Accessibility links

logo-print

რუსი ლიბერალების თავყრილობა მოსკოვში


მოსკოვში გუშინ, რუსეთის კონსტიტუციის დღეს, გაიმართა შეკრება, რომელზეც თავი მოიყარეს ლიბერალმა პოლიტიკოსებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა.

ეს იყო “სრულიად რუსეთის სამოქალაქო კონგრესი” - რიგით მეორე ასეთი შეხვედრა, რომლის მონაწილეებმაც რუსეთში სამოქალაქო უფლებებსა და დემოკრატიაზე იმსჯელეს.

კონგრესის მონაწილეთა გამოსვლებში ორი საკითხი გამოირჩეოდა - თუ ვიმსჯელებთ მათი ხსენების სიხშირით, ან მათი მნიშვნელობის ხაზგასმით. ერთი იყო მოწოდება ქვეყანაში დემოკრატიული ძალების გაწევრიანებისაკენ, და მეორე - კრიტიკა რუსეთში ავტორიტარული ტენდენციების გამო. [ბელიხის ხმა] “დემოკრატიული პარტიების ლიდერები, ან პოტენციური ლიდერები, აპირებენ გაერთიანებას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთიან დემოკრატიულ პარტიად მონაწილეობას”, - ეს სიტყვები წარმოთქვა ნიკიტა ბელიხმა - მემარჯვენე ძალთა კავშირის ლიდერმა.

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია “მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის” ხელმძღვანელმა ლიუდმილა ალექსეევამ კი აღნიშნა, რომ სრულიად რუსეთის სამოქალაქო კონგრესის მიზანია” წინ აღუდგნენ ადამიანის უფლებათა განუწყვეტელ დარღვევას”.

კონგრესში მონაწილეობდა გარი კასპაროვიც, ცნობილი მოჩადრაკე, რომელიც ბოლო ხანს პოლიტიკაში მოღვაწეობს და პრეზიდენტ პუტინს საბჭოური ყაიდის ტოტალიტარული სახელმწიფოს აღორძინების მცდელობაში ადანაშაულებს. თანამედროვე რუსეთში საბჭოეთის ასოციაცია უჩნდება მიხაილ კასიანოვსაც - რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ის ცდილობს, მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალებისთვის, ვინაიდან ფიქრობს, რომ ქვეყანა ამჟამად არასწორი მიმართულებით ვითარდება... [კასიანოვის ხმა] ეს შეფასება მან როიტერსთან ინტერვიუში გამოთქვა შაბათს, როცა კურსკში ორგანიზებულ მიტინგზე მიემგზავრებოდა.

კასიანოვისთვის ცხადია, რომ საკმარისი არ არის ფაქტებზე მითითება, რომ პოლიტიკოსები ხალხს უნდა ელაპარაკონ, აუხსნან მათ, რა ხდება... [კასიანოვის ხმა] “ხალხთან შეხვედრის, მათთვის ჩვენი პრობლემების ახსნის, სიტუაციის გამოსწორებაზე მსჯელობის შედეგად, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ მხარდამჭერს მოვიპოვებთ განვითარების იმ პრინციპებისათვის, რომელთაც ჩვენ ვაღიარებთ. ვგულისხმობ ევროპულ ფასეულობს - დაწყებულს ადამიანის უფლებებითა და სამოქალაქო უფლებების პატივისცემით, აზრის გამოთქმის შესაძლებლობით”.

შესაძლოა, მიხაილ კასიანოვმა ადრე თუ გვიან მართლაც დაარწმუნოს რიგითი მოქალაქეები ევროპული ფასეულობების მიმზიდველობაში, მაგრამ ეს რომ ადვილი არ იქნება, კურსკის მიტინგზეც გამოჩნდა: [დემონსტრაციის ხმაური, შეძახილები] “ძირს ნარინჯისფერი მიშა! არ გვინდა ფერადი რევოლუცია!”, ასე “შეეგება” დემონსტრანტების ერთი ჯგუფი ყოფილ პრემიერ მინისტრს.

“ნარინჯისფერი”, ცხადია, შემთხვევით არ უხსენებიათ. დემოკრატიული ძალების გააქტიურების, მათი გაერთიანების ყოველ მცდელობას რუსეთში - მეზობლად, საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი რევოლუციების იმიტირების მცდელობად წარმოსახავენ. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, ყველას არ მოსწონს...
XS
SM
MD
LG