Accessibility links

ლარსის საგუშაგოდან დანახული ქართველი მესაზღვრეების პრობლემები


ლარსის საგუშაგო,

საქართველოსა და რუსეთს რომ აკავშირებს, დიდთოვლობის გამო სულ მალე კარგა ხნით ჩაიკეტება. მაგრამ იქ საბრძოლო დავალების შესასრულებლად ბოლომდე დარჩებიან ქართველი მესაზღვრეები, რომლებსაც, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ჩრდილოეთი საზღვრის ყველაზე მგრძნობიარე მონაკვეთების კონტროლი. ლარსის კომენდატურას და ქართველ მესაზღვრეებს კვირის ბოლოს ვესტუმრე.



[ნიკა კაიშაურის ხმა] “სწორდით! სმენა! გიბრძანებთ, გახვიდეთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად. განწესის სახეობა სათვალთვალო პოსტი, გუშაგი საზღვრის მონაკვეთზე. ამოცანით: არ დავუშვათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა...”(სტილი დაცულია)

ლარსის ხეობაში მდებარე სასაზღვრო კომენდატურის უფროსის მოადგილე, ლეიტენანტი ნიკა კაიშაური ყოველდღე პირადად უტარებს ინსტრუქტაჟს საზღვრის დასაცავად მიმავალ განაწესს, რომელიც 2-3 ჯარისკაცისაგან შედეგება. თავად კომენდატურის პირადი შემადგენლობა დაახლოებით ოც მესაზღვრეს ითვლის. ჯარისკაცები ყაზბეგისა და თიანეთის რაიონებიდან არიან გაწვეულნი და კარგად იცნობენ იმ ტერიტორიას, სადაც საბრძოლო მოვალეობის შესრულება უწევთ. მაგრამ იარაღით ხელში საზღვრის დაცვა განსაკუთრებულ გამძლეობას მოითხოვს. როგორც ლეიტენანტი ნიკა კაიშაური ამბობს, მესაზღვრეთა რაზმს საბრძოლო მორიგეობის რეჟიმში ფეხით საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უხდებათ.
[ნიკა კაიშაურის ხმა] “ზოგჯერ 10-15 კილომეტრის გავლა უწევთ. გააჩნია განწესსაც. ყოველდღე დღეში ორჯერ იცვლება განწესი სათვალთვალო პოსტი, გუშაგი საზღვრის მონაკვეთზე.”(სტილი დაცულია)

საბრძოლო დავალებაზე მყოფი ქართველი მესაზღვრის აღჭურვილობაში შედის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამლის ორი მჭიდე, ხიშტი-დანა და ჭოგრიტი. ლარსის კომენდატურას არ ჰყავს დაგეშილი ძაღლები და საჭაპანე ცხენები, ამ ოთხფეხა მეგობრების უყოლობას კი მესაზღვრეები განსაკუთრებით განიცდიან ზამთარში, როდესაც დიდთოვლობის დროს საზღვარზე გასულ განაწესს ფეხით უკან დაბრუნება უჭირს. ლარსის საკონტროლო გამტარი პუნქტის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მინდია არაბული იხსენებს შემთხვევებს, როდესაც გუშაგის უკან დასაბრუნებლად დამატებითი ძალების გადასროლა გამხდარა საჭირო.
[მინდია არაბულის ხმა] “შარშან ნოემბრის ბოლო იყო. უცებ ჩამოყარა დაახლოებით ნახევარმეტრიანი თოვლი და გუშაგის ჩამოსაყვანად მოგვიწია გასვლა მთლიან შემადგენლობას და საგანგებო ჯგუფს ხდის ხეობაზე და თრუსოს ხეობაზე.”(სტილი დაცულია)

დარიალისა და თრუსოს ხეობა უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთს, რომელიც, ოპერატიული თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებად ითვლება. ჩეჩნეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ომის დროს სწორედ ამ მონაკვეთით გადმოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლის განმავლობაში შეიარაღებული პირების გადმოსვლის ფაქტი არ ყოფილა, ლარსის კომენდატურის მებრძოლები პროფილაქტიკის მიზნით კვლავ ჩასაფრდებიან ხოლმე მგრძნობიარე სექტორებზე.

[მინდია არაბულის ხმა] “ძირითად დასარღვევ მიმართულებებზე ღამის საათებში ვახდენთ ჩასაფრებებს, რამდენიმე კაციანი ჯგუფის გამოყენებით.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად საკმაოდ რთული კლიმატური და ოპერატიული პირობებისა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ლარსის კომენდატურის პირადი შემადგენლობა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებით ნამდვილად არ არის განებივრებული. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამცველთა ხელფასები დაახლოებით ორჯერ დაბალია, ვთქვათ, აეროპორტის საზღვარზე - თბილ და კეთილმოწყობილ შენობაში - მყოფი მათივე კოლეგების ხელფასებზე, რაც კადრების დენადობის საფრთხეს ქმნის. გვესაუბრება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადილე, პოლკოვნიკი კობა ბოჭორიშვილი:

[კობა ბოჭორიშვილის ხმა] “მესაზღვრე, რომელიც მთაში დგას და საზღვარს იცავს, თუ მას ხელფასი გათანაბრებული არ ექნა სხვა ძალოვან უწყებებთან შედარებით, უბრალოდ, კადრების დენადობა იქნება და ძალიან გაგვიჭირდება.”(სტილი დაცულია)

სასაზღვრო კომენდატურა სახელმწიფო საზღვრიდან 400-ოდე მეტრში, საკმაოდ ძველ და კეთილმოუწყობელ შენობაში, მდებარეობს. მნახველზე მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს მებრძოლების საცხოვრებელი ყაზარმა, სასადილო და ე.წ. დასასვენებელი ოთახი. ხოლო წელს, გაზაფხულზე, მთებში ყინულის დნობით გამოწვეული წყალდიდობის გამო შენობა ძლივს გადაურჩა ჩამონგრევას. მაგრამ ლარსის ხეობის კომენდატურაში მყოფი მესაზღვრეები ასეთ რამეებზე არ წუწუნებენ, პირიქით, როგორც მინდია არაბული იხსენებს, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მათ საკუთარი მცირე ულუფა გასაჭირში ჩავარდნილი სხვა ადამიანებისთვისაც უწილადებიათ:

[მინდია არაბულის ხმა] “ყველანაირი დახმარება აღმოგვიჩენია იმ მგზავრებისათვის, ძირითადად, ქალებისა და ბავშვებისათვის, რომლებიც უამინდობის გამო საზღვართან ჩარჩენილან - შემოგვიყვანია ყაზარმაში, მიგვიწვდია სურსათი.”

მესაზღვრეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რადგან გაისად სახელმწიფო მათ ხელფასების მომატებას და ყოფითი პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება. ცოტა ხანში ლარსის კომენდატურის შენობაში საახალწლო ნაძვის ხე დაიდგმება და მესაზღვრეები 2006 წელს შეხვდებიან. ტრადიციის თანახმად, როდესაც საათის ისარი 12-ს მიუახლოვდება, ნაწილის მეთაური და მისი მოადგილეები საბრძოლო პოსტებზე გავლენ და ქვეყნის უმთავრეს დამცველებს ახალ წელს მიულოცავენ, მერე კი სადღესასწაულო სუფრაც გაიშლება, რომელსაც, ცენტრალური შტაბის მიერ დამტკიცებული მენიუს გარდა, ჯარისკაცების ხელით მოხვეული ხინკალიც დაამშვენებს.
XS
SM
MD
LG