Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პროფესია - ”სოციალური მუშაკი”


საქართველოში სულ მალე ახალი პროფესია გაჩნდება - ”სოციალური მუშაკი”. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოამზადებენ უმაღლესი განათლების სპეციალისტებს,

რომლებიც ხელს შეუწყობენ მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, დაიცავენ მათ ინტერესებს და იბრძოლებენ მათი უფლებებისათვის. ამ კვირაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ბრიტანეთის შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებმაც ქართველ სოციოლოგებთან ერთად სოციალური მუშაკის სწავლების პროგრამა უნდა შეიმუშაონ. მე მომეცა საშუალება გავსაუბრებოდი ამ დელეგაციის წევრს ქალბატონ ჯო ლუკაჩს, რომელიც რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ეწვია.


ქალბატონი ჯო ლუკაჩი ამ პროექტზე 1998 წლიდან მუშაობს, თუმცა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებას ორმა ფაქტორმა შეუშალა ხელი: საქართველოს ყოფილი ხელისუფლება მაინცდამაინც არ გამოხატავდა სოციალური მუშაკის მომზადების სურვილს და ევროკავშირიც პასიურობდა (სოციალური მუშაკის სწავლება სწორედ ევროკავშირის ფონდებიდან ფინანსდება). ამჟამად ევროკავშირმაც გამოიჩინა ინიციატივა და საქართველოს ახალმა ხელისუფლებამაც, რომელიც, ჯო ლუკაჩის აზრით, დაინტერესებულია იმით, რომ ქვეყანაში სოციალური მუშაკის კადრები მომზადდეს.


დღესვე შეიძლება იმის თქმა, რომ პროფესიონალი სოციალური მუშაკი, გარკვეული თვალსაზრისით, ხელს შეუწყობს პოპულისტი პოლიტიკოსების განდევნას ქართული პოლიტიკური სივრციდან. ჩვენთან საუბარში ქალბატონი ჯო ლუკაჩი ამ მოსაზრებას ადასტურებს და ამბობს, რომ პოპულისტ პოლიტიკოსსა და სოციალურ მუშაკს შორის პრინციპული განსხვავება არსებობს:


[ჯო ლუკაჩის ხმა] ”პოპულისტი პოლიტიკოსი სამომავლო გეგმებზე მსჯელობს და ხალხს, ძირითადად, დაპირებებს აძლევს. სოციალური მუშაკი კი დღევანდელობაზე, კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ ოჯახებზე აკეთებს აქცენტს. ისინი ინდივიდუალურ, რეალურ და პრაქტიკულ სამუშაოს ატარებენ და ამით ადამიანებს აძლევენ საშუალებას, გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება. როცა ადამიანი დაინახავს, რომ სოციალური მუშაკი ხალხს კონკრეტულ საქმეს აკეთებინებს, პოპულისტ პოლიტიკოსებს ის უკვე აღარ დაუჯერებს.”


სოციალური მუშაკის მომზადება, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, სამართლის გარდა, მოითხოვს სპეციფიკური დისციპლინების სწავლებასაც - როგორ შეიძლება ადამიანის წახალისება, მისი დაიმედება... შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანებთან ურთიერთობის პროფესიაა:



[ჯო ლუკაჩის ხმა] ”სოციალური მუშაკი - ძალზე მნიშვნელოვანი პროფესიაა. და არამარტო ისეთ ტრანზიტულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. საქართველოს, რომელმაც მძიმე დრო გამოიარა, ეს პროფესია სწორედ ახლა სჭირდება. ზოგიერთები სწრაფად მდიდრდებიან, მაგრამ ბევრი ადამიანი კვლავაც ღარიბია და ისინი გარიყულები არიან საზოგადოებისგან. ის ხალხი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში გაუცხოებული იყო საზოგადოებისგან, კვლავაც ჩრდილში იმყოფება. ეს პროფესია იმისათვისაა საჭირო, რომ სოციალურ უსამართლობას ებრძოლოს და დაამტკიცოს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლება და თანაბარი როლი აქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.”



ქალბატონ ჯო ლუკაჩს ვკითხეთ, არსებობს თუ არა სოციალური მუშაკის იდეალი, არის თუ არა მსგავსება ამ პროფესიის ადამიანებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


[ჯო ლუკაჩის ხმა] ”ძალზე რთულია იდეალური სოციალური მუშაკის ტიპის დადგენა, რადგან სოციალურ მუშაკს სრულიად განსხვავებულ ჯგუფებთან უწევს მუშაობა - ბავშვებთან, მოხუცებთან, ინვალიდებთან, ნარკომანებთან. ყველა ჯგუფი სპეციფიკურია, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სოციალური მუშაკი უნდა გამოირჩეოდეს ოპტიმიზმით, იმის რწმენით, რომ ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება.”


”არ განსაჯო” - სოციალური მუშაკის დევიზია. ქალბატონი ჯო ლუკაჩის თქმით, სოციალურმა მუშაკმა კარგად უნდა გაიაზროს, ამა თუ იმ ადამიანის საქციელი საზოგადოების ერთი ჯგუფისთვის - თუნდაც უმრავლესობისთვის - არის მიუღებელი, თუ კანონს ეწინააღმდეგება. თუმცა სოციალურ მუშაკს, თუკი კანონი სტრესულია და ხელს უშლის ადამიანების ინტეგრაციას საზოგადოებაში, შეუძლია აცნობოს ეს ხელისუფლებას და მოითხოვოს კიდეც მისგან კანონის შეცვლა. საქართველოში, სადაც ადამიანების განსჯა უმრავლესობის ცხოვრების სტილი გახდა, სოციალურ მუშაკს შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს საზოგადოების ცნობიერებაზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG