Accessibility links

logo-print

როგორ აღინიშნა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დღესთან დაკავშირებით მომზადებულ გზავნილში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ქვეყნების პოზიციის გამო, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამების აკრძალვაში გამონაკლისების დაშვებას ითხოვენ. „ჩვენი პოზიცია ნათელია - წამება ვერასდროს იქნება ტერორთან ბრძოლის ინსტრუმენტი, რადგან წამება თავად ბადებს ტერორს,“ - ნათქვამია კოფი ანანის მიმართვაში.

წამების ფაქტებთან ერთად, 10 დეკემბერს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევებზეც საუბრობდნენ. ვინ როგორ აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის დღე საქართველოში?

საქართველოში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი აქცია-ღონისძიებები 10 დეკემბრამდე ერთი დღით ადრე დაიწყო - 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც შემაშფოთებელი სტატისტიკა წარმოადგინა - კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, 2005 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, 32 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა. დაღუპულთაგან 16 პოლიციელია.

10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში კონფერენცია გაიმართა. სახალხო დამცველმა თავისუფლების თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. მოძრაობა“ანტისოროსისა“ და პარტია „სამართლიანობის“ წარმომადგენლებმა ვარდების რევოლუციის სახელობის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას პეტიცია გაუგზავნეს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” კი გახსნა „ადამიანის უფლებათა კვირეული“. კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა იურისტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე შეხვედრა-პრეზენტაციას გამართავენ იმ საკითხებზე, რომლებიც, მათი აზრით, ყველაზე მტკივნეულია დღეს, იქნება ეს წამების ფაქტები, ინფორმაციის თუ მედიის თავისუფლების სფეროში შექმნილი პრობლემები. რაც შეეხება კვირეულის გახსნას, 10 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტებმა სამართლიანი სასამართლოს პრობლემისადმი მიძღვნილი კვლევა წარმოადგინეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე ასე განმარტავს სასამართლო სისტემის პრობლემებს:

[ანა დოლიძის ხმა] „საქართველოს კანონმდებლობა არ მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან და აუცილებელ გარანტიას, რაც აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების დასაცავად. მოსამართლეთა სოციალური გარანტიები დაბალია. დისციპლინური სამართალწარმოების წესები გამოიყენება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლის ქვეშ მოექცეს სასამართლო საქართველოში. იუსტიციის საბჭო არის პოლიტიზებული ორგანო. იუსტიციის საბჭო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა მოსამართლეთა დანიშვნისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში, კვლავ პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდ რჩება და მასში აქტიურ როლს კვლავ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები თამაშობენ. მაშინ როცა, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, იუსტიციის საბჭო, ძირითადად, მოსამართლეებისგან უნდა დაკომპლექტდეს. და, რაც მთავარია, ის რეფორმა, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში ხორციელდება, არის არაკანონიერი და არათანმიმდევრული.“(სტილი დაცულია)

პრეზენტაციის შემდეგ ახალგაზრდა იურისტებმა პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს საქართველოში სასამართლო სისტემის მდგომარეობის თემაზე. რატომ შეირჩა პროკურატურა პროტესტის გამოთქმის ადგილად ? იურისტ თამარ გურჩიანის განმარტებით:

[ თამარ გურჩიანის ხმა] „მშვიდობიანი აქცია პროკურატურასთან სწორედ იმიტომ იმართება, რომ პროკურატურას შევახსენოთ - ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს.“(სტილი დაცულია)

საინტერესო დამთხვევა: 10 დეკემბერს იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კომისიას ე.წ. ამბოხებული მოსამართლეების საქმე უნდა განეხილა. მოსამართლეების ადვოკატი ანა დოლიძე პრესკონფერენციიდან სწორედ სხდომაზე წავიდა. მისი განწყობილება ასეთი გახლდათ:

[ანა დოლიძის ხმა] „ უნდა წავიდე დისციპლინარული საბჭოს სხდომაზე, რომლის მიუკერძოებლობის გუშინდელი გამოსვლების შემდეგ აღარ მჯერა. ეს კავკას „პროცესის“ მსგავსი პროცესია, სადაც მონაწილე სუბიექტებმა არ იციან, რა ხდება, თუმცა ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გადაწყვეტილია.“(სტილი დაცულია)

საღამოს კი გაირკვა, რომ სადისციპლინო სხდომა 21 დეკემბრისთვის გადაიდო, რადგან ერთ-ერთი განსასჯელი მოსამართლე სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG