Accessibility links

“ხვალინდელი დღე” ეუთოს ლიუბლიანის მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ განცხადებას მიმოიხილავს.


დავით პაიჭაძე, თბილისი “ხვალინდელი დღე” ეუთოს ლიუბლიანის მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ განცხადებას მიმოიხილავს. რამდენადაც ეუთო კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებებს,

ეს ნიშნავს, რომ განცხადებას რუსეთიც უერთდება. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მხარს უჭერს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქართველოს მთავრობისეულ გეგმას, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანასა და ეუთოს მიერ საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის ტრენინგისა და დახმარების პროგრამას. იმედია, რუსეთთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ აღნიშნული გეგმის შესრულებისთვის, - ეს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარია, რომელიც “ხვალინდელ დღეს” მოჰყავს.

გაზეთი “ახალი შვიდი დღე” გასულ კვირაში ლუსტრაციის შესაძლებლობაზე წერდა: “ლუსტრაციის კანონი ყოველთვის ორი მნიშვნელოვანი მიმართულებით ხორციელდება: პირველი - იმ ადამიანების მიმართულებით, ვისაც კანონი ეხება და მეორე - დაწესებული აკრძალვების მიმართულებით. კანონი ითვალისწინებს შეზღუდვებს, რათა ყოფილი აგენტი ან სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი ვერ მოხვდეს სახელმწიფო ხელისუფლებაში დანიშვნით თანამდებობაზე. არჩევითი თანამდებობის დაკავება ყველას შეუძლია, განურჩევლად იმისა, აგენტი იყო, რაიკომის მდივანი თუ სხვა, მაგრამ ამის შესახებ მან უნდა განაცხადოს.” – “ახალი შვიდი დღე” მიმოიხილავს პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ წარდგენილ კანონპროექტს.

შევხედოთ შაბათის, 10 დეკემბრის, პრესასაც. “ადამიანთა წამება ვარდების რევოლუციის ორი წლის თავზე” - ამგვარად ასათაურებს გაზეთი “რეზონანსი” წერილს, რომელიც მკითხველს აუწყებს, წელს საქართველოს ციხეებში სიკვდილის 38 და წამების 400 ფაქტია დაფიქსირებულიო. 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა და სწორედ ამ დღეს ეხმაურება “რეზონანსი” ხსენებული პუბლიკაციით. თუმცა გაზეთი მხოლოდ ციხეებში არსებულ ვითარებას არ ეხება და ადამიანის უფლებათა სფეროს სხვადასხვა ექსპერტს იმოწმებს. ერთის აზრით, დადებითია ის რეფორმები, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს. მეორე მხრივ, არ არის რეალიზებული საკონსტიტუციო ჩანაწერი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებაზე. მიტოვებული და იგნორირებულია უმცირესობათა უფლებები. ამ მხრივ მოდუნდა ყველა, ვისაც ადამიანის უფლებათა დაცვა ევალება. მეორე ექსპერტი ფიქრობს, რომ სერიოზული დარღვევებია სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებათა მიმართულებაში.

“ხელისუფლებას კოპაძის მოხსნის ეშინია” - ეს უკვე “24 საათის” სათაური გახლავთ და ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შოთა კოპაძის პოსტზე დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატიმარი ამას წინათ ჭრელ აბანოში აიყვანეს, სადაც მის უსაფრთხოებას ციხიდან გამოპარული ბადრაგი იცავდა. ეს პატიმარი, დავით ქურასბედიანი, მეტსახელად წრიპა, საპატიმროებში ქურდული განაჩენების აღსრულებას მეთვალყურეობდა, წერს “24 საათი”. ხელისუფლება, სავარაუდოდ, იმიტომ არ ათავისუფლებს კოპაძეს, რომ ციხეში დესტაბილიზაციის ეშინია. ცნობილია, როგორ აწყობდნენ სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნები ციხიდან მასობრივ გაქცევებს და ხელოვნურად ქმნიდნენ დესტაბილიზაციის საშიშროებას. ასე მოიქცა კოპაძე, როცა ის რამდენჯერმე გაუშვეს თანამდებობიდან, - წერია “24 საათში”.

”ახალი თაობა” აღწერს საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლას ქუთაისში და მოჰყავს მისი სიტვები, თქმული იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, აკაკი ბობოხიძის, გადადგომის გამო: ”არაფერი ამაში ცუდი არ არის. თუ ადამიანი მოვალეობას თავს ვერ ართმევს, მას ჩამოვაქვეითებთ და სხვა სამსახურში გადავიყვანთ.” სააკაშვილმა ხელისუფლების სიძლიერის მაგალითად მოიყვანა პასუხისგებაში მიცემული ჩინოვნიკების ფაქტები, უწინარესად, ვაკე-საბურთალოს ყოფილი გამგებლის, აწ პატიმრობაში მყოფი დავითაძის შემთხვევა: ”ერთია, როცა რევოლუციის დროშას იქნევ და მეორე - როცა ცდუნებას ვერ უძლებ და ხელის ერთი მოქნევით მილიონ ლარს შოულობ. ასეთ ცდუნებას ვინც ვერ უძლებს, ის პასუხს აგებს,” - ვკითხულობთ ”ახალ თაობაში”.
XS
SM
MD
LG