Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის გაძვირების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ქარის ენერგიაზე ფიქრი დაიწყო


ბუნებრივი აირის გაძვირებამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგიის ალტერნატიული წყაროების ამოქმედებისკენ უბიძგა - ასეთი შინაარსის განცხადება 14 დეკემბერს საქართველოს

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა გააკეთა. მის უწყებას გადაწყვეტილი აქვს მომავალი წლის დასაწყისში ტენდერი გამოაცხადოს, რომელზეც ინვესტორებს საქართველოში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის პირობებს შესთავაზებენ და მათ კომერციულ წინადადებებსაც მიიღებენ. რამდენად პერსპექტიულია საქართველოში ქარის ელექტროგენერაციის განვითარება?

აქამდე ზამთრის პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირი იყო ის ძირითადი ენერგომატარებელი, რომლის მეშვეობითაც საქართველოში ბაზისური ელექტროენერგიის გამომუშავება ხდებოდა. გაზის გაძვირების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ბაზისური ენერგიის გამომუშავების ალტერნატიული წყაროს ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც.

[ისმის ქარის ხმა]

ნიკა გილაურის განცხადებით, ქარის 100 მეგავატიანი ელექტროსადგურები შეიძლება აშენდეს თბილისის ზღვაზე, ფოთთან ახლოს და ხარაგაულის რაიონში, საბუეთის მთაზე. ენერგეტიკის მინისტრის აზრით, ინვესტორთა მხრიდან დაინტერესების გამოჩენის შემთხვევაში, ქარის სადგურების მშენებლობა, შესაძლოა, ერთ-ორ წელიწადში დასრულდეს.

ქარის ენერგიის გამოყენების იდეა არახალია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებით შეწუხებულ ქართველ თუ უცხოელ ექსპერტებს შორის. თუმცა ვარდების რევოლუციის შემდგომ ხელისუფლებას ამ იდეებისთვის დიდი ყურადღება არ დაუთმია, სანამ ბუნებრივი აირით გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება მრავალასეული მილიონი ლარით სუბსიდირებული ენერგეტიკისთვისაც კი ხელმიუწვდომელი არ გახდა.

[არჩილ ზედგინიძის ხმა] ”თქვენ რა გგონიათ, ახლა რომ იძახიან, ჩვენ 1 თეთრად ვიღებთ ელექტროსადგურებიდანო, აბა აშენდეს ახალი სადგური, მინიმუმ 7 ცენტი იქნება, რომ 18 წელიწადში ამოიღონ ჩადებული ფული.”

ეს არის არჩილ ზედგინიძე, ქარის ენერგიის კვლევის ცენტრის, ”ქარენერგოს”, დირექტორი. მან და მისმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის გრანტის ფარგლებში, საქართველოს ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეისწავლა და კვლევის შედეგები წიგნად გამოსცა 1 წლის წინ.”

[არჩილ ზედგინიძის ხმა] ”ძალიან პერსპექტიულია, შეიძლება აშენდეს დაახლოებით 2500 მეგავატი და მივიღოთ 5 მილიარდი კილოვატსაათი -ნახევარზე მეტი, ვიდრე დღეს ჩვენ მოვიხმართ. აი, ასეთი პერსპექტივებია.”

მისი განცხადებით, ქარის ენერგიის თვითღირებულება ახლად შექმნილი ჰიდროენერგიის თვითღირებულებაზე ოდნავ ნაკლებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქცენტი მხოლოდ ქარის ელექტროსადგურებზე უნდა გაკეთდეს. თუმცა, ისევე როგორც ჰიდროენერგეტიკაში, ქარის ელექტროგენერაციაში ინვესტიციების მოსაზიდად სათანადო გარემოს შექმნაა საჭირო. ამაზე საუბრობს განახლებადი ენერგიის ექსპერტი მანანა დადიანი:

[მანანა დადიანის ხმა] ”რა თქმა უნდა, შეფერხება გვაქვს იმაში, რომ ძალიან მაღალი ტარიფია საჭირო ამისთვის და ჯერ განახლებადი ენერგიის კანონი არ არსებობს, სადაც მითითებული იქნება, რომ ქარის მიერ გამომუშავებული ენერგია სისტემამ შეისყიდოს მაღალი ტარიფით.”(სტილი დაცულია)

ენერგეტიკის ექსპერტებს ამ სირთულეების დასაძლევად მოჰყავთ მაგალითი სომხეთის, სადაც ხელისუფლებამ ქარის ენერგიის სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად უამრავი საკანონმდებლო აქტი გამოსცა და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია
XS
SM
MD
LG