Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენს რადიოს უზბეკეთში აკრედიტაცია შეუწყვიტეს


12 დეკემბერს რადიო “თავისუფლებას” უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით შეატყობინა, რომ რადიოს უზბეკეთში აკრედიტაცია შეუწყდა.

ამ აკრედიტაციით მინიჭებული სტატუსით, რადიოს საშუალება ჰქონდა 1996 წლიდან ტაშკენტში საკუთარი ბიურო ჰქონოდა. ამავე დროს, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდივიდუალური აკრედიტაცია შეუწყვიტა რადიო “თავისუფლების” ოთხ ჟურნალისტს, რომლებიც უზბეკეთში ყირგიზეთიდან, თურქმენეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყაზახეთიდან იყვნენ ჩასულები. ახლა სწორედ ამ პრობლემის შესახებ მინდა მოგითხროთ.

რადიო “თავისუფალი ევროპის”/რადიო “თავისუფლების” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი ტრიმბლმა რადიოს ტაშკენტის ბიუროს დახურვა ასე შეაფასა:

[ტრიმბლის ხმა] “უზბეკეთის ხელისუფალთა უსაფუძვლო ქმედება დამატებით ზიანს აყენებს სიტყვის თავისუფლების ისედაც სამწუხარო მდგომარეობას ამ ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი თავდასხმაა პრეზიდენტ კარიმოვის მთარობისა უზბეკი ხალხის მთავარ უფლებებზე. ეს ახალი ზღუდე ხელს ვერ შეუშლის რადიო “თავისუფლებას”, მიაწოდოს უზბეკ და შუა აზიის სხვა ხალხებს - ასევე ყველას, ვინც ჩვენ გვისმენს - ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია უზბეკეთის ვითარებაზე."

რადიო “თავისუფლება” უზბეკეთის შეზღუდულ მედია-სივრცეში 1996 წლიდან მუშაობს. რადიოზე მთავრობის ზეწოლა განსაკუთრებით 13 მაისს ქალაქ ანდიჟანში საპროტესტო აქციის ძალადობრივი ჩახშობის შემდეგ გაძლიერდა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტები აქტიურად აშუქებდნენ ამ მოვლენებს, რომლის დროსაც, უფლებადამცველების განცხადებით, უზბეკეთის მთავრობის ძალებმა ასობით დემონსტრაციის მონაწილე მოკლეს.

ანდიჟანის მოვლენების შემდეგ რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტებს და მათ ოჯახის წევრებს ტელეფონით ემუქრებოდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, დაკითხვებზე იბარებდნენ და ხმის ჩამწერ აპარატურას ართმევდნენ.

სექტემბერში, როდესაც, ანდიჟანის მღელვარების ორგანიზების ბრალდებით, 15 ადამიანს ასამართლებდნენ, უზბეკმა პროკურორებმა რადიო “თავისუფლების”, BBC-ს, Associated Press-ის და Deutsche Welle-ს ჟურნალისტებს ბრალი დასდეს, რომ ისინი ანტისამთავრობო შეთქმულების საქმეში ტერორისტებს ეხმარებოდნენ.

გასულ კვირაში, კონსტიტუციის დღის აღნიშვნისას, პრეზიდენტმა ქარიმოვმა შემდეგი განაცხადა:

[ქარიმოვის ხმა] "ვინ გაავრცელა უზბეკეთის შესახებ სიცრუე მთელ მსოფლიოში? ეს ხომ კარგად დავინახეთ. დღეს სამყაროს ის მართავს, ვინც ძლიერია – ვინც მედიას, საინფორმაციო სივრცეს აკონტროლებს და ვისაც სხვებზე გავლენის მოხდენისთვის საჭირო ბერკეტები აქვს, ის არის მსოფლიოს მმართველი. ჩვენ კი სუსტებად ვრჩებით."

ოქტომბრის მეორე ნახევარში BBC-მ განაცხადა, რომ თანამშრომლების შევიწროების გამო ტაშკენტის ბიურო დახურა. ქვეყანა დაატოვებინეს სხვა საერთაშორისო მედია-ორგანიზაციებსაც – ინტერნიუსს და ომისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტს. 12 დეკემბერს კი უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო “თავისუფალი ევროპის”/რადიო “თავისუფლების” ტაშკენტის ბიუროს შეუწყვიტა აკრედიტაცია. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ რადიო ამუშავებდა შტატგარეშე კორესპონდენტებს, ანუ უცხო პირებს, რომლებიც ჟურნალისტურ მოღვაწეობას აკრედიტაციის გარეშე ეწეოდნენ. ეს კი უზბეკეთის მედიის კანონების დარღვევაა.

საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში განხორციელებული მთავრობის ცვლილების შემდეგ უზბეკეთის მთავრობამ დემოკრატიზაციაზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზეც გააძლიერა ზეწოლა. გასულ წელს უზბეკეთში ღია საზოგადოების ინსტიტუტი დაიხურა; სექტემბერში კი ექვსი თვით დაიხურა საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო, IREX-ი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG