Accessibility links

აიკრძალება თუ არა თბილისში გაზეთებით გარევაჭრობა


სამიოდე დღის წინ თბილისის საპატრულო პოლიციამ ვაგზლის მოედანზე უხვად განლაგებული ჟურნალ-გაზეთებით მოვაჭრეებს ნაბეჭდი პროდუქციის რეალიზება აუკრძალა.

ამის მიზეზად სამართალდამცველებმა გარევაჭრობისთვის საჭირო ლიცენზიების უქონლობა დაასახელეს. თუმცა მოგვიანებით ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებლებმა მაინც შეძლეს პრესის გავრცელების პროცესის განახლება. მაგრამ პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება, რადგან ლიცენზიების გაცემა შეჩერებულია და არავინ იცის მომავალში რა წესით განხორციელდება ჟურნალ-გაზეთებით გარევაჭრობა.

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ერთი თვალის გადავლებითაც თვალში გეცემათ უამრავი სახელდახელოდ მოწყობილი დახლი, სადაც ჟურნალ-გაზეთები იყიდება. ისინი ახლაც განაგრძობენ პრესის გავრცელებას, იმის მიუხედავად, რომ გარევაჭრობის ნებართვების, ლიცენზიების გაცემა უკვე თითქმის 4 თვეა შეჩერებულია. მე ქუჩაში ნაბეჭდი პროდუქციის რეალიზატორებს გავესაუბრე და ვკითხე, იციან თუ არა, რომ გარევაჭრობა ეკრძალებათ.

[გაზეთებით მოვაჭრეთა ხმა] ”არა, არ ვიცი...” ”არ ვიცი ნამდვილად...”

გაზეთების გამავრცელებელ ამ ქალბატონებს - ეგრეთ წოდებულ ”კრიკუნებს” - შორის ვიპოვე ისეთიც, რომელიც პრესაში გასცნობია ინფორმაციას ჟურნალ-გაზეთებით გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ.

[გაზეთებით მოვაჭრის ხმა] ”ალიაში” წავიკითხეთ გუშინ, მაგრამ გადაწყვეტილი არ არის - 1 თვეში გადაწყდებაო...”

ერთი თვის მანძილზე თბილისის მუნიციპალიტეტი იმ წესის მომზადების პირობას იძლევა, რომლის მიხედვითაც, ხილ-ბოსტნით მოვაჭრეების მსგავსად, ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებლებიც გარევაჭრობის უფლებას მიიღებენ. ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, გარემოვაჭრეებმა ქალაქის არქიტექტურის სამსახურისგან იჯარით უნდა აიღონ პრესის გავრცელებისთვის გამიზნული ადგილები.

თუმცა დედაქალაქის მერიაში უფრო მეტი კონკრეტიკისაგან თავს იკავებენ, რადგან პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა.

გაზეთმა ”ალიამ” ვრცელი სტატია მიუძღვნა იმას, თუ რამდენად მართებულია ასეთი გაურკვევლობის ვითარებაში ვაგზლის მოედანზე საპატრულო პოლიციის მიერ “კრიკუნებისთვის” პრესის გავრცელების აკრძალვა. მე “ალიას” კორესპონდენტს მარიტა დამენიას ვთხოვე, აზრი გამოეთქვა ხელისუფლების ქმედებების თაობაზე, რომელთა წყალობით კითხვის ქვეშ დადგა ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების პრინციპი.

[მარიტა დამენიას ხმა] ”ფაქტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რატომ სჭირდება მერიას 6 თვიანი მუშაობა რაღაც მარტივი წესის პრაქტიკაში დასანერგად? ძალიან არ გვინდა ეს ასე იყოს, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მეთოდი პრესაზე ზეწოლის მოსახდენად...”(სტილი დაცულია)

ხელისუფლების სხვადასხვა დონის სხვადასხვა ჩინოვნიკი ირწმუნება, რომ ეს ასე არ იქნება და უახლოეს მომავალში ყველაფერი მოწესრიგდება. ამის იმედი აქვს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელ ნოდარ თოფურიძესაც:

[ნოდარ თოფურიძის ხმა] ”რაც შეეხება ლიცენზირების ახალი კანონმდებლობის შემოღებას, სანამ არ დადგინდება კონკრეტული წესები, მანამდე მოქმედებს ძველი წესები...”

ჯერჯერობით ეს ასეა და კონკრეტული წესების დადგენამდე არავინაა დაზღვეული ისეთი შემთხვევებისაგან, როგორიც სამიოდე დღის წინ ვაგზლის მოედანზე მოხდა.
XS
SM
MD
LG