Accessibility links

logo-print

რუსთაველი მეეზოვეები გაიფიცნენ


საქართველოში გაფიცვებით, მიტინგებითა და საპროტესტო აქციებით ვერავის გააკვირვებ. ამ მხრივ ქვეყანა, შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრასაც კი იმსახურებს.

ვინც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ადევნებს თვალყურს, უთუოდ შეამჩნევდა, რომ უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში იშვიათად გამოერევა ხოლმე ისეთი დღე ან კვირა, როცა დედაქალაქში, ან რომელიმე რაიონულ ცენტრში, საპროტესტო აქცია არ იმართება.

საპროტესტო აქციათა გეოგრაფიულ რუკაზე სულ ახლახან გამოჩნდა რუსთავი, სადაც, არც მეტი არც ნაკლები, მეეზოვეები გაიფიცნენ...

მეეზოვის შრომა საქართველოში დიდად არასოდეს ფასობდა, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მწირი გასამრჯელოს სანაცვლოდ საცხოვრებელი კორპუსებიდან თუ ქუჩებიდან ყოველდღიურად გააქვთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები. მეტიც, ბოლო დროს, როგორც ჩემს მიერ გამოიკითხული მოქალაქეები ამბობენ, რუსთაველი მეეზოვეები სამაგალითოდაც ირჯებიან.

[ბატონ როინის ხმა] “იშვიათად გაჰქონდათ. თვეში კი არადა, თვენახევარში ერთხელ გაჰქონდათ. ივსებოდა ხოლმე ბუნკერები. ეზარებოდათ კიდეც, სადაც მეტი სამუშაო ჰქონდათ, იქ აღარ მიდიოდნენ... 3-4 თვეა, რაც გამოსწორდა. სისტემატიურად, ორ კვირაში ერთხელ მაინც გააქვთ.“

ბატონი როინი რვასართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს, ხოლო ბუნკერი, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები გროვდება, მისი ფანჯრების გვერდითაა განთავსებული. რომ არა კეთილმოწყობის სამსახურის გამართული მუშაობა, პირველ სართულზე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდაო, ამბობს ბატონი როინი, თუმცა რუსთაველი მეეზოვეების გაფიცვამ მარტო იგი როდი შეაფიქრიანა.

[ქალბატონი სხმა] „ნუ, რა პრობლემებს? ცხადია, ანტისანიტარია შეიქმნება, თუ ნარჩენები მალ-მალე არ გაიტანეს“.

მაინც რას ითხოვენ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, რომელთა უმეტესობა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ქალაქსა და თანაქალაქელებს?

[მამაკაცის ხმა] „სანამ არ მოგვცემენ ნოემბრის ხელფასს, სამსახურში არცერთი კაცი არ გავა. მოგვცენ ხელფასი და ხეების გადაბელვის ფულიც მოგვცენ.“

[მამაკაცის ხმა] „თანხა გადმორიცხულია ბიუჯეტიდან, როგორც წეღან მერიის წარმომადგენელმა გვითხრა, მაგრამ ჩვენამდე ერთი თეთრიც კი არ მოსულა“.

რუსთავის ვიცე-მერი კახა თხელიძე ამბობს, რომ ადგილობრივმა ბიუჯეტმა კეთილმოწყობის სამსახურის სახელფასო ფონდი სრულად დააფინანსა. ვიცე-მერის ვარაუდით, გაუგებრობა, შესაძლოა, შარშანდელი დავალიანების გასტუმრებამ გამოიწვია.

[კახა თხელიძის ხმა] „რთული პრობლემებია საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით. მე შემიძლია განვაცხადო ერთი რაღაცა, რომ ქალაქის მერიას კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად ყველა საფინანსო ვალდებულება შესრულებული აქვს, ანუ ყველა იმ სამუშაოზე, რაც ჩატარებულია მერიამ თანხა უკვე გადარიცხა. როგორც ჩანს, პრობლემა არის თავად საწარმოში, რომელიც საჭიროებს სერიოზულ შესწავლას და დასკვნები ამის მერე იქნება გამოტანილი“.

მაგრამ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დასკვნის გამოტანამდე მოცდას არ აპირებენ, ანუ მეეზოვეები კუთვნილი ხელფასების მიღებამდე არ დაასუფთავებენ ქალაქს. აქციამ რუსთავის ცენტრალურ ქუჩებს უკვე დაამჩნია კვალი.

[ქალბატონის ხმა] „ქუჩებში, განსაკუთრებით კი რუსთაველის ქუჩაზე, ნაგავია გამოტანილი ცელოფნებით და დევს ცენტრალური გამზირის გასწვრივ. საშინელია სანახავია!“

როგორც ჩანს, ამგვარი საშინელი სანახაობის ცქერა რუსთაველებს კიდევ დიდხანს მოუწევთ. ყოველ შემთხვევაში კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს ნოემბრის ხელფასის დარიგებას არც მერია ჰპირდება და არც სამსახურის ხელმძღვანელობა, რომელიც სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ შეიცვალა.
XS
SM
MD
LG