Accessibility links

საქართველოს B+ რეიტინგი მიენიჭა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standart&Poor’s Rating Services (S&P) საქართველოს პირველად ანიჭებს გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს. S&P-ს შეფასებით,

საქართველო B+ რეიტინგს იმსახურებს. რას ნიშნავს საქართველოსთვის საერთაშორისო რეიტინგის მინიჭება და რა პარამეტრების მიხედვით შეფასდა ქვეყანა?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სააგენტო „სტანდარტ ენდ ფუარს რეიტინგ სერვისმა“ (Standard & Poor’s Rating Services (S&P)) საქართველოს გრძელვადიანი სუვერენული რეიტინგი მიანიჭა. საქართველო თავისი არსებობის ისტორიაში პირველად იღებს რეიტინგს, რაც, ექსპერტთა შეფასებით, ინვესტორებს ქვეყანაში კაპიტალის დაბანდების გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად გაუადვილებს.

ფინანსთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ საქართველოსთვის B+ სუვერენული რეიტინგის მინიჭება შემდეგი ფაქტორებით აიხსნება: საქართველოს მთავრობის სწორი ფინანსური პოლიტიკა, კორუფციის შემცირება, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული სტრუქტურული რეფორმები, საგადასახადო რეფორმა, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება.

თუმცა S&P აქვე მიუთითებს, რომ საქართველოსათვის უფრო მაღალი რეიტინგის მიღებას ხელი შეუშალა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: დაბალი ლიკვიდურობა საზღვარგარეთ, ინფლაციის ჯერ კიდევ მაღალი ტემპი, ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე, გაუმართავი ინსტიტუციური მოწყობა და პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც რეგიონალურ კონფლიქტებში გამოიხატება.

S&P საკრედიტო რეიტინგს ანიჭებს როგორც კერძო კომპანიებს, ისე სახელმწიფოებს. ქვეყნებისათვის სუვერენული რეიტინგის მინიჭება, სტანდარტული პროცედურების დაცვით, შესადარისი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ხდება. თავად ”სტანდარტ ენდ ფუარსი” იმ ავტორიტეტულ სარეიტინგო კომპანიების რიცხვში შედის, რომელთა კვლევებს ინვესტორები ითვალისწინებენ ამა თუ იმ ქვეყანაში კაპიტალდაბანდებების განხორციელების წინ.

საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ ქვეყნის რეიტინგი გამოდის ქვეყნის პოლიტიკური რისკებიდან და მისი წამყვანი კორპორაციების მაჩვენებლებიდან. მას მიაჩნია, რომ საქართველოსათვის რეიტინგის მინიჭება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.

[გიორგი ცუცქირიძის ხმა] ”ზოგადად ”3ა” როცა აქვს ქვეყანას რეიტინგი, ეს ითვლება აბსოლუტურად სტაბილურ ქვეყნად, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად. ეს, ძირითადად, ”დიდი შვიდეულის” ქვეყნებია და პირობითი მაჩვენებელი მათი რისკებისა არის 20-35%. რაც შეეხება ქვედა დონეს, ანუ ურეიტინგო ქვეყნებს, მათი რისკის მაჩვენებელი არის 150-200 %. ახლა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ინვესტორის არჩევანი, როდესაც ის შედის ასეთი ტიპის ქვეყანაში. ამიტომ, როდესაც ქვეყანას მინიჭებული აქვს რეიტინგი და ეს რეიტინგი არის კარგი, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ინვესტირების რისკი არის დაბალი.” (სტილი დაცულია)

სუვერენული რეიტინგის მიხედვით, ინვესტორს შეუძლია განსაზღვროს რამდენად მდგრადია ქვეყანა, როგორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რამდენად შეუძლია მოემსახუროს აღებულ სუვერენულ სესხებს, როგორია დეფოლტის რისკი და ა.შ.

”სტანდარტ ენდ ფუარსის” რეიტინგით კმაყოფილებას ვერ მალავს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე, რომელმაც საქართველოს დაახლოებით 10 წელიწადში AAA რეიტინგის მიღება უსურვა. ქართველი ბანკირები კი საქართველოს მიერ სუვერენული რეიტინგის მიღებას ერთმანეთს ულოცავდნენ, რადგან ეს მათთვის უცხოურ კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ნიშნავს, რაც, ექსპერტთა შეფასებით, დადებითად იმოქმედებს ქართულ საბანკო სექტორზე კრედიტების გაიაფების თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG