Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ ქართულ პრესაში კვლავაც წამყვან თემად რჩება ცხინვალის დე ფაქტო


დღევანდელ ქართულ პრესაში კვლავაც წამყვან თემად რჩება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერ ედუარდ კოკოითის მოულოდნელი წინადადება.

ოღონდ ამჯერად ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ რა იმალება კოკოითის განცხადების უკან. ამ და სხვა თემებზე დღეს გამოქვეყნებულ რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

”პარალელები - შემთხვევითი თუ ლოგიკური?” - გაზეთი ”24 საათი” ცდილობს გაარკვიოს რატომ იმეორებს კოკოითის მიმართვა საქართველოს არასამთავრობოთა 6 აპრილის მიმართვას. მისი ერთ-ერთი ავტორი, პაატა ზაქარეიშვილი, დღეს ამბობს: ”მაშინ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ პრეზიდენტთან და აღვნიშნეთ, რომ უნდა მომხდარიყო წარსულის პოლიტიკური შეფასება. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, მოულოდნელად ოსეთში ესკალაცია დაიწყო. ვიღაცამ დაარწმუნა პრეზიდენტი, რომ დათმობა საჭირო არ იყო და პირდაპირ შეტევაზე უნდა გადასულიყო. ანუ პრეზიდენტს შესთავაზეს აჭარის ვარიანტი. ამის შემდეგ იძულებული ვიყავით, ჩვენი ესკალაციამდელი შეთავაზებები ღია საჯარო წერილით მიგვეწოდებინა პრეზიდენტისთვის”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. ”24 საათი” დღევანდელ ნომერში მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი ბაღაფშის შესაძლო შეხვედრაზეც წერს: ”მოსალოდნელია, რომ ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი საქართველოს პრეზიდენტისა და დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერის შესაძლო შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაღაფშის პროქართულობის შესახებ ილუზია ნელ-ნელა გაქრა, ერთმანეთთან უშუალო დიალოგისას, სავარაუდოა, მხარეებმა შეხების საერთო წერტილები და საერთო ფასეულობები მონახონ. მსგავსი შეხების წერტილი შეიძლება იყოს გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი და იქ არსებული რთული კრიმინოგენური ვითარება (განსაკუთრებით რაიონის ქვედა სოფლებში)”, - წერს ”24 საათი”.

”კოკოითი გვატყუებს?” - კითხულობს ”ახალი თაობა”: ”საქართველოს მიერ მოწონებული კოკოითის გეგმის თანახმად, ქართველებმა უნდა გაწმინდონ საკუთრი რეგიონი ქართული ძალოვნებისა და იარაღისგან, შემდეგ ააღორძინონ სამაჩაბლო და მერე იმარჩიელონ, მოუნდება თუ არა ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებას - უფრო ზუსტად კი, რუსეთს - რეგიონის დაბრუნება ქართულ იურისდიქციაში. ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთსაც და სამაჩაბლოს სეპარატისტებსაც, უბრალოდ, სურთ დროის მოგება, რათა თებერვალში ოფიციალურმა თბილისმა მართლაც არ მოითხოვოს რუსი სამშვიდობოების გაყვანა”, - წერს ”ახალი თაობის” მიმომხილველი.

”ჰყავს თუ არა სააკაშვილს ”ზონდერკამანდა”?!” - ამის გარკვევას შეეცადა ”რეზონანსი” და წერს: ”გუშინ პლენარულ სხდომაზე გოჩა ფიფიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის ინციდენტის დროს გატაცებულმა ქალებმა გამტაცებელში ის პირი ამოიცნეს, რომელმაც საკრებულოს ინციდენტისას ზვიად ძიძიგურს სახეში ხელი ჩაარტყა”, - წერს ”რეზონანსი” და მკითხველს ოპოზიციის მოსაზრებასაც აცნობს: ”ოპოზიციის ინფორმაციით, ეს საკმაოდ რთული სტრუქტურაა, რომელსაც რამდენიმეშრიანი ხელმძღვანელობა გააჩნია”. ლეიბორისტ გიორგი გუგავას თქმით: ”ამ დაჯგუფებას თავის დროზე კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა უშუალოდ ამ ჯგუფებს კირკიტაძე, ვარძელაშვილი და მსგავსი პირები ხელმძღვანელობენ. თუმცა, ცხადია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ისინი უშუალოდ არ იღებენ. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს - სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვები”, - უცხადებს გიორგი გუგავა ”რეზონანსს”.

”საქართველო ნატოში შესვლის პირველ ეტაპზეც არ იმყოფება”, - გაზეთი ”ხვალინდელი დღე” მკითხველს კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რობერტ სიმონსის მოსკოვში გამართული პრესკონფერენციის ზოგიერთ დეტალს აცნობს. ”ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და შუა აზიაში რობერტ სიმონსი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა ინდივიდუალური მოქმედების (აიპაპი) გეგმის შესრულებაზეა დაფუძნებული. ”საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ამ გზის პირველ ეტაპზეც არ იმყოფება”,- აცხადებს სიმონსი”.

”შევაჩეროთ მეცნიერების ნგრევა”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა” და, გუშინ პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში შეხვედრის ამსახველი ინფორმაციის გარდა, მკითხველს სთავაზობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტების კოლექტივების წარმომადგენელთა შეკრების მიმართვას პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი. მიმართვის ავტორები ითხოვენ, რომ საკანონმდებლო წინადადებების მომზადებისას გათვალისწინებული იყოს სამი მოთხოვნა: ”1. ინსტიტუტებმა მათთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შემდეგ თავად გადაწყვიტონ, დარჩნენ აკადემიის შემადგენლობაში თუ გავიდნენ აკადემიის სისტემიდან; 2. სამეცნიერო პერსონალის ხელფასების გაზრდა მოხდეს არა ინსტიტუტების თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირებით, არამედ ბიუჯეტის გაზრდის ხარჯზე; 3. 2006 წლის ბიუჯეტის პროექტში საბაზო დაფინანსებასთან ერთად გათვალისწინებული იქნეს აკადემიის გრანტული და პროგრამული დაფინანსებაც”. - მეცნიერთა მიმართვას დღეს ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს. გაზეთი აგრძელებს თეიმურაზ ქორიძის სტატიის ბეჭდვას, სათაურით ”16 ნაბიჯი დიქტატურისკენ”: ”არმიის, შინაგანი ჯარის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვისა და საფინანსო პოლიციებისთვის დამსჯელი და დასაშინებელი ფუნქციების მინიჭება დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯებია”, - წერს ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG