Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვალა თუ არა საინვესტიციო გარემო საქართველოში


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2005 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით,

თითქმის განახევრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. წლის მეორე ნახევარში საქართველოში ”ლუდსახარშ ნატახტარის” საწარმო გაიხსნა, 14 დეკემბერს კი ავსტრიული ინვესტიციის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მოცულობა 14 მილიონ ევროს შეადგენს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდა?

14 დეკემბერს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ოფისში 14 მილიონი ევროს საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ავსტრიის კომპანია “კარ შირნ ჰოფერი” მცხეთაში საერთაშორისო სტანდარტების ხორცის გადამამუშავებელი მაღალტექნოლოგიური ქარხნის აგებას გეგმავს. პროექტის პრეზენტაციას თან მოჰყვა ქარხნის საძირკვლის სიმბოლური გაჭრა და იქ ამ ისტორიული ფაქტისადმი მიძღვნილი კაფსულის ჩაფლობა.

ეს უკვე მეორე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომლის განხორციელებაც ბოლო 6 თვის მანძილზე მცხეთა-მთიანეთის მხარეში დაიწყო. პირველი იყო ”ლუდსახარში ნატახტარი”. მე იმის გასარკვევად, მოასწავებს თუ არა ასეთი საინვესტიციო აქტივობა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, ეკონომიკის რამდენიმე ექსპერტს გავესაუბრე. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლის კახა იმერლიშვილის განცხადებით, ერთეული შემთხვევები საინვესტიციო გარემოს ბარომეტრად არ გამოდგება:

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”ინვესტორს, რომელიც შემოდის აქ, აინტერესებს ერთადერთი რამ - მოგების მიღება და თავისი ბიზნესის გაფართოება. როდესაც საქართველოში არის საკმაოდ მაღალი რისკების დონე, არც ერთი ინვესტორი არ ისურვებს ინვესტიციების ჩადებას. თუმცა გარკვეულ რისკზე მაინც ხდება წასვლა. ეს ინვესტიციები, რაც შემოდის, ძალიან კარგია, მაგრამ, ზოგადად, საინვესტიციო ფონი დადებითი და კარგი ნამდვილად არ არის.”


კახა იმერლიშვილი არახელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს ახალ საგადასახადო კოდექსს, რომელმაც აქციზური საქონლის მწარმოებელ კომპანიებს საწარმოების გაჩერებისკენ უბიძგა. ასევე ძირითად მიზეზთა შორისაა კონტრაბანდა, კრიმინალური ვითარება და სხვა ფაქტორები, რაც არასტაბილურ და ბიზნესისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის.


სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ვასილ მანაგაძე:


[ვასილ მანაგაძის ხმა] ”ყველა დიდი, სერიოზული ინვესტორი, ვინც იყო დღეის მდგომარეობით, ყველა აგრძელებს მუშაობას და ვითარდებიან და წინ მიდიან და ახალი ინვესტორებიც მოდიან. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ისეთი გარემო შეუქმნას ინვესტორებს, რომ მათთვის მომხიბვლელი იყოს საქართველოში ფულის ჩადება. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ გარემო იდეალური არ არის, მაგრამ ნორმალურია და დღითი დღე უმჯობესდება.”(სტილი დაცულია)


ვასილ მანაგაძის ასეთ ოპტიმისტურ შეფასებას არ ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. მისი აზრით, საინვესტიციო გარემო რომ უმჯობესდებოდეს, საქართველოში ნავთობსადენის მშენებლობისას დაბანდებული კაპიტალი არსად გაუჩინარდებოდა და მისი რეინვესტირება მოხდებოდა:


[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”გადადიოდა ხელიდან ხელში, ქვეკონტრაქტორიდან სხვა ქვეკონტრაქტორის ხელში და ამასობაში ეს საინვესტიციო რესურსი ვიღაცების ჯიბეებში თუ ანგარიშებზე იყრიდა თავს და მას უნდა გაეკეთებინა მომდევნო ბრუნვები. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენთან ბიზნესის კეთება გახდა ძალიან სარისკო საქმე, საინვესტიციო რესურსებმა საქართველოში ბრუნვა არ დაიწყო. მათი ნაწილი წავიდა მოხმარებაში და დიდი ნაწილი, უბრალოდ, გაგვეპარა ისევე, როგორც თითებს შორის იპარება წყალი.”(სტილი დაცულია)

საწინააღმდეგოს ამტკიცებს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე. მისი ინფორმაციითაც, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ინვესტიციების ზრდის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო მეოთხე ადგილზეა, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის შემდეგ.
XS
SM
MD
LG