Accessibility links

logo-print

როგორ აღმოჩნდა სასწრაფო დახმარება ჰაერში გამოკიდებული?


უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ამოქმედებას „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვართაგან ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ პროგრამად მიიჩნევენ.

მმართველი პარტიისა და საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის გარდა, ამ მონაპოვარს უდავოდ აღიარებენ ოპოზიციური პარტიებიც. პირველებმა სწორედ მათ, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციამ“ აღმოაჩინა თბილისის 03–ის პარადოქსულ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტი, ანუ ის, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დაფინანსება არც დედაქალაქის 2006 წლის ბიუჯეტის კანონში იდო და არც მომავალი წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტში.

უფასო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ამოქმედება, ხელისუფლების მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. პროექტმა გაამართლა და, ხელისუფლების ზედა ეშელონებთან ერთად, თავად 03–ის ხელმძღვანელობაშიც გაჩნდა იმის ამბიცია, რომ სამსახური ყველაზე მოწინავე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვოს. ასეთ ვითარებაში მით უფრო გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა თბილისის 03 ჰაერში გამოკიდებული?

[ვატო სურგულაძის ხმა] “ქვეყანაში ყოველთვის უნდა მუშაობდეს სამი რამ. ეს არის პოლიცია, სახანძრო და, აუცილებლად, სასწრაფო. სულ რომ ინგრეოდეს, ქვეყანა ვერ დარჩება ამ სამი ძირითადი - ერთ–ერთი ძირითადი - ორგანოს გარეშე. ამიტომ სამინისტრომ და ფონდმა გამოვნახეთ შესაბამისი რეზერვები და თბილისის სასწრაფოც იქნება სრულყოფილად დაფინანსებული ხუთ-ნახევარი მილიონი ლარით, როგორც იყო გათვლილი.“ (სტილი დაცულია)

ეს გახლავთ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ვახტანგ სურგულაძე. მისი თქმით, მომავალი წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში უფასო სასწრაფო სამედიცინო სამსახურისთვის თითქმის 14 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამას დაემატება თბილისის 03–ის ხარჯებიც, რომლის დაფინანსებას სამინისტრო მანამდე არ აპირებდა, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგა.

[ვატო სურგულაძის ხმა] “მე არ მინდა კომენტარები გავაკეთო, იმიტომ რომ ეს არ შედის ჩემს ფუნქციაში. ჩემი ფუნქცია არის ის, როგორ ბიუჯეტს მომცემენ, რა თანხას მომცემენ. მე ეს თანხა შესაბამისად უნდა გავანაწილო, მოვაწერო ხელშეკრულებები და ვაკონტროლო, როგორ სრულდება (რა ხარჯებს მოაკლდა 03–ისთვის საჭირო თანხა? ნ.მ.)ყოველთვის არის სარეზერვო ხარჯები, რომლებიც სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი და სამინისტროში საკმაოდ სერიოზული მუშაობა ჩატარდა. ის ბიუჯეტი პირველი წაკითხვისთვის იყო მომზადებული, კიდევ ერთხელ გადაიხედა, კიდევ ერთხელ პრიორიტეტები გაიმიჯნა და გამოინახა ის თანხა, რაც საჭირო ოყო.“ (სტილი დაცულია)

წელს უფასო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის, ეგრეთ წოდებული 03–ის, დაფინანსება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის 19 მილიონი ლარი იქნება. უშუალოდ თბილისის 03–ის დაფინანსება მილიონ-ნახევარი ლარით იზრდება, - ასე ბრძანებს ვახტანგ სურგულაძე. აღნიშნული მატება, თავის მხრივ, ნახევარი მილიონით ჩამორჩება იმ თანხას, რასაც თბილისის უფასო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმი დავით გველესიანი ვარაუდობდა. მისი ინფორმაციით, თბილისის 03–ის დაფინანსება 2006 წელს 6 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო.

[დავით გველესიანის ხმა] “მთავარია, ბიუჯეტში ჩაჯდა და იქ თანხები როგორ განსაზღვრეს, ეგ უკვე აღარ ვიცი, ვერ გეტყვით.“

6 მილიონ 207 ათასით - ანუ დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებით - განისაზღვრა ქალაქის ჯანდაცვის ბიუჯეტი. თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას თქმით, სწორედ თანხების სიმცირემ განაპირობა ის, რომ დედაქალაქის 03–ის დაფინანსება ისევ ფედერალურ ბიუჯეტს დაეკისრა:

[მამუკა ქაცარავას ხმა] “როდესაც უკვე ქალაქის ბიუჯეტი ბოლო ფაზაში იყო განხილვის და რეალურად გავიდა მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად, ამ პერიოდში მინისტრი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრაქტიკულად ჩვენ სატელეფონო საუბარი გვქონდა და ინფორმაციას ვაწოდებდი, მაგრამ გადაწყვეტილებას ამერიკიდან არ იღებდა თავისთავად. მაგრამ ჩვენ ფაქტის წინაშე დავაყენეთ, რომ ქალაქის ბიუჯეტში ვეღარ ჩავდებდით სასწრაფოს დაფინანსებას. მინისტრი როგორც კი ჩამოვიდა, მან რეზერვი ნახა ფედერალურ ბიუჯეტში, ანუ სამინისტროსათვის გამოყოფილ თანხებში, რომლითაც დააფინანსა მაინც სასწრაფო დახმარება თბილისში.“(სტილი დაცულია)

მამუკა ქაცარავა შენიშნავს, რომ თბილისში სასწრაფოს დაუფინანსებლად არავინ დატოვებდა. მაგრამ მას მაინც ესმის იმ აჟიოტაჟის, რომელიც საკმაოდ არაორდინარულ ფაქტს მოჰყვა. ფაქტი კი საკმაოდ მყვირალაა: დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების მომენტისათვის თბილისის 03–ის ხარჯები არც ფედერალური ბიუჯეტის პროექტში აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG