Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშის მორიგი მოხსენება ერაყში აშშ-ის პოლიტიკაზე


ერაყის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ეს არჩევნები ქებით მოიხსენია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა: მისი შეფასებით, ერაყელი ხალხი დემოკრატიზაციის გზას ადგას,

ხოლო არჩევნები არის ქვეყნის სუვერენობისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი.

ბუშის მოხსენება, რომლითაც ის ვაშინგტონში გამოვიდა, ერაყის შესახებ მეოთხე გამოსვლა იყო სულ რაღაც ორი კვირის მანძილზე. ექსპერტების შეფასებით, ეს არის რეაქცია მზარდ კრიტიკაზე ერაყში ომის მისამართით: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელების უმრავლესობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია ერაყში გამარჯვების ნათელი გეგმა. შესაბამისად, აშშ-ის კონგრესის წევრები ჯორჯ ბუშს მოუწოდებენ, წარმოადგინოს ერაყიდან ჯარების გაყვანის კონკრეტული განრიგი. გარდა ამისა, ზოგი კონგრესმენი მას აკრიტიკებს ერაყში ომის დაწყებამდე მასობრივი განადგურების იარაღზე ინფორმაციის “მანიპულაციის” გამო.

ჯორჯ ბუშმაც, გუშინდელ გამოსვლაში, პირდაპირ უპასუხა კრიტიკულად განწყობილ კონგრესმენებს: [ბუშის ხმა] “ყველაზე უფრო უპასუხსიმგებლო განცხადებები სადაზვერვო ინფორმაციის მანიპულირებაზე გაკეთდა იმ პოლიტიკოსების მიერ, ვინც იმავე სადაზვერვო ინფორმაციას გაეცნო, რომელსაც მე ვიცნობდი და მაინც მხარი დაუჭირა სადამ ჰუსეინის წინაღამდეგ ძალის გამოყენებას. მათი ამჟამინდელი ბრალდებები - უბრალოდ, პოლიტიკის სამსახურში დგას და საზიანოა ჩვენი ჯარისკაცების მორალური შემართებითვის”.

მაგრამ შეერთებული შტატები, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არ გადაუხვევს ამჟამინდელი კურსიდან და ერაყიდან წავა მხოლოდ გამარჯვების მოპოვების შემდეგ.

რა სარგებელს მოუტანს ჯორჯ ბუშს ერაყზე საჯარო გამოსვლები ამჟამინდელ ვითარებაში, როცა მისი რეიტინგი შეერთებულ შტატებში სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე დაეცა? ამ შეკითხვით ჩვენმა ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა, ენდრიუ ტალიმ მიმართა ვაშინგტონში განთავსებული პოლიტიკური კვლევის ცენტრის თანამშრომელ ნორმან ორნსტეინს და მისგან პასუხად მიიღო, რომ ბუშის გამოსვლებმა, ცოტაოდენ მართლაც გამოასწორა მისი რეიტინგი. თუმცა, განცხადებები და მოხსენებები საკმარისი არ არის... [ორნსტეინის ხმა] “პრეზიდენტის ბედი, საბოლოო ჯამში, არ არის დამოკიდებული რამდენიმე კარგად ჩამოყალიბებულ, პრინციპულ მოხსენებაზე. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ერაყში. და თუ ამჟამინდელი მიდგომა გაამართლებს, ბუშს არ დასჭირდება მოხსენებები პოლიტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად. თუ არ გაამართლებს - საქმეს ვერც საუცხოო მოხსენებები უშველის”... დაასკვნის ამერიკელი ექსპერტი, რომელიც ჯორჯ ბუშს საკუთარი წარმატების მსხვერპლად მიიჩნევს და აი, რატომ: მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუში პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, მას აღარ სჭირდება ამომრჩევლებისგან მხარდაჭერის მიღებისთვის ბრძოლა. პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით დარჩენა ისედაც შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG