Accessibility links

logo-print

ეთანხმება თუ არა რუსეთი ეუთოს საქართველოდან და მოლოდოვეთიდან ჯარების გაყვანის საკითხში?


ლიუბლიანაში გამართული ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოსათვის მხარდამჭერი განცხადებით დასრულდა,

რითაც ერთგვარად გაიფანტა ის დაძაბულობა, რაც შეხვედრის პირველ დღეებში რუსეთის წინააღმდეგობრივმა პოზიციამ წარმოშვა. თბილისში ეუთოს შეხვედრას "ეტაპობრივს" უწოდებენ და იმედი აქვთ, რომ რუსეთი უფრო კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში.

საქართველოს პოლიტიკური წრეები სახტად დატოვა სააგენტო “ფრანს-პრესზე” დაყრდნობით ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს რუსეთმა დაბლოკა ეუთოს ის დადგენილება, რომელიც საქართველოდან და მოლდოვეთიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას მხარს უჭერს. პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მოლოდავეთთან ერთად საქართველოს ხსენება, რომელთანაც რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 30 მაისს უკვე ხელმოწერილი აქვს შეთანხმება სამხედრო ბაზების ეტაპობრივად დახურვის შესახებ, გაუგებრობაა და რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას ვერაფერი ვეღარ შეაფერხებს.

[გიგა ბოკერიას ხმა] “იმ გრაფიკს ისედაც ვერაფერი დააბრკოლებდა, ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური ნების ფარგლებში. ფაქტობრივ წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ თუ არა - ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამ მხრივაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ თვითონ. რა თქმა უნდა, დამატებითი პოლიტიკური ინსტრუმენტია ეუთოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით და რახან ეს იქნა მიღწეული, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია.” საბოლოოდ, საგარეო საქმეთა მინისტრების ლიუბლიანის შეხვედრაზე საქართველოს ირგვლივ გაკეთებულ განცხადებას რუსეთიც შეუერთდა. განცხადების ტექსტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში შექებულია საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მხარდაჭერილია ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების ის გეგმა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას პრეზიდენტმა მიხელი სააკაშვილმა გააცნო. თუმცა, ეუთო რატომღაც კვლავ მოუწოდებს მოკონფლიქტე მხარეებს არ გადაუხვიონ სოჭის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმებას. განცხადებაში ასევე არაფერია ნათქვამი რუსეთის სამშვიდობო ძალებზე, რომლის გაყვანის მოთხოვნის დადგენილებაც საქართველოს პარლამენტმა 1 თვის წინ მიიღო. პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი მაშინ რუს მშვიდობისდამცველებს კრიმინალურ საქმიანობაში სდებდა ბრალს.

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ასევე მანევრების ჩატარება და სამხედრო მზადება, რომელსაც ისინი აკეთებენ და ტერაქტების მომზადება, რომელიც მოხდა ამ მშვიდობისმყოფლებისგან. ეს აუტანელი და ყველაზე მეტი ცინიზმი არის პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლების დანიშვნა სხვადასხვა თანამდებობაზე.”

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში ხაზი ესმება “არსებული მოლაპარაკებების მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის საჭიროებას, შერეული საკონტროლო კომისიის ჩათვლით” და ასევე, აუსცილებლობას, მოხდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თვითაღიარებული სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის შეხვედრა. თუმცა, მას შემდეგ რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ედუარდ კოკოითი კრიმინალური ქსელის ხელმძღვანელად გამოიყვანა, უცნობია, წავა თუ არა იგი თბილისთან მოლაპარაკებაზე.
XS
SM
MD
LG