Accessibility links

logo-print

ანდრეი სახაროვის ხსოვნის დღე


14 დეკემბერს რუსეთში ანდრეი სახაროვის.

ხსოვნის დღე აღინიშნება. სახაროვის ფონდის მესვეურები ამტკიცებენ, რომ სახელგანთქმული ფიზიკოსის, ადამიანის უფლებების დამცველის, ნობელის პრემიის ლაურეატის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთს არასდროს უგრძვნია სახაროვის ნაკლებობა ისე, როგორც დღეს, პუტინის მმართველოს დროს. თუმცა სახაროვის ნაშრომები თანამედროვე საქართველოსთვისაც აქტუალურია. სწორედ ეს ნაშრომები მინდა გაგახსენოთ დღეს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”.

ანდრეი სახაროვის ხსოვნის დღე წელს ერთ საიუბილეო თარიღს ემთხვევა - 30 წლის სახაროვს ნობელის პრემია მიანიჭეს მშვიდობის დარგში. აქამდე საბჭოთა ხელისუფლება ღიად ჯერ კიდევ არ უპირისპირდებოდა წყალბადის ბომბის ერთ-ერთ შემქმნელს. მართალია, აკადემიკოს სახაროვს ყველა პრივილეგია ჯერ კიდევ 1968 წელს ჩამოართვეს, როცა მან დაასრულა მუშაობა პუბლიცისტურ წერილზე “ფიქრები პროგრესზე”, მართალია, კაგებეს აგენტები მუდმივად აკონტროლებდნენ მის თითოეულ ნაბიჯს 1970 წლის შემდეგ, როცა სახაროვმა ადამიანის უფლებათა დაცვის მოსკოვის კომიტეტი დააარსა, დაიწყო ბრძოლა პოლიტიკური მოტივით ადამიანების ფსიქიატრიულ კლინიკებში მოთავსების წინააღმდეგ, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, მაგრამ ოფიციალურად, საქვეყნოდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად ანდრეი სახაროვი “მოღალატედ” სწორედ ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ შერაცხეს.

ნობელის პრემიით დაჯილდოებას დაემთხვა ჯერ “სამიზდატებში”, შემდეგ კი დასავლურ პრესაში ანდრეი სახაროვის ახალი წერილის გამოქვეყნება. 1974 წელს
სოხუმში დაწერილ სტატიაში “სამყარო ნახევარი საუკუნის შემდეგ” სახაროვი ცდილობს იწინასწარმეტყველოს როგორი იქნება მსოფლიო 2020 წელს. სახაროვი წერს, ნახევარი საუკუნის შემდეგ აუცილებლად შეიქმნება მსოფლიო საინფორმაციო სისტემა, რომელიც საინფორმაციო საზღვრებს წაშლისო... სიტყვა “ინტერნეტი” სახაროვის სტატიაში არ შეგხვდებათ, მაგრამ მისი წინასწარმეტყველება რომ ახდა, თანაც გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ნახევარი საუკუნის შემდეგ, ესეც ხომ ფაქტია.

[ანდრეი სახაროვის ხმა] “მეცნიერების როლი, მეცნიერების საზოგადოებრივი როლი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ მეცნიერება წინააღმდეგობრივია, ისევე როგორც წინააღმდეგობრივია საზოგადოებრივი ცხოვრება. აინშტაინის გაკვეთილი შეგვახსენებს, რომ ამ წინააღმდეგობრიობის მიმართ დამოკიდებულებაში სიმტკიცე, ზნეობა უნდა შევინარჩუნოთ.შეიძლება შეგვეშალოს კიდეც, მაგრამ ყოველთვის უნდა მზად ვიყოთ დავუმორჩილოთ ჩვენი ქმედება ამ, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივ კრიტერიუმებს.”

შეიძლება შეგვეშალოს კიდეც... ეს, შეიძლება ითქვას, “ძალიან სახაროვისეული ფრაზაა”. 1953 წელს საბჭოთა კავშირში ატომური იარაღის პირველი გამოცდა წარმატებით დასრულდა. სახაროვი მაშინ აქტიურად იყო ჩართული წყალბადის ბომბის შექმნის პროცესში. მაგრამ 50-იანი წლების მიწურულს მოულოდნელად მოუწოდა ხელისუფლებას შეეწყვიტა ატომური იარაღის გამოცდა. აი, რა განაცხადა სახაროვმა ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე:

[ანდრეი სახაროვის ხმა] “25 წლის წინ, როცა ამ საშინელ იარაღზე დავიწყე მუშაობა, სუბიექტურად მიმაჩნდა, რომ მშვიდობას ვემსახურებოდი, ბალანსის დაცვას ვემსახურებოდი ამ სამყაროში... მეგონა, რომ ეს სამუშაო სასარგებლო იქნებოდა ჩემი ხალხისთვის, მსოფლიოსთვის... მით მეტეს, რომ სხვა არჩევანი არც გვქონდა.”

