედების გაუმჯობესება და მეორე - ჩინეთისა და რუსეთისთვის არაორაზროვანი მესიჯის გაგზავნა, რომ ახლა ეს შეერთებული შტატების გავლენის სფეროა.

როგორც კარპენტერმა უთხრა ჩვენს რადიოს, უფრო კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის სტრატეგიული მიზანია ალყაში მოაქციოს რუსეთი, რომელმაც ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ დემოკრატიის ერთგული და დასავლეთის მეგობარია. აქვე შევნიშნავ, რომ ამერიკას უკვე მოეპოვება სამხედრო ბაზა ყირგიზეთში და იგი ცენტრალურ აზიაში სამხედრო ყოფნის გაფართოებას ესწრაფვის.

ამის საპასუხოდ, რუსეთი შეეცდება გააუმჯობესოს ურთიერთობები ჩინეთთან, ცენტრალურ აზიასთან და კავკასიასთან.

ექსპერტების აზრით, პუტინის მთავარი საზრუნავია, სტაბილიზაცია მოახდინოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მოლდავეთი, საქართველო, აზერბაიჯანი. იგი უფრო ენერგიული იქნება ამ რეგიონებში და შეეცდება ამერიკის გავლენა გააწონასწოროს.

რაც შეეხება ცენტრალურ აზიას, მოსკოვი უკვე ცდილობს გამოიყენოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ამ რეგიონში თავის გავლენის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG