Accessibility links

რას ელიან ერაყელი ქურთები მომავალი საპარლამენტო არჩევნებისგან?


ორიოდე დღეში ერაყში საპარლამენტო არჩევნები მოეწყობა - ამ სახის პირველი არჩევნები ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ.

ისე, ამომრჩევლის მცირე ნაწილისთვის კენჭისყრა დღეს დაიწყო: მთელი დღის მანძილზე ხმის მიცემის საშუალება აქვთ პატიმრებს, საავადმყოფოების პაციენტებსა და უშიშროების ძალების მოსამსახურეებს. ხვალ არჩევნებში ჩაებმებიან უცხოეთში მცხოვრები ერაყელები, - მათთვის საარჩევნო უბნები 15 ქვეყანაშია მოწყობილი - ხოლო კენჭისყრის მთავარ დღედ ხუთშაბათია გამოცხადებული. რადიო "თავისუფლების" სპეციალური კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი ახლა ერაყში იმყოფება. ეს სიუჟეტი სწორედ მისგან მიღებული მასალის გამოყენებით მომზადდა.

დღეს მომავალი არჩევნების მხოლოდ ერთ ასპექტზე შევჩერდებით - კენჭისყრისადმი ერაყელი ქურთების დამოკიდებულებაზე; იმედზე, რომელსაც ადგილობრივი ქურთები უკავშირებენ სადამ ჰუსეინისშემდგომი ერაყის პირველ საპარლამენტო არჩევნებს.

ამ იმედებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია ძირითადად ქურთებით დასახლებული ქალაქ ქირქუქის სტატუსის განსაზღვრა - ქურთები მოითხოვენ, რომ ეს ქალაქი და კიდევ რამდენიმე სხვა დასახლებული პუნქტი შეყვანილ იქნეს ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ქირქუქსა და ნავთობით მდიდარ სხვა რაიონებში, "შავი ოქროს" მოპოვებით მიღებული შემოსავლის უფრო სამართლიანი განაწილება - ანუ შემოსავლის დიდი ნაწილის ქურთებისთვისვე დატოვება.

მაგრამ 150 ათასამდე ერაყელი ქურთისთვის, რომლებსაც სადამ ჰუსეინის მმართველობის ხანაში სახლ-კარი დაატოვებინეს, არჩევნები შინ დაბრუნების იმედსაც უკავშირდება. ასეთთა შორისაა ფარუკი, რომელიც 1987 წლიდან მოყოლებული ირბილში ცხოვრობს.

[ფარუკის ხმა] "ჩემს სახლში უცხო ხალხი ცხოვრობს და ამიტომ ჯერ ვერ ვბრუნდები. იქ ახლა ერთი არაბია შესახლებული, ადგილობრივ ხელისუფლებას ჩემთვის სახლი ჯერ არ დაუბრუნებია."

ხუთშაბათს ფარუკი - და მასთან ერთად ათასობით ერაყელი ქურთი - ქირქუქში გამგზავრებას და კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს.

არაერთი საკითხი აქვთ გადასაჭრელი ქურთ პოლიტიკოსებსაც. მათი ამოცანაა, რამდენად მოახერხებენ ისინი კოალიციის შექმნას შიიტურ და სუნიტურ პარტიებთან. ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ, რომელიც ეროვნებით ქურთია და სათავეში უდგას ქურთისტანის ორი მსხვილი პარტიიდან ერთ-ერთს, რადიო "თავისუფლებაში" სტუმრობისას (ამ ორიოდე თვის წინ) განაცხადა, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ ქურთები ძლიერ კოალიციას შექმნიან შიიტებთან.

მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, ქურთების დიდ ნაწილს გულზე არ ეხატება შიიტთა რელიგიურ პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი კორესპონდენტი ტელეფონით ესაუბრა ჯაბარ კადირს - ჰოლანდიაში მცხოვრებ ქურთ ისტორიკოსს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ კოალიციის შექმნა ქურთებმა ერაყის სეკულარულ ძალებთან მოისურვონ. კადირის თქმით, ამ ძალების ლიდერად უნდა მივიჩნიოთ ერაყის გარდამავალი მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იად ალავი, რომელიც სადამ ჰუსეინის აწ უკვე დაშლილი "ბაათის" პარტიის ყოფილ წევრებთანაც თანამშრომლობს.

[ჯაბარ კადირის ხმა] "ვფიქრობ, ალავისთან თანამშრომლობა უფრო იოლი იქნება, ვიდრე რელიგიურ პარტიასთან ან რელიგიურ ბლოკთან, რომელიც გამუდმებით რელიგიური საკითხების მოგვარებით არის დაკავებული."
XS
SM
MD
LG