Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების რეგიონი სახელმწიფოებრიობის ნიშნებს იძენს


ერაყში საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა. დღევანდელი ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, სამწუხაროდ, არ შემცდარან ვარაუდით, რომ 15 დეკემბრის კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად ერაყში ძალადობა იმატებდა.

მაგრამ ახლა ვისაუბრებთ რეგიონზე, რომელშიც ერაყისთვის უჩვეულო სიმშვიდე სუფევს: ქურთების რეგიონზე. ის ჩრდილოეთ ერყში მდებარეობს და, როგორც ჩვენი კორესპონდენტი, ჩარლზ რეკნაგელი იუწყება რეგიონის დედაქალაქ ირბილიდან, გარკვეული კეთილდღეობის, ის კი არა, სახელმწიფოებრიობის ნიშნებსაც ატარებს.

პირველი, რაც ჩვენს კორესპონდენტს, მისივე თქმით, თვალში მოხვდა იყო ის, რომ ... ერაყის დროშას თვალი ვერ მოკრა. არა, ერაყის დროშები აქა-იქ არის ქურთთა რეგიონში, მაგრამ გაცილებით უფრო მეტს იხილავთ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის დროშას - ეს არის ტრიკოლორი (მწვანე-თეთრი-წითელი) ცენტრში მზის გამოსახულებით. დროშას ახლავე დვუბრუნდებით, ახლა მოკლე ინფორმაცია ქურთების შესახებ:

ქურთები უმეტესწილად სუნიტი მუსლიმანები არიან. მათი რიცხვი, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 15-დან 20-ც მილიონამდე მერყეობს. ტერიტორია, რომელზეც ისინი ცხოვრობენ თურქეთს, ერაყს, ირანს, სირიასა და სომხეთს ეკუთნვის. ქურთული ენა სპარსულს ენათესავება. 1920-ც წლის სევრის საზავო ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ქურთების სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასაც ითვალისწინებდა, მაგრამ საქმე აქამდე არასოდეს მისულა. ქურთები, როგორც მსმენელმა იცის, საქართველოშიც ცხოვრებენ, მაგრამ ერაყს დავუბრუნდეთ, ქურთულ რეგიონს.

დროშა მზის გამოსახულებით მხოლოდ ერთ-ერთია მრავალი ნიშნიდან, რომელიც აჩვენებს: ერაყელი ქურთები ნელ-ნელა აყალიბებენ სულ უფრო დამოუკიდებელ, ეკონომიკურად სულ უფრო ძლიერ - ავტონომიას. მაშინ, როცა ერაყის დანარჩენ ტერიტორიაზე უსაფრთხოების პრობლემებს ვერ აუდიან, როცა ქუჩაში გასვლას განსაკუთრებით გაბედულები თუ ბედავენ, ქურთულ რეგიონში - უცხოელი ბიზნესმენებიც კი მცველების გარეშე დასეირნობენ ქუჩაში. ისინი, როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა შეიტყო, რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე მუშაობენ, აარსებენ შტაბ-ბინებს, რათა იქიდან მთელს ერაყზე გაშალონ საქმიანობა. სამშობლოში ბრუნდებიან ემიგრანტებიც, აქამდე გერმანიას, ევროპის სხვა ქვეყნებს რომ იყვნენ შეკედლებული. ამასთან ბევრი ბრუნდება პირდაპირი ავიარეისებით, რაც, ერთგვარი, სიმბოლური მნიშვნელობით დატვირთული სიახლეა.

[კავა ბესარანის ხმა] “რამდენჯერ იყო, რომ ჩვენს სამშობლოში, ქურთისტანში დასაბრუნებლად საათობით ფრენა გვიწევდა, ან საათობით მგზავრობა მანქანით, საათობით დგომა საზღვართან - დამცირების ასატანად, პოლიციელების შეკითხვების მოსასმენად. “მაჩვენეთ თქვენ დოკუმენტი!”, “საით მიემგზავრებით?” “რა გქვიათ?” და ა.შ. ასე იყო ქარში, წვიმაში. აი, ყოველივე ამან გადამაწყვეტინა ამ პროექტის წამოწყება”. პროექტი, რომელზეც კავა ბესარანი ლაპარაკობს, გახლავთ Sawan Airlines - ქურთული ავიაკომპანია, რომელიც ჩარტერული რეისების შესასრულებლად თვითმფრინავებს ქირაობს. ავიაკომპანია კერძო ინვესტორების ხელშია - ქურთი ინვესტორების, ისევე როგორც Kurdish Airlines. მიზანია, ბოლო მოეღოს რეგიონის იზოლაციას - იმ ხანას, როცა მასში ჩასვლა მხოლოდ ბაღდადის გავლით იყო შესაძლებელი, ან კიდევ მანქანით უნდა დაგეფარა გრძელი გზა თურქეთის, სირიის, ან ირანის გავლით. ქურთული უმცირესობები, როგორც უკვე ითქვა, ამ ქვეყნებშიცაა, თუმცა, მკაცრად კონტროლდება: თეირანში, ანკარაში, დამასკში ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქურთული ნაციონალიზმის მომძლავრებას.

მაგრამ რა მოხდება ერაყში? ქურთები ფართო ავტონომიას - ეკონომიკურ გაძლიერებასა და სახელმწიფოებრიობის ცალკეულ ნიშნებს - დაკმაყოფილდებიან, თუ სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვენ?

[ადნან მუფტის ხმა] “ადვილი არ არის რუკის შეცვლა ახლა, ამ მომენტში. ამის გამო ვფიქრობთ, რომ ქურთებისვე ინტერესებშია, ქურთების მომავლის ინტერესებში, დაველოდოთ ერაყში მოვლენების განვითარებას - რომ ახალი ერაყი იყოს დემოკრატიული, ფედერალური ერაყი”,- ამბობს ერაყის ქურთული რეგიონის, ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პარდლამენტის თავმჯდომარე ადნან მუფტი. ის გამოთქვამს იმავდროულად იმედს, რომ რეგიონის ბოლოდროინდელი წარმატებები მეზობელი სახელმწიფოების ქურთულ უმცირესობებსაც გაამხნევებს, დაარწმუნებს მათ ფედერალიზმისა და დემოკრატიის მოთხოვნით მიზანშეწონილობაში... [ადნან მუფტის ხმა] “და ეს წარმატებები იქნება კარგი მაგალითი ჩვენი ქურთი ძმებისათვის თურქეთში, ირანში, ან სირიაში, იბრძოლონ დემოკრატიისათვის, საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად”.

ერაყელი ქურთები და დანარჩენი ერაყელები 15 დეკემბერს მივლენ საარჩევნო უბნებზე და აირჩევენ ახალ პარლამენტს, რომელმაც ქურთებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც უნდა იმუშაონ. მათ შორისაა ქურთების მოთხოვნა, მათს რეგიონს მიუერთონ ქალაქი ქირქუქი. მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ქურთებისთვის იოლი არ იქნება: ქირქუქი მდიდარია ნავთობით და მასზე უარს იოლად არავინ იტყვის.
XS
SM
MD
LG