Accessibility links

logo-print

როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს?


საქართველოს პროგრესი გასული წლის მანძილზე, საერთო ჯამში, დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ

- ასე შეიძლება შეჯამდეს შეფასებები, რომელთაც ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისია გამოთქვამს. ეს კომისია თვალყურს ადევნებს ევროსაბჭოს წინაშე მისი წევრების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. და აი, მონიტორინგის კომისიამ გუშინ მოიწონა საქართველოს შესახებ ანგარიში, უფრო ზუსტად ანგარიშის პროექტი, რომელზეც იანვრის ბოლოს იმსჯელებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე. მაგრამ იანვრის ბოლომდე დროა - დღეს უკვე შეგვიძლია, გაგაცნოთ საქართველოს შესახებ ამ ტექსტში გამოთქმული შეფასებები.

ანგარიშის თანაავტორები, უნგრეთის წარმომადგენელი მატიაშ ეორში და ბულგარელი ევგენი კიროლოვი, ტექსტს იწყებენ მითითებით გამონაკლისზე, რომელიც საქართველოსთვის დაუშვა ევროსაბჭოს ასამბლეამ წელს, იანვარში მიღებული რეზოლუციით. ამ გამონაკლისს რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, გამოჩნდა მატიაშ ეორშისთან დღევანდელ საუბარშიც: როცა მას ტელეფონით დავუკავშირდი და ვთხოვე, საქართველოს შესახებ მთავარი შეფასებები შეეჯამებინა, ბატონმა ეორშის უარი არ უთქვამს, მაგრამ საუბარი სწორედ გამონაკლისზე დაიწყო:

[ეორშის ხმა] “ევროპის საბჭოს ასამბლეაში საქართველოსთვის დავუშვით უნიკალური გამონაკლისი: მას შემდეგ, რაც შევარდნაძეს ხელი მოეცარა და მიხეილ სააკაშვილი მოექცა ხელისუფლების სათავეში, ჩავთვალეთ, რომ ახალ რეჟიმს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა წინა მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულების დაგვიანების და შეცდომების გამო. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა იმ ვალებულებათა შესრულების ვადები, რომლებიც საქართველომ იკისრა ევროსაბჭოში გაწევრიანებისას. ამიტომ მოვიცადეთ მთელი წელი, ვიდრე პირველი ვადები ამოიწურებოდა, რათა გამოვიტანოთ დასკვნა ამ, ახალი მთავრობის მუშაობაზე. აი, ეს არის ამჟამინდელი მოხსენების მიზანი და თუ ზუსტად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს შეფასებას, უნდა ითქვას, რომ ამ მთავრობას საკმაოდ კარგი წარმატებები აქვს, მაგრამ, რასაკვირველია, სრულყოფილი არავინაა. სულ ორი წელი გავიდა ხელისუფლებაში ამ მთავრობის მოსვლის შემდეგ”.

მაშ ასე, “სრულყოფილი არავინაა”, - ამბობს საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, მათტიაშ ეორში და მის ანგარიშში მართლაც ბევრია ნათქვამი ამ არასრულყოფილებაზე...

თუნდაც ის, რომ საქართველოში ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი რეფომები მთლიანობაში სწორ გზას ადგას, რეფორმების უმეტესობა საწყის სტადიაშია, მთავარი გამოწვევები ჯერაც წინ; ამბიციური გეგმებით, რომელთა განხორციელებაზე მუშაობენ კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან დასაახლოვებლად, უმეტეს შემთხვევაში ჯერ ვერ მიაღწიეს კონკრეტულ შედეგებს. ამასთან, ძალაში რჩება ევროსაბჭოს ასამბლეაზე წელს იანვარში გამოთქმული შეშფოთება იმის გამო, რომ სუსტია ხელისუფლების შემოწმების და დაბალანსების სისტემა: მართალია, მმართველი პარტიის საპარლამენტო ოპოზიცია გაძლიერდა, მაგრამ ის ჯერაც საკმაოდ სუსტია, “ვერ ახერხებს რეალური ალტერნატიური პროგრამის წამოყენებას”, ვკითხულობთ ანგარიშში.

