Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხედავენ საქართველოში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების გზებს


როგორ ხედავენ საქართველოში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების გზებს? სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული კონფლიქტის მოწესრიგება?

ამ შეკითხვებზე პასუხის მოსაძებნად თბილისში ( სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში) შედგა დისკუსია, არასამთავრობო ორგანიზაცია ”იბერ-ირონის” ინიციატივით . დისკუსიაში საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოაყალიბეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების თავისებური ხედვა.


დავიწყოთ ”ნაციონალური მოძრაობით”. შეხვედრაზე ხელისუფლების - შესაბამისად, მმართველი პარტიის - გეგმა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებისა ირაკლი ქავთარაძემ წარმოადგინა. ამ გეგმას სააკაშვილის გეგმა უნდა ვუწოდოთ. ის პრობლემის 3 წელიწადში გადაწყვეტას გულისხმობს და ცხინვალის რეგიონს იმაზე მეტ ავტონომიას სთავაზობს, რაც ჩრდილოეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში აქვს.


[ირაკლი ქავთარაძის ხმა] ”სამხრეთ ოსეთს უნდა შევთავაზოთ ფართო ავტონომიის სტატუსი. ეს სტატუსი მათ უფრო მეტ უფლებებს მისცემს, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთს გააჩნია. ცხინვალის რეგიონს უნდა ჰქონდეს ავტონომიის კონსტიტუციური გარანტია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი შტოსა და პარლამენტის პირდაპირი და თავისუფალი არჩევის უფლებით განისაზღვრება. ”


სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში პარლამენტი იქნება მაკონტროლებელი მთელი რიგი ისეთი საკითხებისა, როგორიც არის კულტურის, განათლების, სოციალური პოლიტიკის საკითხები, საზოგადოებრივი წესრიგი, თვითმმართველობა, გარემოს დაცვა და ასე შემდეგ. რეგიონის მოსახლეობას ეყოლება წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში. ოსურ ენას მიენიჭება განსაკუთრებული სტატუსი. სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, დღესასწაულები მოემსახურება ოსების კულტურული და ეთნიკური მემკვიდრეობის დაცვას. მმართველი პარტიის გეგმაშია ყოფილი ოლქისთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შეთავაზება, აგრეთვე ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთთან მიმოსვლის რეჟიმის გამარტივება. როკის გვირაბზე ერთობლივი კონტროლის განხორციელების შემთხვევაში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენა. საქართველოში შემოსული ინვესტიციების დიდი ნაწილის კონფლიქტურ რეგიონში გადასროლა, რეგიონის სოციალ-ეკონომიკური რეაბილიტაციის მიზნით. იქ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ხელშესაწყობად ერთობლივი რეაბილიტაციის ფონდის შექმნა და ასე შემდეგ. გეგმა, პირველ რიგში, სამთავრობო დონეზე მხარეთა წარმომადგენლების შეხვედრების გააქტიურებას და რეგიონის დემილიტარიზაციის მიღწევას ითვალისწინებს. როგორც უკვე ვთქვით, ის 3 წლიანია, ანუ ომით და წლებით დამძიმებული პრობლემის გადაწყვეტას 3 წელიწადში გულისხმობს და ეს სიჩქარეა გაუგებარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის. სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გამართულ შეხვედრაში მონაწილე მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება ომსა და მშვიდობას შორის საბოლოო არჩევანის გაკეთების აუცილებლობაზე გაამახვილა (რა თქმა უნდა, მშვიდობის სასარგებლოდ).


[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთი წლის წინანდელი მოვლენების გათვალისწინებით, გამოვკვეთოთ ჩვენი მკაფიო გადაწყვეტილება და ამ მკაფიო გადაწყვეტილებაში დავარწმუნოთ ყველა მხარე.”


რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ, ამაზე უკვე ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა:


[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”მონანიება და აღიარება შეცდომების არ არის სისუსტე , პირიქით, ეს არის სიძლიერე. ოსური მხარე ამას ელოდება და შარშანდელი მოვლენების აღიარება, მე ვფქირობ, სერიოზულ ნდობას გამოიწვევს ოსურ მოსახლეობაში.”


საქართველომ უნდა მოინანიოს ის, რაც ყოფილ ავტონომიურ ოქლში 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა და 2004 წლის ზაფხულის მოვლენებიც. - პაატა ზაქარეიშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ასეთი ნაბიჯი მოიტანს ოსური მოსახლების ნდობას ქართველებისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი. მისივე აზრით, ხელისუფლებას უნდა ეყოს ძალა გამოასწოროს წლების წინ დაშვებული კიდევ ერთი უმძიმესი შეცდომა და, ხანდაზმულობის მიუხედავად, ხელახალ წარმოებაში დააბრუნოს ის სასამართლო საქმეები, რომლებზეც ეთნიკური ნიშნის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. წინა ხელისუფლებას ამის ძალა არ ეყო. პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ამის ძალა დღევანდელ ხელისუფლებას უნდა ეყოს.
XS
SM
MD
LG