Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჩვენი თაობის პრივილეგია”


დავით პაიჭაძე, თბილისი მსოფლიო ლიტერატურა იცნობს არაერთ წიგნს, რომელიც ავტორებს უშუალოდ არ დაუწერიათ, მაგრამ მათ ავტორობაში ეჭვი არავის შეაქვს.

ასეთი წიგნები უპირატესად სამეცნიერო ხასიათისაა. უფრო ზუსტად, დაწერილ მეცნიერულ ტექსტად მათ აქცევენ იმ ადამიანთა მოწაფეები, ვისი სახელიც აწერია წიგნს. ამგვარი წიგნია, მაგალითად, არისტოტელეს ”პოეტიკა” - პირველი თეორიული ნაშრომი ლიტერატურაზე, რომელიც მთლიანად არისტოტელეს ლექციათა ჩანაწერებისგან შედგა. ”პოეტიკა” თითქმის 24 საუკუნეს ითვლის. ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი თეოდორ მომზენი პრინციპულად არ წერდა ”რომის ისტორიის” მეოთხე ტომს, არადა, პირველი სამი და მეხუთე დაწერილი ჰქონდა. მეოთხე ტომად რომის იმპერატორთა ისტორია მისმა მოწაფეებმა აქციეს, რომლებიც ხუთი წლის მანძილზე აკონსპექტებდნენ მომზენის ლექციებს. ამავე გზით წიგნად გამოიცა ფერდინანდ დე სოსიურის ”ზოგადი ენათმეცნიერების კურსი” - უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ლინგვისტიკაში. საუკუნეების ტრადიციას არც საქართველო ჩამორჩა: 1992 წელს, ფილოსოფოს გია ნოდიას რედაქციით, წიგნად გამოიცა მერაბ მამარდაშვილის ”საუბრები ფილოსოფიაზე”, რომელსაც საფუძვლად დაედო 1990 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული და ფირზე ჩაწერილი ლექციები. და აი, სულ ორიოდე დღის წინ ქართულენოვან მკითხველს კიდევ ერთი ასეთი წიგნი გამოუჩნდა: ზურაბ ჟვანიას ”ჩვენი თაობის პრივილეგია”, რომელიც გამომცემლობა ”საარმა” დასტამბა. ყოველკვირეულ ”ბიბლიოთეკაში” დავით პაიჭაძე სწორედ ამ წიგნზე გესაუბრებათ.

ზურაბ ჟვანია საქართველოში ყველამ იცის, მაგრამ აქამდე ერთეულები თუ იცნობდნენ მას როგორც მასწავლებელს, ლექტორს, რომელიც მომავალ სახელმწიფო მოხელეებსა და ჟურნალისტებს ლექციებს უკითხავდა პოლიტიკისა და დემოკრატიის პრინციპებზე. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ამ კურსს ზურაბ ჟვანია ორი წლის მანძილზე უძღვებოდა. ლექციებს ფირზეც იწერდნენ და აკონსპექტებდნენ. სწორედ ამ ჩანაწერებით შედგა დაახლოებით 300 გვერდიანი წიგნი, რომელშიც, ლექციების გარდა, დანართის სახით შევიდა ზურაბ ჟვანიას სამი ტექსტი: პარლამენტის თავმჯდომარის რანგში 1995 წელს წარმოთქმული მისი პირველი ვრცელი სიტყვა, ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებისას წარმოთქმული სიტყვა და 2001 წლის 28 აგვისტოს ღია მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი, რასაც მალე დრამატული პროცესები მოჰყვა ქვეყანაში. მაგრამ წიგნის ძირითად ნაწილს შეადგენს ლექციები, რომელთა ტექსტი შეიცავს სტუდენტთა შეკითხვებსა და რეპლიკებს, რასაც ზურაბ ჟვანიას პასუხებიც ახლავს. ბუნებრივია, ასეთი ტექსტის გამოცემისას მნიშვნელოვანია როგორც ავტორის შეხედულებათა მკაფიოდ გადმოცემა, ისე არაწერითი მეტყველებისათვის დამახასიათებელი სასაუბრო ინტონაციის შენარჩუნება. ზურაბ ჟვანია ამ წიგნში არ წერს - ის ლაპარაკობს და, ვფიქრობ (ეს არაა მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება), მკითხველი არა მარტო ხედავს, არამედ მოესმის მისი სიტყვები.

