Accessibility links

logo-print

მიწისძვრით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია მერიასთან


2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის დროს დაზარალებული თბილისელები ბედთან შეგუებას არ აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მათი ბინების გამაგრებისათვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში არ გაითვალისწინა, ავარიულ შენობებში მცხოვრები ადამიანები მაინც განაგრძობენ ბრძოლას. ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობით შეიარაღებული რამდენიმე ასეული ადამიანი ამჯერად მერიის შენობის წინ შეიკრიბა.

[აქციის მონაწილის ხმა] „ყურადღება ხომ უნდა მოგვაქციონ, მინიმალური ყურადღება მაინც. ნუთუ ცენტრალურ ბიუჯეტში არ უნდა გაეთვალისწინებინათ მიწისძვრით დაზარალებულთათვის ერთი თეთრი მაინც...“

სამი წლის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაზარალებულმა თბილისელებმა მერიის წინ აქცია ორი მიზეზის გამო გამართეს. პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორებმა პოლიციის მიერ დაკავებული თანამებრძოლების - გურამ ურიგაშვილისა და დავით ქიტოშვილის - დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიციის ცნობით, 15 დეკემბერს, საცხოვრებელი ფართის დაკავების მიზნით, სწორედ ეს ორი მოქალაქე შეიჭრა სააქციო საზოგადოება „ელვის“ კუთვნილ შენობაში. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი მედეა, ამბობს, რომ დაკავებულებს კანონი არ დაურღვევიათ, რადგან ისინი ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2002 წლის 23 მაისს გამოცემული ბრძანების საფუძველზე მოქმედებდნენ:

[ქალბატონ მედეას ხმა] „შეხედეთ, პირდაპირ წერია: დაევალოს ქვემოთ ჩამოთვლილ საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს უზრუნველყონ თბილისის მერიისათვის შესაბამისი ფართების გამოყოფა მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დროებით განთავსებისთვის, იმიტომ რომ ქუჩაში დარჩა ხალხი, 22 ათასამდე ადამიანი. აი, წერია, პირველი: „ელვა“, გამოყოს 840 კვადრატული მეტრი.“(სტილი დაცულია)

ქალბატონ მედეას მტკიცებით, მიწისძვრის დროს დაზარალებული ადამიანები ქარხნის ტერიტორიაზე შესვლით ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას შეეცადნენ. აქციის მონაწილენი მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობას გულგრილობის გამო უსაყვედურებენ.

[ქალბატონის ხმა] „ვითხოვთ, რაღაც კაპიკები მოგვცენ, რათა მეზობლების დახმარებით კედლები გავამაგრო, მაგრამ ვინ არის ყურისდამგდები?“(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] „კი, გლობალური საკითხია, მოხდა კატასტროფა, რომლის შედეგები ერთსა და ორ წელში არ აღმოიფხვრება, მაგრამ გავიდა სამი წელი და, საერთოდ, ამოიღეს ბიუჯეტიდან. რისი იმედი გვქონდეს?“

რისი იმედი უნდა ჰქონდეთ მიწისძვრის დროს დაზარალებულ ადამიანებს? მერიის, ცენტრალური ხელისუფლების თუ კერძო ინვესტორის? თბილისის პრემიერმა თემურ ქურხულმა, ჯერ კიდევ ბიუჯეტის დამტკიცებამდე ორი თვით ადრე, ამ კითხვას ასე უპასუხა:

[თემურ ქურხულის ხმა] „ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის მაღალსართულიანი სახლების გამაგრება. დაბალსართულიან სახლებში, ანუ კერძო სახლებში, განხორციელდება საინვესტიციო პროგრამები.”

საინვესტიციო პროგრამები, ცხადია, კერძო ინვესტორებმა უნდა განახორციელონ. თუმცა, მთელი რიგი მიზეზების გამო, კერძო კომპანიები არ ჩქარობენ ორ და სამსართულიანი ავარიული შენობების აღდგენაში ფულის დაბანდებას, ხელისუფლებამ კი, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მოსიძე ამბობს, ხელები დაიბანა:

[გიორგი მოსიძის ხმა] „ბიუჯეტში პრაქტიკულად არ არის ეს პრობლემა ასახული. სიტყვა „მიწისძვრა“ საერთოდ არ არის ნახსენები არც ცენტრალურ და არც თბილისის ბიუჯეტში. საერთოდაც, ხელისუფლება ცდილობს ეს პრობლემა მოიცილოს, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება საპროტესტო მოძრაობა, იმიტომ რომ დაახლოებით მეოთხედი დედაქალაქში არსებული შენობებისა ავარიულია და ხალხი მუდმივი რისკის ქვეშ ცხოვრობს.“

მუდმივი რისკის ქვეშ მცხოვრები ხალხი კი მეტის მოთმენას არ აპირებს. ყოველ შემხვევაში, აქციის ორგანიზატორები მიწისძვრის დროს დაზარალებული ადამიანების დარაზმვას ცდილობენ.

[აქციის ორგანიზატორის ხმა] „დღეს აქ დავრჩეთ დიდხანს. მოვითხოვოთ მერთან შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელოთ საპროტესტო აქციები, ასეთი მერის გადაყენების მოთხოვნით. თუ არ დადგება ხალხის გვერდით, ასეთი ადამიანი ჩვენ არ გვჭირდება.“
XS
SM
MD
LG