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც გამოხატავს დიდი მეცნიერის თვისებას, აღიაროს შეცდომები. “პერესტროიკის” ეპოქაში, “იზვესტიაში” დაბეჭდილ ინტერვიუში, სახაროვმა რუსეთს “დიდი”, საქართველოს კი “მცირე იმპერია” უწოდა. ამ ინტერვიუმ მაშინ უამრავი ადამიანი გაანაწყენა. ის ქართველები, ვინც ახლოს იცნობდა დიდ მეცნიერს, დაწერენ, რომ აკადემიკოსმა სახაროვმა მოგვიანებით აღნიშნა, მე არასწორად გამიგესო და თითქოს ამის დასადასტურებლად ჩამოვიდა თბილისში, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 9 აპრილის ტრაგიკული ღამის შემდეგ. იმხანად უკვე გადასახლებიდან დაბრუნებულმა და საბჭოთა კავშირის უმაღლესი ყრილობის დეპუტატმა ინახულა მოწამლულები და განაცხადა:

[ანდრეი სახაროვის ინტერვიუდან] “თბილისში არაერთხელ ვარ ნამყოფი, მაგრამ ახლანდელი ჩამოსვლა რესპუბლიკაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ განაპირობა. ის, რაც აქ მოხდა 9 აპრილს, შემზარავი დანაშაულია... მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა სიმპათიები ქართველი ერის მიმართ. ეს ის ხალხია, ვინც ისტორიის რთულ ქარტეხილებს გაუძლო და დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადობა.”

ანდრეი სახაროვი ყოველთვის იმ ადამიანების მხარეზე იყო, ვისაც სდევნიდნენ და ავიწროებდნენ.

[გალიჩის სიმღერა]

მაშინ, როცა ამ სიმღერის შემსრულებელს, ალექსანდრ გალიჩს, ძალიან უჭირდა, სახაროვმა პოეტსა და მომღერალს ეგრეთ წოდებული “საშინაო კონცერტები” მოუწყო და ასე შეუგროვა ფული.

სახაროვს ყოველთვის აწუხებდა პოლიტიკისა და კულტურის დეჰუმანიზაციის ტენდენცია, რასაც 1968 წელს სტატიაც მიუძღვნა. დღეს, როცა რუსეთში სახაროვის ხსოვნის დღეებს აღნიშნავენ, მისი მეგობრები, კოლეგები, მოწაფეები ამბობენ, ამ სტატიით მან დღევანდელი რუსეთი იწინასწარმეტყველაო. თუმცა რატომ მხოლოდ რუსეთი?

[სახაროვის ინტერვიუდან] “საზოგადოება საჭიროებს ინტელექტუალურ თავისუფლებას, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, მოვლენების განხილვისა და ანალიზის თავისუფლებას, თავისუფლებას ავტორიტეტებისა და ცრურწმენებისგან.”

ნათელია, რომ ანდრეი სახაროვი აქ მხოლოდ საბჭოთა სისტემას არ გულისხმობდა, როგორც ეს ეგონათ მაშინდელ დისიდენტებს. სახაროვი, საერთოდ, ცივილიზაციის მომავალზე მსჯელობს. იგი წერს, ცივილიზაციას ატომური იარაღის გარდა, ეგრეთ წოდებული მასობრივი კულტურით მოწამვლის საშიშროება ელისო. სახაროვი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოში ისევ გავრცელდება “მასობრივი მითები”, რომელიც ათასი რჯულის დემაგოგს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას მისცემს:

[სახაროვის ინტერვიუდან] “ომი, სიღარიბე, ტერორი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის პიროვნებას, იყოს თავისუფლი. მაგრამ არსებობს თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული უფრო ფარული იარაღიც – ადამიანის “გამოთაყვანება” მასკულტურით, გართობისა და უტილიტარიზმის კულტი.”

1968 წელს დაწერილ ამ წერილში სახაროვს ჩამოთვლილი აქვს ის მიზეზები, რომელმაც ამა თუ იმ ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმის დამყარება შეიძლება გამოიწვიოს. ესაა ჯგუფური, ეგოისტური ინტერესების დაპირისპირება, ინტელექტუალური თავისუფლების დათრგუნვა, ხალხში ემოციური და ინტელექტუალური თვალსაზრისით პრიმიტიული მითების გავრცელება.

ანდრეი სახაროვი დარწმუნებულია, რომ ანტიინტელექტუალიზმი, რომელსაც ნერგავს ხოლმე ხელისუფლება თავისი რეიტინგის ასამაღლებლად, ყველაზე სახიფათო ტენდენცია შეიძლება გახდეს კაცობრიობისთვის.

[მუსიკა. გალიჩი]

1968 წელს საბჭოთა კავშირში ნაკლებად აწუხებდათ ეს პრობლემები. ცენზურა იყო, მაგრამ ინტელექტუალებს მეტ-ნაკლებად პატივს სცემდნენ, მათ აზრს ითვალისწინებდნენ. ამიტომაც ანდრეი სახაროვის ამ წინასწარმეტყველებას მაინცდამაინც არავინ მიაქცია ყურადღება. დღეს, როცა ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოშიც - ხელისუფლების წარმომადგენლები ინტელექტუალებზე ქილიკობენ და ხშირად თავად უწყობენ ხელს მასობრივი კულტურის უალტერნატივო გავრცელებას, უხამსობის ტირაჟირებას, თავად მონაწილეობენ ამ “მასობრივი მითების” დამკვიდრებაში, სახაროვის სიტყვები ორმაგად აქტუალური ხდება.

თუმცა ანდრეი სახაროვს ჩვენს ქვეყანაში დღეს თითქმის არავინ იხსენებს. და თუკი ვინმეს გაახსენდა, სახაროვის სახელს, როგორც წესი, რეპლიკა მოჰყვება ხოლმე, ეს ის არაა, საქართველოზე რომ თქვა, მცირე იმპერიააო?
XS
SM
MD
LG