[ნოღაიდელის ხმა] ”წიგნი იმ სტილშია დაწერილი, რომელიც მის ახლობლებს მისცემს საშუალებას, ცოცხლად წარმოიდგინონ ზურაბ ჟვანია - მისი ჟესტები, საუბარი, საუბრის მანერა, თუ გნებავთ... პრაქტიკულად, ამ წიგნის კითხვის დროს ის ცოცხლდება მათ თვალწინ.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ წიგნი სახელმძღვანელოდ გამოადგება არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ პოლიტიკოსებსაც. პრემიერს ისიც ვკითხე, რამდენად განხორციელდა საქართველოში ის დემოკრატია, რომელზედაც ზურაბ ჟვანია ლაპარაკობდა თავის ლექციებში:

[ნოღაიდელის ხმა] ”ბატონი ზურაბი დემოკრატიაზე კი არ ლაპარაკობდა, უბრალოდ, არამედ უდიდესი პირადი როლი აქვს შესრულებული დემოკრატიის მშენებლობაში. საქართველო აღიარებულია დემოკრატიულ ქვეყნად, არის წევრი დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობისა და მისი როლი ამ საქმეში ძალიან დიდია.”

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც წვლილი მიუძღვის ”ჩვენი თაობის პრივილეგიის” გამოსაცემად მომზადებაში, იხსენებს, როგორ ეკიდებოდა ზურაბ ჟვანია ლექციების კურსს, რა ცოდნის გაზიარებას აპირებდა სტუდენტებისთვის, ანუ, საბოლოოდ, რა შევიდა მის წიგნში:

[მარგველაშვილის ხმა] ”მან გადაწყვიტა, სტუდენტებს სცოდნოდათ, ძირითადად, რა ხდება საქართველოში, საით მიდის ქვეყანა, რა ძირითადი ნიშნულები აქვს მის მომავალს, როგორ, რა პრინციპებზე უნდა აიგოს ინსტიტუტები. დღეს, როცა ბატონი ზურაბი ამ ლექციებს ვეღარ წაიკითხავს, ეს წიგნი მაინც ძალიან აქტუალური რჩება, რადგან ეს არ იყო მოკლევადიან პოლიტიკურ კონტექსტში წაკითხული ლექციები. ეს არის დაახლოებით 20-30 წლიან კონტექსტში დანახული საქართველოს მომავალი. ამიტომ ეს წიგნი, როგორც სახელმძღვანელო, ერთი 10-20 წლის განმავლობაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.”

დემოკრატიის ისტორია, ლიბერალიზმი, სოციალიზმი და ნაციონალიზმი, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია, საქართველო და კავკასია, საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო პოლიტიკა, გლობალიზაცია - ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთაც ეხება ზურაბ ჟვანიას წიგნი. გიორგი მარგველაშვილი, საკითხთა გარდა, ზურაბ ჟვანიას შეკითხვებსაც ახსენებს:

[მარგველაშვილიხ ხმა] “ბატონი ზურაბი ძალიან ხშირად ამბობს, რომ ერთია, როცა გაძლევენ რაღაც ძირითად პრინციპებსა და ყალიბს, ხოლო მეორეა, ეს ყალიბი გავხადოთ ბუნებრივი და მისაღები ჩვენივე თავისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. რას ნიშნავს ეს ქართულ კონტექსტში? თუ ერთს გავაკეთებთ, მეორე როგორ დავაბალანსოთ? თქვენ ნახავთ, რა სიღრმეებში შედის ბატონი ზურაბი, როცა აანალიზებს ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობებს, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს, განსაკუთრებით, როცა ლაპარაკობს საქართველოს გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, ჩვენს ურთიერთობებზე უახლოეს მეზობლებთან, რა შესაძლებლობებს გვაძლევს ეს ურთიერთობები და, ამავე დროს, რა საფრთხეებია.”

თინა ცომაია საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ზურაბ ჟვანიას სტუდენტი იყო. სამი-ოთხი წლის წინათ მე მჭირდებოდა დემოკრატიაზე ლაპარაკის მოსმენა, მითხრა თინა ცომაიამ, მით უმეტეს, ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ის ემზადებოდა ჩვენთან სასაუბროდ და არასოდეს აფუჩეჩებდა ლექციას. ზურაბ ჟვანიას ჰქონდა დინამიკური და ძალიან ინტერაქტიური ლექციები, რომელიც გვაძლევდა საბაბს, გვეფიქრა ინტენსიურად, - ამბობს თინა ცომაია.

[ცომაიას ხმა] ”მერე გამოვდიოდით და მახსოვს, რომ დიდხანს ვმსჯელობდით ამ საკითხებზე - საქართველოს ისტორიაზე, დემოკრატიაზე, ამ ვითარებაში საქართველოს ბედზე, რამდენად ესადაგება დემოკრატია ჩვენს ქვეყანას. ეს ერთი წელი იყო აქტიური ფიქრისა და განვითარების პერიოდი. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან უშუალო იყო: ჩვენთან ერთად კაფეში იჯდა, ყავას ან ჩაის სვამდა, სიგარეტს ეწეოდა და გველაპარაკებოდა. ლექციის მერეც აგრძელებდა ამას.”

ზურაბ ჟვანიას აუდიოჩანაწერები და მისი სტუდენტების კონსპექტები შეაჯერა წიგნის რედაქტორმა ჯუმბერ თითმერიამ. ვფიქრობ, დროის სიმცირის გამო სრულყოფილი რედაქტირება არ მოხერხდა, მაგრამ ამ ნაკლს თავისი ღირსებაც აღმოაჩნდა: თითქმის უცვლელად არის შენარჩუნებული ზურაბ ჟვანიასთვის დამახასიათებელი რიტორიკული ფიგურები, სინტაქსი თუ, სულაც, ცალკეული სიტყვები. ჯუმბერ თითმერია ამბობს, რომ ეს შეგნებულად გააკეთა ავტორის სტილის დასაცავად. რედაქტორის აზრით, წიგნის მთავარი ღირსება მისი შინაარსია:

[თითმერიას ხმა] “ისტორიკოსი რომ წაიკითხავს, ეგონება, რომ ეს ისტორიკოსის წიგნია, ფილოსოფოსს - ფილოსოფოსის, პოლიტოლოგი, თავისთავად, პოლიტოლოგის წიგნად ჩათვლის. საქართველოს ეთნოგრაფია როგორ იცის?! სოფლები, კუთხეები, სახელები… თითო ნიშნით, ერთი აბზაცით ზოგჯერ ისე დაახასიათებს, გაოცებული დარჩები. ეგ რომ მხოლოდ პროფესორი და მეცნიერი ყოფილიყო და სტუდენტებთან ლექციები ეკითხა, ლეგენდარული ლექტორი იქნებოდა.”

საქართველოს კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილი ამბობს, კიდევ რა ცოდნა ჰქონდა ზურაბ ჟვანიას, რა გამოცდილებით ელაპარაკებოდა ის სტუდენტებს და ახლა უკვე მკითხველებსაც:

[გაბაშვილის ხმა] “ჟვანია იყო ძალიან კარგი მცოდნე კონკრეტულად ქართული საზოგადოების. მან დააფუძნა, შეიძლება ითქვას, ქაოსიდან გამოძერწა ძირითადი ინსტიტუტები, რომელზედაც დგას ქართული სახელმწიფო, იქნება ეს პარლამენტარიზმი, აქტიური სამოქალაქო სექტორი, დამოუკიდებელი მედია და ა.შ. ის თვლიდა, რომ ეს ინსტიტუტები არის საზოგადოება, ამ ინსტიტუტებით ცოცხლობს და საზრდოობს საზოგადოება.”

გასულ პარასკევს, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანია 42 წლის გახდებოდა. საზოგადოებას სწორედ ამ დღეს წარუდგინეს მისი წიგნი, “ჩვენი თაობის პრივილეგია”.
XS
SM
MD
LG