წეღან ითქვა, რომ ბატონ ეორშის ვთხოვეთ საქართველოს შესახებ მთავარი შეფასებების შეჯამება. მან ჩამოთვლა, სწორედ ოპოზიციის როლზე მითითებით დაიწყო. [ეორშის ხმა] “საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა - (მასში არავის ვადანაშაულებ იმიტომ, რომ არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა) არის ის, რომ პრინციპში, საერთო ჯამში, პარლამენტში არ არსებობის ძლიერი ოპოზიცია. და ვფიქრობ, ამის შესაცვლელად საჭიროა, ამჟამინდელმა მთავრობამ შექმნას ინსტიტუციური პირობები - პარლამენტში მოსახვედრად 7-პროცენტიანი ზღვარის 5-თ პროცენტამდე დაწევით. შეიძლება, 4 პროცენტამდე დაწევაც კი ღირდეს იმისათვის, რომ მომდევნო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია იყოს. რადგან ძლიერი ოპოზიციის გარეშე ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს სათანადოდ მუშაობას.”

შემდეგი საკითხი, რომელსაც საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის ანგარიშის თანაავტორი, მატიაშ ეორში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებას, არის აჭარის ავტონომის სტატუსი. [ეორშის ხმა] “მესმის და, შესაძლებელია, მართლაც ისეა, რომ აჭარლებს არ სურთ ავტონომიის სტატუსით სარგებლობა. მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის, შეიქმნას ავტონომიის სტატუსის სამართლებრივი ბაზა აჭარისთვის და არა მარტო აჭარისთვის. ეს იქნება რეალური დაპირება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისათვის, რათა მათ იცოდნენ, რომ როცა ისევ იქნებიან, ოდესმე - იმედია, ახლო მომავალში - საქართველოს შემადგენლობაში, ეცოდინებათ, რომ ისარგებლებენ იმავე სტატუსით. ასე რომ, თუ აჭარა ავტონომიის სტატუსს არ მიიღებს, ეს იქნება არასასურველი მესიჯი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის. და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირებები, რომლითაც ის აბაშიძის პერიოდში გამოვიდა.”

და კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მატიაშ ეორშიმ დაასახელა, სამართლებრივი სისტემის რეფორმა. ამაზე, მოგვიანებით, ალბათ კიდევ ბევრს იტყვიან, მაგრამ სიუჟეტის ბოლოს სხვა საკითხზე შევაჩერებით თქვენს ყურადღებას: რა მოხდება, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს ევროსაბჭოს ამათუიმ მოთხოვნას?

[ეორშის ხმა] “ჩვენ მოველით ქართველი პოლიტიკოსებისაგან - პრეზიდენტისაგან, მთავრობისაგან, პარლამენტის წევრებისაგან - მოუსმინონ ჩვენს არგუმენტებს. ჩვენ არ გვინდა, ვინმეს რაიმეს გაკეთება ვაიძულოთ: გვინდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები სასიკეთოა საქართველოში დემოკრატიისთვის, ქართველი ხალხისთვის, საქართველოს მომავლისთვის. თუ ისინი ასე არ მოიქცევიან, თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს ზოგ რეკომენდაციას, მაშინ ისევ შევეცდებით მათს დარწმუნებას! ჩვენი რეგიონის უკვე ბევრ ქვეყანაში მოხერხდა დემოკრატიის სტანდარტის გაუმჯობესება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელშეწყობით. და ეს არის გზა, რომელსაც საქართველოს ვთავაზობთ.”

ანგარიშში, რომლის ავტორებიც არიან მატიაშ ეორში და ევგენი კირილოვი, საუბარია ევროსაბჭოს ზოგი კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობაზეც. შესაჯამებლად კი, ალბათ, ის შეიძლება ითქვას, რომ მონიტორინგის კომისია საქართველოს მისამართით ქებააც გამოთქვამს და კრიტიკასაც. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, საქართველოს რომელი პოლიტიკური ძალა რომელ ასპექტზე გაამახვილებს ყურადღებას.
XS
SM
MD
LG