Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის დამარცხების ოპტიმიზმი საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, განელდა


დღეს გაერო საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს 69 ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გლობალური

კორუფციის ბარომეტრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიზანი ამა თუ იმ ქვეყანაში კორუფციის გავრცელებისა და ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიკორუფციული კამპანიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების განსაზღვრა იყო. საქართველოში კორუფციის მასშტაბების შემცირების ოპტიმიზმმა, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად იკლო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2005 წლის ბარომეტრის თანახმად, ქართულმა საზოგადოებამ კვლევაში შეტანილი 15 სფეროს რანგირება მოახდინა. გამოკითხული იყო 500 ადამიანი, კვლევა კი მოიცავდა: პოლიტიკურ პარტიებს, სასამართლოს, პოლიციას, პარლამენტს, ჯანდაცვას, განათლებას და ასე შემდეგ. ყველაზე კორუმპირებულად გამოკითხულთა 51 პროცენტმა სასამართლო სისტემა დაასახელა. ამ მაჩვენებლით, სასამართლო 14 პროცენტით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ საბაჟო სისტემას, რომელსაც, თავის მხრივ, მესამე ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიები მხოლოდ 1 პროცენტით ჩამორჩება. ეკლესია, არასამთავრობო სექტორი, მასმედია და სამხედრო სისტემა, გასული წლის დარად, წელსაც ყველაზე არაკორუმპირებულ სფეროებად იქნა მიჩნეული. საერთოდ კი, გარდა იმისა, რომ, გასულ წელთან შედარებით, კორუფციის დამარცხების ოპტიმიზმი წელს, გამოკითხვის მიხედვით, აშკარად შესუსტდა, რადიკალურად შეიცვალა რანგირების სურათიც.მაგალითად, გასულ წელს ყველაზე კორუმპირებული სფეროების სათავეში მოქცეულმა პოლიციამ წელს მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. შედარებით გაიუმჯობესეს რიგითობის მაჩვენებელი ლიცენზირების სფერომ და განათლების სისტემამ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” პროგრამის კოორდინატორი თამარ ქაროსანიძე მიიჩნევს, რომ გამოკითხვის შედეგები ადეკვატურად უპასუხებს ცალკეულ სფეროებში გატარებული სისტემური რეფორმების შედეგებს. ადეკვატურად ჟღერს ქვეყნის ხელისუფლების მისამართით “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ფორმალური რეკომენდაციაც:

[თამარ ქაროსანიძის ხმა]“ოპტიმიზმის დონემ საქართველოში იკლო წინა წელთან შედარებით. ერთი მხრივ, ეს პოსტრევოლუციური ეიფორიის გავლითაა განპირობებული, თუმცა აქვე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სადაც საზოგადოებამ დაინახა, რომ კონკრეტულ სფეროებში განხორციელებულმა რეფორმებმა დადებითი ცვლილებები მოიტანა, ასეთივე რეფორმები განხორციელდეს იმ სფეროებში, რომელიც უკვე წელს დასახელდა ყველაზე კორუმპირებულად და, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემაში დაჩქარდეს უფრო ცვლილებების განხორციელება, რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება, რომ სასამართლოში დაიცვას თავის კანონიერი უფლება.“(სტილი დაცულია)

გასული წლის კვლევის შედეგებით, საქართველო კორუფციის აღმოფხვრის შესაძლებლობებისადმი ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ქვეყენების სამეულში მოხვდა. კორუფციისადმი საზოგადოების დამოკიდებულების თვალსაზრისით, გასაგები მიზეზების გამო, 2004 წელს საქართველომ, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრი ნახტომი გააკეთა. მეორე პოსტრევოლუციური წელი კი, საზოგადოების ჭარბი იმედების გაცრუებისა და ზოგადი ანტიკორუფციული პოლიტიკით უკმაყოფილების გამო, კორუფციის ბარომეტრით საქართველოსთვის მინუს მაჩვენებლებით აღინიშნა. ოპტიმისტურად განწყობილთა რაოდენობამ ერთბაშად 22 პროცენტით იკლო.

[თამარ ქაროსანიძის ხმა]“ წელს რაღაც ისეთი განსაკუთრებული მაჩვენებლები არ გვქონია, რომ გამოტანილი ყოფილიყო საქართველო. არც ყველაზე პესიმისტურ ქვეყნებში მოვხვდით. ასევე არ მოვხვდით არც ყველაზე ოპტიმისტურ ქვეყნებში.“(სტილი დაცულია)

გლობალური კორუფციის ბარომეტრის წლევანდელ კვლევაში მსოფლიოს 69 ქვეყნის 55 000 ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. გამოკითხვის ზოგადი მაჩვენებლით, ყველაზე კორუმპირებული სფეროების სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

[ქემრინ ქრისტენსენის ხმა] “69 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ყველაზე კორუმპირებულ სფეროებად პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი და პოლიცია განიხილება. უკვე მეორე წელია, 69 ქვეყნიდან 45 ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები ყველაზე კორუმპირებულ სექტორად ითვლება.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ განვითარების მენეჯერის ქემრინ ქრისტენსენის ნათქვამს დავძენთ, რომ, კორუფციის დონის მიხედვით, 2005 წლის კვლევის შედეგად, საქართველოს პოლიტიკური პარტიებიც პირველ სამეულში მოხვდნენ. მათ არცთუ საპატიო მესამე ადგილი ხვდათ წილად.
XS
SM
MD
LG