Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ შეუერთდა საქართველო გაეროს ანტიკორუფციულ კონვენციას


14 დეკემბრიდან ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ, რომელსაც გაეროს წევრი 140 სახელმწიფო შეუერთდა. მათ შორის არ არის საქართველო,

თუმცა კი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ კონვენციასთან მიერთების სურვილი ჯერ კიდევ 2000 წელს გამოთქვა - მაშინ, როდესაც გაეროში ანტიკორუფციული ღონისძიებების ჰარმონიზაციის იდეა გაჩნდა. რა არის გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის ძირითადი არსი და რატომ ყოვნდება მასთან საქართველოს მიერთება?


გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტია, რომლის ძირითადი მიზნების გასაცნობად ინტერვიუ ვთხოვე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორს თამუნა ქაროსანიძეს.


[თამუნა ქაროსანიძის ხმა] ”ამ კონვენციაში შეიძლება 2 ძირითადი მიმართულება გამოიყოს. ერთი არის ქვეყნის შიგნით რა ნაბიჯები გადაიდგას, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია და მისი უფრო ეფექტური გამოძიება. მეორე ნაწილი მუხლებისა ადგენს, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის, რომ მათ შეუწყონ ხელი კორუფციული ფაქტების გამოვლენას და მათ გამოძიებას.”(სტილი დაცულია)


სანამ იმაზე ვილაპარაკებ, რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ამ კონვენციასთან საქართველოს მიერთება, მანამდე თქვენს ყურადღებას გავამახვილებ საქართველოს კანონმდებლობისა და გაეროს ანტიკორუფციული კონვენციის მოთხოვნების ჰარმონიულობის საკითხებზე. ყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კახა უგულავას განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო ანტიკორუფციულ მოთხოვნებს მნიშვნელოვნად შეესაბამება და ეს ევროსაბჭოში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დამსახურებაა:


[კახა უგულავას ხმა] ”ევროპის საბჭოში ასეთი მექანიზმი არსებობს, რომელსაც შემუშავებული აქვს უნიფიცირებული წესები და სამოქმედო გეგმა. ჩვენთან სულ მიდიოდა მუშაობა და, ასე თუ ისე, პრინციპში, შესაბამისობაში ვართ და უფრო წინ ვართ, ვიდრე დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც გაეროს კონვენციას შეუერთდებიან.”(სტილი დაცულია)


თუმცა არის ისეთი საკითხები, რომელებიც ჯერ კიდევ განასხვავებს საქართველოში მოქმედ ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და გაეროს კონვენციის მოთხოვნებს. მაგალითისთვის გამოდგება საჯარო მოხელის მცნება. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლის თამუნა ქაროსანიძის განმარტებით, გაეროს კონვენციის შესაბამისად, საჯარო მოხელედ განიხილება საჯარო სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი თუ ეგრეთ წოდებული მოწვეული სპეციალისტი. ქართული კანონმდებლობა კი ჯერჯერობით ამ ნორმას არ ითვალისწინებს, ისევე როგორც არ ითვალისწინებს, მაგალითად, იურიდიული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მცნებას.


[თამუნა ქაროსანიძის ხმა] ”გარდა კანონმდებლობისა, ამ კონვენციაში არის გამოყოფილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის არის სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა და კონვენციაში კონკრეტული მექანიზმებია ჩადებული, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს სახელმწიფო ფინანსები. ასევე აქ არის მოცემული საჯარო სამსახურში თანამდებობის პირთა დანიშვნის საკითხები, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს. და თუ საქართველო მიუერთდება ამ კონვენციას, საჯარო სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება. ”(სტილი დაცულია)


გაეროს ამ კონვენციასთან შეერთება 2003 წელს ვარდების რევოლუციამ შეაფერხა, თუმცა 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს გაეროს ანტიკორუფციულ კონვენციასთან შეერთებას სთხოვდა. გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე არ ჩანს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერა, რომლის გარეშეც საკითხი პარლამენტში სარატიფიკაციოდ არ დადგება.
XS
SM
MD
LG