Accessibility links

გაისად რეზერვისტების მომზადება კვლავ გაგრძელდება


საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში, მართალია, ცალკე მუხლად არ არის შეტანილი, მაგრამ სახელმწიფო კვლავ აპირებს გაისადაც გააგრძელოს

რეზერვისტთა გადამზადების პროგრამა, რომელზეც შარშან 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა რეზერვისტთა ბატალიონების დაკომპლექტების წესი და მათი მომზადების ხარისხი კვლავ დავის საგანია. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკრებულოში წინა კვირას მომხდარ ცემა-ტყეპაში ის დეპუტატებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც, წესით, სარეზერვო შეკრებაზე უნდა იმყოფებოდნენ საჩხერეში.

9 დეკემბერს საჩხერეში, ეროვნული გვარდიის ბაზაზე, საზეიმოდ დაიხურება მე-18 - და, ამ წლის განმავლობაში, ბოლო - სარეზერვო შეკრება, რომელიც ამჯერად თბილისის საკრებულოსა და მერიის აპარატის თანამშრომლებს შეეხოთ. რეზერვისტთა ბატალიონს, რომელიც თბილისიდან 21 ნოემბერს გაემგზავრა საჩხერეში, თავად საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი მეთაურობს. განაწესის თანახმად, სარეზერვო შეკრებაზე მყოფი თანამდებობის პირი თავისუფლდება ადრე დაკისრებული მოვალეობისაგან. თუმცა ბატონი ბეგაშვილი და რამდენიმე რეზერვისტი-დეპუტატი თბილისის ბიუჯეტის განსახილველად რამდენჯერმე ჩამოვიდა თბილისში. ზოგიერთი მათგანი კი, როგორც “ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, გასულ პარასკევს საკრებულოში ოპოზიციონერთა ცემა-ტყეპაშიც მონაწილეობდა:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ჩვენ ასე ვიცოდით, რომ საკრებულოს უმრავლესობა და აპარატის თანამშრომლები სარეზერვო შეკრებაზე უნდა ყოფილიყვნენ წასული. იმ დღეს აღმოჩნდა სერიოზული მობილიზება და არის ეჭვი, რომ ამ სარეზერვო წვრთნის პროგრამაში ერთ-ერთ პუნქტად შეტანილი იყო საკრებულოში მუშტი-კრივის გამართვა და მოწინააღმდეგის განადგურება ამ ფორმით.”

სარეზერვო შეკრებაზე მყოფ დეპუტატს რომ საველე ბანაკის დატოვების უფლება არა აქვს, ამას პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუაც ადასტურებს. თუმცა უმრავლესობის წევრი არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას, თითქოს სარეზერვო შეკრება “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის ექსკლუზიური უფლება იყოს:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] “თავიდან “ნაციონალური მოძრაობის” და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო ამის გაკეთება. შესაბამისად, ვინაიდან პირველი ორგანიზატორები ვიყავით ჩვენ, ამდენად ხალხიც აირჩა იმ კრიტერიუმებით, რომლებიც ჩვენ გვქონდა. მაგრამ დღეს უკვე ამას აკეთებენ სამხედროები და პარტიული კომპონენტი არ მონაწილეობს და ყველასთვის ეს კარი არის ღია.”(სტილი დაცულია)

ცოტა ხნის წინ კი ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლობასთან ერთად შემუშავდა რეზერვისტთა გადამზადების ახალი პროგრამა, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება. ამ პროგრამის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეზერვის უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე შალამბერიძე.

[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] “გვქონდა შეხვედრა ამერიკის რეზერვისტთა მთავარ გენერალ პოეტრისთან და ჩვენ გაისადაც ვაგრძელებთ ამ პროგრამას. დეტალები დაზუსტდება იანვარში, როდესაც შემდეგი შეხვედრა გვექნება.”

შარშან თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რეზერვისტთა მომზადების პროგრამაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. წლევანდელ ბიუჯეტში რეზერვისტთა ბანაკები თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება და იგი, სავარაუდოდ, შარშანდელზე მეტი იქნება. პროფესიულ არმიაზე გადასვლის კვალობაზე, საქართველოში საკმაოდ დიდი გასაწვევი რესურსი გროვდება, რომლის გადამზადების ერთადერთ ფორმას სწორედ სარეზერვო შეკრება წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG