Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი მოსამართლეთა ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით


16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველ მოსმენაზე ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი მოსამართლეთა ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების მიღებას 157 ხმა ესაჭიროებოდა, პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას კი მხოლოდ 151 - მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას უმრავლესობის ლიდერები არ ელოდნენ. ისინი შეეცადნენ გაერკვიათ, რა მოხდა, უმრავლესობიდან ვინ არ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის ინიციატივას. მომხდართან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ მითხრა, რომ 16 დეკემბერს პარლამენტში ხმების მობილიზებისას ტექნიკური პრობლემები შეიქმნა და მეტი არაფერი. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა გიგა ბოკერიასთვისაც მოულოდნელი იყო:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”არა, არ ველოდით. უბრალოდ, ხმების მობილიზების საკითხი იყო და არანაირ პრობლემას არ ველოდებით შემდეგ კენჭისყრაზე. ”

ბოკერია აცხადებს, რომ მოსამართლეთა ასაკის შემცირების ინიციატივა ტექნიკურმა პრობლემამ ჩააგდო და არა უმრავლესობის შიგნით საკითხის გამო რაიმე პრინციპულმა უთანხმოებამ. მისი თქმით, უმრავლესობის რამდენიმე წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, მაგრამ მათი ხმები პულტების გაუმართაობის მიზეზით დაიკარგა . პულტების გაუმართაობა საქართველოს პარლამენტში გამორიცხული არ არის, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ინიციატივას მოწინააღმდეგეები მარტო ოპოზიციაში არ ჰყოლია. მოსამართლეთა კორპუსის გაახალგაზრდავებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არც უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელმა დაუჭირა. კენჭისყრა ღია იყო - ამდენად, მათი ვინაობის დადგენა უმრავლესობის ლიდერებს არ უნდა გასჭირვებოდათ.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ” მოტივი არის ასეთი: ვიღაცეები არიან 28 წლის და უნდათ მათი დანიშვნა მოსამართლეებად. ამიტომ ცვლიან კონსტიტუციას. ეს არის ნამდვილად არასერიოზული მიდგომა. არა მარტო ოპოზიცია, უმრავლესობის რამდენიმე წევრიც იყო ამის წინააღმდეგი, მათ მისცეს ხმა წინააღმდეგ. ძალიან შეშფოთდა პარლამენტის ხელმძღვანელობა, მაგრამ შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ”

”კარგია, რომ ეს ასე მოხდაო,” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა. მაგრამ ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ მოსამართლეთა კორპუსის გაახალგაზრდავების გეგმა ჩაიშალა. საკონსტიტუციო ცვლილებები, პირველი მოსმენით ჩავარდნის შემთხვევაში, ხელმეორე კენჭისყრაზე საკითხის სერიოზული განხილვის შემდეგ უნდა დადგეს.


საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკის მინიმალური ზღვარი 35 წლიდან 30 წლამდე უნდა ჩამოვიდეს, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური ასაკი - 30 წლიდან 28 წლამდე. მოსამართლეთა ასაკის გაახალგაზრდავების მოთხოვნას უმრავლესობის წარმომადგენლები საქართველოს სასამართლო კორპუსში დღეს არსებული პრობლემებით ხსნიან.

[გიგა ბოკერიას ხმა] ” ის ხალხი, ვინც მუშაობს ამ სისტემაში, როგორც წესი, უდიდეს უმრავლესობაში, როგორც კვალიფიკაციის, ის რეპუტაციის თვალსაზრისით, შეუსაბამოა იმ ძალიან მაღალ ფუნქციებთან, რომელიც დამოუკიდებელ სასამართლოს უნდა ჰქონდეს. ბალტიისპირა ქვეყნებში მოუწიათ იმაზე წასვლა, რომ დაეშვათ ახალგაზრდა ადამიანების მისვლა სასამართლო სისტემაში. ”(სტილი დაცულია)

ახალგაზრდები რომ უფრო მზად არიან იტვირთონ დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლის ფუნქცია, ვიდრე სასამართლო სისტემაში გამოცდილი ძველი კადრები, ამას, გიგა ბოკერიას თქმით, გამოცდების შედეგებიც ადასტურებს. ”ტრადიციული დემოკრატიების ქვეყნებში ტრადიცია განსაზღვრავს, მოსამართლე პრაქტიკული და ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანი გახდეს. ჩვენ, ამ თვალსაზრისით, ჯერ არატრადიციულ და არანორმალურ ვითარებაშიც კი ვართო,” - დასძენს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი. ასე რომ, მოსამართლეთა კორპუსის გაახალგაზრდავების ინიციატივა დღის წესრიგში რჩება.

აქვე შევნიშნავთ, რომ იზრდება მოსამართლეთა ხელფასები. უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები ყოველთვიურად 4100 ლარს მიიღებენ, მათი მოადგილეები - 3600-3300 ლარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - 3000 ლარს და ასე შემდეგ. პარლამენტმა პარასკევს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტები მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ.
XS
SM
MD
LG