Accessibility links

ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის ერთობლივი ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ედუარდ კოკოითის წერილმა საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის რეგიონის მიმართ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული ეკონომიკური რეაბილიტაციის

შეთავაზება გაახსენა, რომელიც ერთობლივ პროექტებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ფინანსური შუამავლობის განვითარებას მოიცავს. რამდენად ეფექტური შეიძლება გამოდგეს ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირება?

ედუარდ კოკოითის წერილმა ექსპერტებს საქართველოს ხელისუფლების ის შეთავაზება გაახსენა, რომელიც თავდაპირველად პრეზიდენტმა გააჟღერა, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში, ბათუმის ორდღიან კონფერენციაზე, რომელშიც ოსური მხარე არ იღებდა მონაწილეობას, კიდევ უფრო დაკონკრეტდა. ეს შეთავაზება, კოკოითის წერილში დაფიქსირებული გეგმის მსგავსად, სამ ეტაპს მოიცავს და, ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციის და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების გარდა, ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციას ითვალისწინებს.

მაგალითად, საუბარი იყო გორი-ცხინვალის სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებათა განახლებაზე. ამ მიმართულებით საქართველოს რკინიგზამ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც კი დაიწყო, თუმცა, ოსური მხარის ინერტულობის გამო, ის ვეღარ გაგრძელდა. ასევე საუბარი იყო ქართულ პორტებში ტვირთის გადაზიდვისთვის რეგიონზე გამავალი ტრანსკავკასიის მაგისტრალის გამოყენების უზრუნველყოფაზე, ასევე არ იყო გამორიცხული რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შეთავაზებაც.

პრეზიდენტი სააკაშვილი რეგიონის მოსახლეობას 1991 წლიდან დაგროვილი საპენსიო დავალიანების გაცემასა და პენსიების იმ დონეზე შენარჩუნებას დაჰპირდა, როგორსაც ოსეთის მხარეს ამჟამად რუსეთის ფედერაცია უხდის.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა სალამაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური შეთავაზება უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არანაკლებ საინტერესო და ეფექტურია ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით კონფლიქტის დარეგულირება. ამასთან, ერთობლივი პროექტების გარდა, სალამაძის აზრით, იმისათვის, რომ ქვეყანა სეპარატისტული რეგიონებისათვის მიმზიდველი იყოს, მათ, პირველ რიგში, საამისოდ ეკონომიკური სტიმული უნდა გაუჩნდეთ:

[ვაჟა სალამაძის ხმა]”საქართველო მეორე მხარისთვის უნდა გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი, ანუ უნდა გაჩნდეს გარკვეული ეკონომიკური სტიმულები, ანუ მეორე მხარეს უნდა აინტერესებდეს საქართველოში ყოფნა გარკვეული პრაგმატული თვალსაზრისით.”

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზების გამოქვეყნების პერიოდში დაიწყო მუშაობა სპეციალურ პროგრამაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პრიორიტეტები მიენიჭება იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფენ. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც საპროექტო წინადადებებს შეარჩევენ და დონორებს წარუდგენენ. შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილის გელა ზოზიაშვილის ინფორმაციით, ამჟამად 6 სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც 3-3 ექსპერტითაა დაკომპლექტებული. თავად პროგრამა კი 6 მიმართულებას ითვალისწინებს (ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სამოქალაქო მშენებლობა, გზების მშენებლობა და ბიზნესი).

[გელა ზოზიაშვილის ხმა] ”სწორედ ხვალ ეწყობა შეხვედრა, საპროექტო წინადადებების განხილვა უნდა მოხდეს, შემდგომში იქნება დონორებთან შეხვედრა. ჩვენ რა მიმართულებებიც გვაქვს არჩეული, ეს არის, ძირითადად, წყალმომარაგების სისტემის დარეგულირება, გაზიფიცირება, რაც ძალიან აწუხებს როგორც ქართულ, ისე ოსურ მოსახლეობას. ასევე ბიზნესში, ასევე ენერგეტიკაში არის საკითხები, რომელსაც სწავლობენ და მუშაობს ექსპერტთა ჯგუფები.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება, ამ პროექტების რეალიზაციით, შეეცდება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ეკონომიკური სტიმული გაუჩინოს, რადგან ეკონომიკური პროგრამების მეშვეობით კონფლიქტის დარეგულირება მსოფლიოში აპრობირებულ ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად რჩება, რომლის გამოყენებას, ჩვენს შემთხვევაში, ფაქტობრივად, ალტერნატივაც არა აქვს.
XS
SM
MD
LG