Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


დღეს მსოფლიოს ყურადღება ერაყისაკენ არის მიმართული: იქ საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. 15-ტ მილიონზე მეტ ამომრჩეველს მიეცა საშუალება, განესაზღვრა ახალი ეროვნული ასამბლეის შემადგენლობა.

ეს არჩევნები ითვლება გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენად ერაყის სტაბილიზაციისა და დემოკრატიზაციის გზაზე: პირველად სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ერაყელებმა აირჩიეს პარლამენტი, რომელმაც სრული ვადით, 4 წელი უნდა იმუშაოს.

ზოგ საარჩევნო უბანთან, როგორც ერაყში მყოფი ჟურნალისტები იუწყებიან, დილიდანვე ჩამწკრივდა ამომრჩევლების რიგები. ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტი, სალიმ ჰუსეინი ქალაქ ბაკუბის მახლობელ სოფელში იყო ჩასული. აი, რა უთხრა მას ერთ-ერთმა ამომრჩეველმა:

[ერაყელი ამომრჩეველი ქალის ხმა] “დღეს ერაყში ზეიმია! ტერორს არ ვეპუებით იმისათვის, რომ სტაბილურობას და უსაფრთხოებას მივაღწიოთ. იმედი გვაქვს უკეთესი მომავლისა დემოკრატიულ, გაერთიანებულ ერაყში”.

მაგრამ სტაბილიზაცია, როგორც არჩევნების დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ერაყში რთული პროცესია: უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების მიუხედავად (ერაყის საზღვრები ჩაიკეტა, იარაღის ტარება და მანქანით გადაადგილება აიკრძალა, დაიხურა სკოლები, ბანკები, რესტორნები), ძალადობა ვერც არჩევნების დღეს შეაჩერეს. ბაღდადში, უმეტესწილად, მართალია, სიმშვიდე იყო (შედარებით), მაგრამ აფეთქება მოხდა ე.წ. მწვანე ზონასთან, რომელშიც ოფიციალური უწყებები და საელჩოებია განთავსებული. აფეთქებები აღირიცხრა რამადიში, ტიკრიტში, მოსულში. მოსულშივე, როგორც იუწყებიან, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. ანბარის პროვინციაში უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე დაყოვნდა ზოგი საარჩევნო უბნის გახსნა.

ასე, რომ არჩევნებში მონაწილეობა სახიფათო საქმე ჩანდა. ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი ერაყელი არ შეეპუა ამ საფრთხეს, რამდენმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მაგრამ აშშ-ში ერაყის ელჩი სამირ სუმაიდაიე ჯერ კიდევ კენჭისყრამდე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ამომრჩევლის დიდი აქტიურობა იყო მოსალოდნელი: [სუმაიდაიეს ხმა]

ვარაუდობენ ასევე, რომ ყველაზე მეტი ხმა ერგო მოსახლეობის შიიტური უმრავლესობის პარტიას - ერაყის გაერთიანებულს ალიანსს. მას გარდამავალი პერიოდის პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი ხელმძღვანელობს. [ჯააფარის ხმა] “დღეს ერაყი მთელს მსოფლიოს ატყობინებს, რომ ტირანიაზე ძლიერია ხალხის მისწრაფება დემოკრატიისაკენ. დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ არჩევნებს, დემოკრატია ნიშნავს, რომ ხალხი არჩევნების შემდეგ ყურადღებით გაადევნებს თვალს პარლამენტისა და მთავრობის მუშაობას”.

აქვე უნდა ითქვას, რომ ერაყელ შიიტებს მათმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი სისტანიმ მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისაკენ. არჩევნებში მონაწილეობა სთხოვეს სუნიტებსაც მათმა ლიდერებმა, განსხვავებით იანვარში გამართული არჩევნებისა, როცა გარდამავალი პერიოდის ადმინისტრაციის შემადგენლობა უნდა გარკვეულიყო და სუნიტებმა ბოიკოტი არჩიეს. ერაყელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი- ქურთული უმცირესობა, არჩევნებზე ორი მსხვილი პარტიით იყო წარმოდგენილი.

[ერაყელი ამომრჩეველი მამაკაცის ხმა] “დღევანდელი დღე, ეს არჩევნები ერაყელებისთვის ისტორიული მომენტია. ეს არის ცივილიზებულობის ნიშანი. იმედი გვაქვს, რომ ვიცხოვრებთ სტუბილურ და უსაფრთხოებით უზრუნველყოფილ ერაყში - ჩრდილოეთსა და სამხრეთში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში”, ასე ფიქრობს ერთ-ერთი ამორმჩეველი, რომელიც, ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, ბევრი ერაყელის განწყობას გამოხატავს.
XS
SM
MD
LG