Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვება ბრიუსელში შემდგარ შეხვედრას ეხება.


"ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვება ბრიუსელში შემდგარ შეხვედრას ეხება.

საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები იქ დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანას შეხვდნენ. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა – და ახლა მინდა მოგითხროთ, რა არის ცნობილი ამ შეხვედრის შედეგებზე.

12 და 13 დეკემბერს ბრიუსელში გამართული ევროპის კავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და სამ ქვეყანასთან დადებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების განმტკიცებას ემსახურება. ეს შეხვედრები "თანამშრომლობის საბჭოს" სტატუსით იმართება ხოლმე, თუმცა წელს ეს ფორმატი დაირღვა და შეხვედრას ევროპის კავშირსა და სამ ქვეყანას შორის "პოლიტიკური დიალოგის პროცესში "არაოფიციალური" შეხვედრის სტატუსი მიენიჭა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კვიპროსმა აზერბაიჯანთან უთანხმოების გამო "თანამშრობლობის საბჭოს" ფორმატი უარყო. ოფიციალურ კვიპროსს არ მოსწონს ის, რომ აზერბაიჯანი კვიპროსის თურქულ ნაწილში ავიარეისებს ახორციელებს და რომ იქ კულტურული ცენტრი აქვს.

შეხვედრის სტატუსის "თანამშრომლობის საბჭოდან" "არაოფიციალურ შეხვედრამდე" ჩამოქვეითება, რეგიონული მიდგომიდან გამომდინარე, აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს და სომხეთსაც შეეხო.


შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ გამოთქვა სურვილი, რომ ევროპის კავშირმა უფრო აქტიური როლი შეასრულოს სამხრეთ კავკასიის ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" გადაჭრაში. სოლანას თქმით, შეხვედრამ მას იმედი მისცა, რომ მთიანი ყარაბახისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში მალე პოზიტიური ძვრები მოხდება:


[სოლანას ხმა]: “არის კონფლიქტები, რომლებიც გაყინულია, ზოგი კი - ნაკლებად გაყინული, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება დიდი დახმარება გასწიოს ამ კონფლიქტების მოგვარებაში.”


სოლანამ განსაკუთრებული ოპტიმიზმი გამოხატა მთიანი ყარაბახის მიმართ, სადაც, მისი თქმით, პრობლემის გადაწყვეტის გზა შეიძლება მომავალი წლის დასაწყისშივე გამოჩნდეს. სოლანა აგრეთვე დადებითად გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ირგლივ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს – და მათ "პროგრესი" უწოდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირი მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო გეგმას, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გზას სახავს. ბეჟუაშვილის თქმით, ევროპის კავშირი პრობლემის მოგვარებაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს:


[ბეჟუაშვილის ხმა] "ჩვენ დავაფიქსირეთ ის, რომ ძალიან მადლობელი ვართ ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ უნდა გადავიდეთ უკვე შემდეგ ნაბიჯზე, რაც არის როლის გაზრდა. რასაკვირველია, ჩვენ მიგვაჩნია, – და ეს დღეს დოქტორმა სოლანამაც დაადასტურა, – რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებტან ერთად, ევროკავშირი მიიღებს მონაწილეობას გეგმის განხორციელებაში." (სტილი დაცულია)


გელა ბეჟუაშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ლიუბლიანაში გამართულ ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში რეალური დახმარება რუსეთმაც აღუთქვა და დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთის მხრიდან სამშვიდობო გეგმის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროგრესისკენ.


შეხვედრაზე განხილულ სხვა საკითხებს შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა შემდეგი ჩამოთვალა:


[ბეჟუაშვილის ხმა] "საზღვრის დაცვის მონიტორინგის ფორმატში ევროკავშირის როლის გაძლიერება, სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება. ვინაიდან კონფლიქტის დარეგულირებაში ზუსტად მისი როლი იქნება ევროკავშირის სახელით გამოსვლა შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში, ჩვენ ასე შევთავაზეთ. – ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ამ თანამშრომლობის ეკონომიკურ ასპექტებზე და დავაყენეთ საკითხი, რომ საქართველომ და ევროკავშირმა უნდა დაიწყოს კონსულტაციები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე."
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG