Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2006 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ კითხვები ოპოზიციასთან ერთად პოზიციასაც მრავლად აქვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საკანონმდებლო ორგანოში 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით ხმაურიანად მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებს ბიუჯეტის მთავრობისეული ვარიანტის მიღებაში ეჭვი არ ეპარებათ, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მცირედი ”კუნთების თამაშის” პოლიტიკასაც არ გამორიცხავენ, რაც მოხდა კიდეც გასულ კვირას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს კიდევ იზრდება, იგი, ტრადიციულად, ვერც პოზიციის და ვერც ოპოზიციის მადას ვერ დააკმაყოფილებს. საბოლოოდ, ”უმრავლესობამ” გასულ კვირას ფინანსთა მინისტრის გაკიცხვაზე უარი თქვა, ხოლო ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ინიციატივა ალექსი ალექსიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საკითხზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩავარდა.


გაცხოველებული ”საბიუჯეტო ვაჭრობის” პროცესში საკანონმდებლო ორგანოში ნაკლებად საუბრობდნენ თავად სახელმწიფო ბიუჯეტის ინსტიტუციური მოწყობის ეფექტურობაზე და იმაზე, თუ რამდენად რეალურად არის დაგეგმილი მისი საპროგნოზო მაჩვენებლები. ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი მხოლოდ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ გამოხატა. საერთოდ, კონტროლის პალატა ის უფლებამოსილი ორგანოა, რომელსაც ევალება სახელმწიფო ბიუჯეტის ოფიციალური მონიტორინგი.


კონტროლის პალატის დასკვნის თანახმად, ძირითადი მაკროეკონომიკური და საპროგნოზო ფისკალური პარამეტრები 2006 წლის ბიუჯეტის შესრულების საფუძველს იძლევა, თუმცა დოკუმენტის ფორმა და შინაარსი “ბიუჯეტის სისტემის შესახებ” კანონთან შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი.


კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ზურაბ სოსელია აღნიშნავს, რომ საპროგნოზო პარამეტრების განსაზღვრისას აუცილებელია 2005 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგების გათვალისწინება. მაგალითისათვის, მიმდინარე წელს აქციზიდან 77 მილიონი ლარის მიღება იყო დაგეგმილი, მაშინ როცა 10 თვეში მხოლოდ 49 მილიონი შემოვიდა. მომავალი წლის გეგმა კი დაახლოებით 75 მილიონს შეადგენს, რაც, ექსპერტთა აზრით, გადაჭარბებული მაჩვენებელია.


დამოუკიდებელი ექსპერტი დემურ გიორხელიძე სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას მიმდინარე წლის მაჩვენებლების მკაცრი მონიტორინგის მომხრეა. ამგვარი შეფასებების გარეშე შეუძლებელია იმ პრიორიტეტებისა და პროგრამების შესრულების ეფექტურობის განსაზღვრა, რომელიც მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტშია განსაზღვრული.


[დემურ გიორხელიძის ხმა] ”აქცენტი ისევ და ისევ კეთდება კონკრეტულ პროექტებზე, კონკრეტულ პრიორიტეტებზე ისე, რომ თვითონ საბიუჯეტო მოწყობა, საბიუჯეტო პოლიტიკა აბსოლუტურად არ იცვლება. ამდენად, ეფექტურობა ამ პროექტების და პრიორიტეტებისა არავის შეუსწავლია და ვერავინ იტყვის დღეს დალაგებით, რაკი სრული ინფორმაცია შემოსავლებსა და გასავლებზე არ არსებობს, რამდენად ეფექტური იყო, ვთქვათ, წლევანდელი წლის საბიუჯეტო პროცესი მთლიანად და რამდენად შესრულებულია ის პრიორიტეტები, რომლებიც მთავრობამ აირჩია.”


კონტროლის პალატის თავმჯდომარე ზურაბ სოსელია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საჭიროდ მიიჩნევს აგრეთვე ფინანსთა მინისტრისაგან განმარტებების მიღებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიფარება ძველი საბიუჯეტო დავალიანება. თავდაპირველად 2006 წელს 147 მილიონი ლარის დავალიანების მთლიანად დაფარვა იგეგმებოდა, თუმცა, პარლამენტში შეტანილი პროექტის თანახმად, ამ მიზნებისთვის მხოლოდ 83.6 მილიონი ლარი იქნება მიმართული. ამგვარი კითხვის ნიშნები ბიუჯეტის პროექტში კიდევ მრავლად არის, რაც მისი მიღების პროცედურას აჭიანურებს. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ვარაუდობს, რომ პირველი მოსმენის შემდეგ მიღებული შენიშვნების გასათვალისწინებლად მთავრობას დაახლოებით ერთკვირიანი ”ტაიმ-აუტი” მაინც დასჭირდება, რათა პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს ხელმეორედ წარუდგინოს.
XS
SM
MD
LG