Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ


საქართველოს პარლამენტში „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას მეცნიერებმა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია წარუმძღვარეს.

კანონპროექტზე დეპუტატები პარასკევს იმსჯელებენ, მანამდე კი, საპროტესტო აქციის პარალელურად, 14 დეკემბერს განათლების საპარლამენტო კომიტეტი მეცნიერ–თანამშრომელთა თხუთმეტკაციან ჯგუფს კონსულტაციისთვის კიდევ ერთხელ შეხვდა. მეცნიერები პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შეჩერებას და ახალი კომპრომისული ვარიანტის შემუშავებას ითხოვენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი უკან დახევას არ აპირებს. დღეს ამ სამინისტროს პოლიტიკის წინააღმდეგ მეცნიერების გარდა, პედაგოგ–მასწავლებლებიც გამოვიდნენ.


განათლების სამინისტრო მეცნიერებისა და პედაგოგების პრეტენზიებს ჩვეული სიხისტით ხვდება. სამინისტრო და პარლამენტი მეცნიერების საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, კანონპროექტის პრინციპულ შეცლას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა ლომაიამ დღეს მკაფიოდ განაცხადა, რომ მეცნიერებმა არჩევანი დამოუკიდებელ და ძველ ბიუროკრატიულ სისტემას შორის თავად უნდა გააკეთონ. სხვაგვარად ფიქრობენ თავად მეცნიერები, რომლებიც მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო ინსტიტუტების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნაში არა მარტო მეცნიერებათა აკადემიის დაშლის საფრთხეს, ქვეყანაში მეცნიერების განადგურების საფრთხესაც ხედავენ.


[აქციის მონაწილის ხმა]“ სამინისტროში შედის სკოლები, რომელთაც შეიძლება იმუშაონ ყველამ ერთი პროგრამით. მაგრამ როგორ შეიძლება განათლების სამინისტროში იყოს გეოლოგიის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ქიმიის ინსტიტუტი, რომელთაც მკვეთრად განსხვავებული ისა აქვთ. და ეს კორელაცია, ეს დაკავშირება მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებათა აკადემიაში ხდება. მეცნიერება რომ განვითარდეს, ამიტომ მას სჭირდება კორელაცია. და ამიტომ საჭიროა მეცნიერებათა აკადემია.“


[აქციის მონაწილის ხმა]“ იქნები მათ მფარველობაში, ესე იგი სამინისტრო, რასაც უნდა, იმას მოგახვევს თავზე და არაფერს არ გაითვალისწინებს, რაც სჭირდება მეცნიერებას. იქ, ალბათ, თემატიკა, ყველაფერი იქნება იმათზე დამოკიდებული: უნდათ, მოგცემენ, არ უნდათ, არ მოგცემენ. საერთოდ, შეიძლება თხუთმეტ კაცამდე დაიყვანონ და თქვან, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ ათმა კაცმა, დანარჩენი არ გვჭირდებაო. გაუგებრობაა, ჩვენ თვითონაც ვერ ვხვდებით, რა უნდათ. მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდათ ჩვენი შენობები.“(სტილი დაცულია)


მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ კანონპროექტის საკვანძო მუხლებიდან მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია სამეცნიერო ინსტიტუტების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლისა და, სურვილის შემთხვევაში, კვლავ აკადემიის სტრუქტურაში დაბრუნების პერსპექტივა.

[აქციის მონაწილის ხმა]“ მოვითხოვთ იმას, რომ თვითგამორკვევის რეალური უფლება მოგვცენ. არა ისე, როგორც მათ უნდათ, რომ უამრავი წინააღმდეგობა შექმნან ისე, რომ ვეღარ შევძლოთ მერე არჩევანის გაკეთება. შეიძლება მერე ქონების გარეშე დაგვაბრუნონ აკადემიაში. ქონების გარეშე როგორ შეიძლება, რომ სამეცნიერო კვლევა წარმოებდეს. ამიტომ, თუ მათ მართლა აქვთ ამის სურვილი, რომ ჩვენ თვითგამორკვევის უფლება მოგვცენ, ეხლავე მოგვცენ. არ გენდობითო, გვეუბნებიან. არ გენდობითო. თვითონ ჩაატარონ ეს გამოკითხვა და ნახავენ,ხალხს რა უნდა.“(სტილი დაცულია)


მეცნიერული საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დიალოგი მეტ–ნაკლები წარმატებითა და მეტ–ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს. 14 დეკემბერს მეცნიერთა ერთი ნაწილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში მოლაპარაკების საწარმოებლად პირდაპირ საპროტესტო აქციიდან ავიდა. მათ ინიციატივებს კომიტეტის თავმჯდომარე ამჯერადაც გამოკვეთილი პოზიციით დახვდა:


[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა]“ კომპრომისი კი არა, შესანიშნავი კანონი შევთავაზეთ. რაც შეეხება ამ საკითხში კომპრომისს, აქ არ დგას ეხლა პოზიციიდან უკან დახევა–არდახევის საკითხი. დგას სახელმწიფო ინტერესი და დგას კორპორაციული ინტერესი. ჩვენ ვამბობთ, კანონები უნდა იქმნებოდეს მეცნიერისთვის და არა მეცნიერების ორგანიზატორებისთვის.“


ვისთვის ტარდება განათლების რეფორმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში? ეს დღეს საზოგადოების მიერ დასმული კიდევ ერთი აქტუალური შეკითხვა იყო. საქართველოს რეგიონებიდან პედაგოგთა პროფკავშირების ინიციატივით შეკრებილმა მასწავლებლებმა პარლამენტისწინა მოედანი მეცნიერთა დაშლის შემდეგ დაიკავეს. ისინი განათლების სამინისტროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობის გაზრდას, მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას და თითო კლასში ბავშვთა მაქსიმალური ოდენობის ნორმატივის დადგენას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG