Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის კოდექსი - საყოველთაო მობილიზების საგანი


საქართველოში მოღვაწე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის მოსახლეობის საყოველთაო მობილიზების საგნად შრომის კოდექსს ასახელებენ. ამ საქმეში მათთან

სოლიდარულები არიან ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომითი ურთიერთობების ექსპერტები, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული სიახლეები დაქირავებულ მშრომელთა მიმართ აშკარად დისკრიმინაციულია. დისკრიმინაციის ძირითად ფორმებზე საუბარი კიდევ გვექნება. მანამდე კი შევნიშნავთ, რომ შრომის კოდექსის გარშემო მობილიზაცია საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სიფხიზლით გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზაცია ჯერ მხოლოდ გამოცხადდა, პირველ პოზიტიურ შედეგზე საუბარი უკვე შეიძლება. შრომის კოდექსის საბაზისო პროექტის საპარლამენტო პლენარული განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო.


შრომის კოდექსის გარშემო გაცხოველებული საკანონმდებლო დავის ფონზე, მთავარი საკითხავი ის არის, შრომის კოდექსის უკვე არსებული პროექტებიდან რომელი გახდება საბაზისო დოკუმენტი. ჯერჯერობით შრომის კოდექსის საბაზისო პროექტად მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილება. ამას გარდა, მოგეხსენებათ, კიდევ ორი სხვა ალტერნატიული პროექტიც არსებობს. მათგან ერთი პარლამენტის იურიდიულ და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა მოამზადეს, მეორე კი - არასამთავრობო ორგანიზაცია“თავისუფლების ინსტიტუტმა.“ საქართველოში მოღვაწე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ სამი პროექტიდან უპირატესობას პარლამენტის კომიტეტების საკანონმდებლო პაკეტს ანიჭებენ და მზად არიან მისი დახვეწის პროცესში აქტიურად ჩაერთონ. რაც შეეხება მათ მიერ კატეგორიულად დაწუნებულ სამთავრობო პროექტს, არსებობს იმედი, რომ პარლამენტი მას ან გვერდზე გადადებს, ან საფუძვლიანად შეასწორებს.


[თეონა კვიციანის ხმა]“ ბატონმა ირაკლი პეტრიაშვილმა ბატონ მიხეილ მაჭავარიანისაგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ სახით, რა სახითაც შევიდა პროექტი მთავრობიდან პარლამენტში, არავითარ შემთხვევაში არ იქნება მიღებული და საქართველოს პარლამენტი არ დაუჭერს მხარს ისეთი პროექტის მიღებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხისთვის და ერისთვის არ იქნება სასარგებლო.“


როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან არსებული ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეონა კვიციანმა გვითხრა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სახელით მთავრობისა და პარლამენტის შესაბამისი კომპეტენტური პირების სახელზე გაგზავნილი საგანგებო წერილი შრომის კოდექსის სამთავრობო პროექტს აკრიტიკებს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული შრომის უფლების დარღვევის, სამუშაო დღის ხანგრძლივობის გაზრდის, შვებულების დღეების საგრძნობი შემცირების, დაქირავებულთა უფლებების არამართებულად შეზღუდვის,მშობიარეთა და ორსულთა სოციალური გარანტიების იგნორირებისა და მთელი რიგი სხვა პრინციპების გამო.


პროფკავშირების გარდა, ქალთა და სხვა ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ შრომის კოდექსის სამთავრობო ვერსია ქვეყნის შიგნით ტრეფიკინგს აკანონებს და შრომითი მიგრაციის საფრთხეს ზრდის. ამ და სხვა საფრთხეების გათვალისწინებით, ქალთა და სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ერთობლივად შეიმუშავეს კომენტარებისა და რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ყველა სამთავრობო და საპარლამენტო უწყებაში დაიგზავნება.


[მაია კუპრავა–შერვაშიძის ხმა]“ ჯერჯერობით ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, ყველა იმ ავტორს, რომელსაც აქვს შემუშავებული შრომის კოდექსი, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მხრიდან მიწოდებული რეკომენდაციები, რომელიც ეყრდნობა თავიდან ბოლომდე იმ საერთაშორისო ვალდებულებებს და იმ დემოკრატიულ პრინციპებს, რასაც უნდა ატარებდეს საქართველო. და თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი საკუთარი შრომის კოდექსის ვარიანტი თავიდან ბოლომდე უზრუნველვყოთ და წარვუდგინოთ ის უკვე ხელისუფლებას.“(სტილი დაცულია)


მარტოხელა მშობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მაია კუპრავა–შერვაშიძის ნათქვამიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ბუნებაში შრომის კოდექსის კიდევ ერთი პროექტი გაჩნდეს. შრომის კოდექსის გარშემო საყოველთაო მობილიზაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლომდე ბრძოლისა და წარმატების იმედით აცხადებენ.
XS
SM
MD
LG