Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტი აპირებს გამოიძიოს, ჰქონდა თუ არა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეები ევროპაში


ევროპარლამენტმა გადაწყვიტა გამოიძიოს, ჰქონდა ან აქვს თუ არა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეები ევროპაში,

სადაც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილებს აკავებდნენ და, ზოგიერთი ცნობის თანახმად, აწამებდნენ კიდეც. ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც დეპუტატებმა მიიღეს 359 ხმით 127-ის წინააღმდეგ, გამოთქმულია მოწოდება საქმის საფუძვლიანი გამოძიებისკენ და ამ მიზნით ევროპარლამენტარები საგანგებო კომისიის შექმნასაც გეგმავენ.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ევროპისა ამერიკის მედიაში ბოლო რამდენიმე კვირაა, ერთი თემა დომინირებს: ევროპის ტერიტორიაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების შესაძლო არსებობის თემა.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" ამ თვენახევრის წინათ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც ვაშინგტონის სადაზვერვო უწყების მიმართ პირველად გამოითქვა ხსენებული ბრალდება, მოჰყვა არა მარტო ათეულობით საგაზეთო სტატია თუ ტელეგადაცემა, არამედ ევროსაბჭოს საგანგებო გამოძიებაც. ამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბოლო წლებში ასობით გაუგებარი დანიშნულების ავიარეისი განახორციელა. არაერთი ვარაუდის თანახმად, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები სწორედ ამ ავიარეისებით გადაჰყავდათ ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც მათ - ისევ და ისევ დაუდასტურებელი ცნობებით - აწამებდნენ კიდეც.

სტრასბურგში გუშინ გამართულ დებატებზე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა სცადა, წერტილი დაესვა გაუთავებელი ბრალდებებისთვის. ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ბრიტანეთის მთავრობის ევროპის საქმეთა მინისტრმა დაგლას ალექსანდერმა განაცხადა, რომ ევროპასა და ამერიკას საერთო ამოცანა აქვთ - ტერორიზმთან ბრძოლა. ალექსანდერის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ამომწურავად უპასუხა ევროკავშირის მიერ ვაშინგტონის მისამართით გამოთქმულ მოწოდებას, საქმის ვითარება განემარტა.

[დაგლას ალექსანდერის ხმა] "საბჭო მიესალმება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის დაწვრილებით ანგარიშს, რადგან ევროპის ყველა ქვეყანა იზიარებს შეერთებული შტატების მისწრაფებას, საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებისას, ტერორიზმის საფრთხისგან დაიცვას უდანაშაულო მოქალაქეები."

შეგახსენებთ: ევროპაში ამასწინანდელი სტუმრობისას, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის გათვალისწინება ევალება აშშ-ის ყველა ოფიციალურ წარმომადგენელს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ანუ შეერთებულ შტატებშიც და მის საზღვრებს გარეთაც. მანამდე პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ წამების აკრძალვა მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე ვრცელდება.

[დაგლას ალექსანდერის ხმა] "ცხადია, რომ წამების საკითხი ამ დისკუსიის საკვანძო ელემენტია. წამება, რა თქმა უნდა, საზარელი რამ არის და მისი აკრძალვა აბსოლუტურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ბრიტანეთის მთავრობა, ისევე, როგორც ევროპის ყველა ქვეყნის მთავრობები, უმკაცრესად ჰგმობს მას. ჩვენ მას არასოდეს მივმართავთ; არასოდეს ვაქეზებთ ვინმეს მის გამოსაყენებლად; და მასზე თვალსაც არასოდეს ვხუჭავთ."

ეს ისევ დაგლას ალექსანდერი გახლდათ, რომელმაც აქცენტი სწორედ წამებაზე გადაიტანა. მაგრამ ევროპარლამენტის დეპუტატებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ წამების გარდა, ასევე უმკაცრესად უნდა დაიგმოს ეჭვმიტანილთა უკანონო დაპატიმრება და დაკავება.
XS
SM
MD
LG